„უოტფორდის“ მწვრთნელი მარკო სილვა ისააკ საქსესს აფრთხილებს – ნურც თავს შეირცხვენს და ნურც კლუბის შეარცხვენს.
21 წლის ნიგერიელი ისააკ საქსესი „უოტფორდის“ ფორვარდია, რომელიც ამჟამად ფეხმტკივანია და ამ სეზონში პრემიერლიგაში წუთიც არ უთამაშია.
ბარსელონაში, ჰოსპიტალში წევს და კიდევ ორი თვე უქმობა მოუწევს.
ამბავი, რომლის გამოც საქსესმა მწვრთნელისგან საყვედური მიიღო, ერთი თვის წინ მოხდა და ყოვლისმჩხრეკავმა ბრიტანულმა „სანმა“ ახლა გამოფინა.
წასულა თურმე ისააკი სტრიპკლუბში შიშველი გოგოების საჭვრეტად – უთამაშებელ კაცსაც ხომ უნდა გართობა და … 11 სექტემბერს ნაბახუსევზე პოლიციაში დაასთენებია.

კლუბში მთვრალს უტრაბახია, 30 ათასი მაქვს თვეშიო და ოთხი საჯიშე ქალი დაუპატიჟია სასტუმროში ოთახის ფეხბურთის სათამაშოდ, ოთხი ერთზე – ფაქტობრივად, ცალკარასთვის გასწირა თავი. ტრანსფერი უმალ შედგა – თითო 500 გირვანქად.
იქ კიდევ ორი ბოთლი ბეილისი ჩაუპირქვავებია სტომაქში და როგორც საჯიშეებმა „სანთან“ თქვეს, 90 წუთი ალერსით ამაოდ ცდილობდნენ გამაძღარი საქსესის ამ ქვეყნისკენ მობრუნებას.
ქალებს 90 წუთი პატიოსნად უშრომიათ 500 გირვანქის სანაცვლოდ, მაგრამ ძირითად დროს წამიც არ დაამატეს – შეცვლები არ ყოფილა.
ცალკარა დამთავრებულა და სტუმრებმა წასვლა რომ დააპირეს, ისააკმა ბანკეტის გაგრძელება – რის გამგრძელებელი იყო – მოითხოვა, თუ არა ფული დამიბრუნეთო.

წიოკმა ოთახიდან დერეფანში გაჟონა და ფოიეში გაგრძელდა, საიდანაც პოლიციას გამოუძახეს. ასე აღმოჩნდა ისააკ საქსესი 11 – ში დილით პოლიციაში.
არა, ფული რა თქმა უნდა, არ დაუბრუნეს.

 

წილი
წინა სტატიაქართველების წასაკითხი კაცების საგა
შემდეგი სტატიადღეს ვინ მოიგებს, სიმეონ!
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.