საგების მწერალი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად დავწერდი დღევანდელი ისლანდიის ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელების, მათი მამა-პაპის და კიდევ იმათ წინაპართა ისტორიებს. ეს გულადი ხალხი მართლაც იმსახურებს ამას.
საგა უძველესი სკანდინავიური თხზულებებია, რომლებშიც, სანამ მოქმედ პერსონაჟზე მოგვითხრობდნენ, ლამის ყველა მის წინაპარს ჩამოთვლიდნენ ხოლმე. ეს პატივსცემის ნიშანი გახლდათ საგვარეულოს მიმართ.
განა არ არიან მაგრები?! აბა, რომელს ვიცნობთ პიროვნულად ფეხბურთში?! ალბათ, ევერტონელ გილფი სიგურდსონს, ფეხმარდ ბირკირ ბიარნასონს და რა თქმა უნდა, ნაღდ ვიკინგს, ყველაზე ქარიზმატულ წვეროსანს კაპიტან არონ გუნარსონს. უელსური „კარდიფის“ შუახაზელს, რომელმაც ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე პირობა შეასრულა და პირდაპირ ეთერში წვერი გაიპარსა. მიზეზი ისლანდიელთა პლეი ოფში გასვლა გახლდათ.
დანარჩენები? დანარჩენები იმ დიდი, ნაღდი, გულიანი გუნდის უბრალო, მამაცი მეომრები არიან, რომლებიც უკვე მესამე წელია მთელს მსოფლიოში უყვართ.
ერთი შეხედვით, ნამდვილი სასწაულია. ქვეყნის ნაკრები, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 330 ათასია და წელწადში ლამის 9 თვე თოვლი, ყინვა და ქარბუქია, ხშირად ვულკანებიც იფრქვევა, ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, ახლა კი პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს…
ასე ვთქვათ:
ისლანდია ის ქვეყანაა, სადაც რამდენიმე წლის წინათ ქვეყნის ახალი კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა ფეისბუქითა და სხვა სოციალური ქსელების მეშვეობით მოაწყვეს (შევადაროთ ჩვენს ბოლოდროინდელ საკონსტიტუციო დავიდარაბას)…
ხანდახან ისლანდიას გრენლანდიიდან აისბერგებით მოგზაური თეთრი დათვებიც სტუმრობენ ხოლმე. 2008 წლის მაისში ორი კვირის ინტერვალით ორი დათვი გადმოვიდა კუნძულთან მოახლოებული აისბერგიდან.
ისლანდიელებს არ გააჩნიათ გვარი. მათ მხოლოდ დაბადებისას მინიჭებული საკუთარი სახელი აქვთ და მამის (ხანდახან დედის) სახელი ემატებათ. მაგალითად, მომღერალ ბიორკის გვარი გუდმუნდსდოტირია, ანუ გუდმუნდის ქალიშვილი. ხოლო ფეხბურთელი იოჰან ბერგ გუდმუნდსონი – გუდმუნდის ვაჟი.
ისლანდია ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპრეზებს. მანამდე ასეთი ტრინიდადი იყო (1,3 მილიონი) 2006 წელს.
ისლანდია არის ქვეყანა, სადაც ბალახისსაფარიანი საფეხბურთო მინდვრები გასული საუკუნის 60-იან წლებამდე არ ჰქონდათ…
ზემოთ სასწაული ვახსენეთ, მაგრამ თუ კარგად გავიაზრებთ, ზებუნებრივი ძალები აქ არაფერ შუაშია. ყველაფერი გაცილებით მარტივია.
მოკლედ, ერთხელაც გონიერმა ხალხმა ამ ყინულოვან ქვეყანაში ფეხბურთის აღორძინება გადაწყვიტა, ცხადია მთავრობასთან ერთად. გეგმა დასახეს. განსაკუთრებული არაფერი, ასეთი სხვებსაც გაუკეთებიათ: მოაწყვეს ბევრი მოედანი, სოლიდური ინვესტიციები ჩადეს ბავშვთა ფეხბურთსა და მწვრთნელთა განათლებაში. ოღონდ, ჩვენგან განსხვავებით, ეს ყველაფერი პატიოსნად და ადამიანურად გააკეთეს.
და რა მოხდა? დღეს „ყინულის ქვეყნის“ კლუბები და აკადემიები სავსეა კვალიფიციური სპეციალისტებით. ბოლო მონაცემებით, მათ უეფას A და B ლიცენზიის მქონე 800-ზე მეტი მწვრთნელი ჰყავთ. დაგვეთანხმებით, ასეთი პაწია ქვეყნისთვის ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია. საინტერსოა ისიც, რომ ამ ლიცენზიების არმქონე მწვრთნელებს ბავშვებსაც კი არ აკარებენ…
და ამ დროს ჩვენთან რა ხდება? საკუთარი თვალით მინახავს, კვალიფიკაციას რომ თავი დავანებოთ, ბავშვთა მწვრთნელი ვარჯიშზე „მაგარ პახმელიაზე“ რომ გამოცხადებულა…
ასეა. მერე გვიკვირს ფარერებთანაც რომ დავიწყეთ წაგება და ჯერ კიდევ სად ვართ… თუმცა, მგონი თემას გადავუხვიეთ.
50 წლის ჰეიმირ ჰალგრიმსონი 2013 წლიდან წვრთნის ვიკინგებს. ჯერ შვედი ლარს ლაგერბეკის თანაშემწე იყო. შარშან მათ ერთად დაწერეს „ფრანგული ზღაპარი“, როცა ევრო 2016-ზე მეოთხედფინალში გააღწიეს. ახლა კი ჰალგრიმსონი მარტო უძღვება საქმეს. ეს კაცი შეთავსებით კბილის ექიმადაც მუშაობდა და ძირითადი შემოსავალი კლინიკიდან ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე თვეა ბურღი საბოლოოდ დაკიდა კედელზე და ფეხბურთზე გადაერთო.
„ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო ის არის, რომ საკუთარ სტილს მივაგენით, – ამბობს ჰალგრიმსონი, – ბოლო წლებში ყველა ესპანელებს ბაძავდა. ჩვენც რომ ასე მოვქცეულიყავით, სასაცილოები გავხებოდით, რადგან ისლანდიელი ვერასდროს ითამაშებს ესპანელივით, ან ბრაზილიელივით. ჩვენ საკუთარი მენტალობისთვის შესაფერი სტილი უნდა მოგვეძებნა და ეს შევძელით. ახლა მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეთამაშებით. მთავარია პრიორიტეტები არ შევცვალოთ. მატჩის დროს არ ვფიქრობთ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და გამორჩეული ინდივიდუალისტები არ გვყავს. ჩვენ მძიმე შრომის, ერთიანობისა და ორგანიზებულობის წყალობით ვიმარჯვებთ და ამ კომპონენტებში ყოველთვის ყველაზე ძლიერები უნდა ვიყოთ.“
მართალია ეს კაცი. ისლანდიის ისტორიის ღრმა მცოდნედ ვერ გამოვდგები, მაგრამ ის კი ყველამ ვიცით, რომ მათი წინაპარი ვიკინგები, ზღვის მეომრები, თავისი დროის საუკეთესო გემთმშენებლები და მეზღვაურები იყვნენ. მაგრამ, რაც მთავარია, გარდა გაუგონარი ფიზიკური სიძლიერისა, მტკიცედ შეკრულ, ორგანიზებულ ერთობას წარმოადგენდნენ, რომლებიც მკაცრად განსაზღვრული კანონებით ცხოვრობდნენ. გავიხსენოთ, შარშანდელ ევროზე, მათი ფეხბურთელებისა და ქომაგების შესაშური, რაღაც მისტიკური თანაურთიერთობა, როცა ლამის მთელი ქვეყანა ჩავიდა საფრანგეთში. ეს ფეხბურთზე გაცილებით დიდი რამ იყო. დავუკვირდეთ ამას და ჰალგრიმსონის ნათქვამსაც უფრო კარგად მივხვდებით.