კახა კალაძე მეოთხედ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი. ეს გასაკვირი სულაც არ არის – კახა რჩება საქართველოს რჩეულ მოთამაშედ და კვლავაც ერთადერთ ქართველად, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიადეს კლუბში თამაშობს.

კალაძის მილანურ კარიერაში აღმასვლაც ყოფილა და დაღმასვლაც. ყოფილა სათადარიგოთა სკამიც და ჩემპიონთა ლიგის თასიც. შარშან ამ დროს ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა მითხრა: კახა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სანამ პაოლო მალდინი თამაშს თავს არ დაანებებს, ძირითადიდან მის ამოგდებას ვერავინ მოახერხებსო. მაშინ სწორედ კახას მილანიდან წასვლაზე იყო ლაპარაკი…

წლევანდელმა სეზონმა სრულიად საპირისპირო დაამტკიცა, უფრო სწორად, საპირისპირო კახამ დაამტკიცა.

აგერ, ახლა კი იგი ისევ თქვენ წინაშეა… მეოთხედ სარბიელის პრიზით.

კახა, მართალია ეს და მომდევნო კითხვა მეოთხედ უნდა დაგისვა, მაგრამ რაკი ტრადიციაა, ნუ გადავუხვევთ: ელოდი, რომ წლეულს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელებდით?

ვფიქრობ, წლეულს მართლაც ძალიან კარგი სეზონი მქონდა და მაღალ დონეზე ვითამაშე. ბედნიერი და უზომოდ გახარებული ვარ, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ისევ მე მერგო და ამისთვის ჟურნალისტებს დიდ მადლობას გიხდით. სხვა კი რა ვთქვა, საუკეთესოდ თუ დამასახელებდით, ამაზე ბევრიც არ მიფიქრია.

აზრი შენთვისაც რომ გვეკითხა, საუკეთესოთა სამეულს როგორი თანმიმდევრობით ჩამოწერდი?

საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა ჟურნალისტების და სპეციალისტების საქმეა. თავად კი ვერავის გამოვარჩევ, ქართველი ფეხბურთელები ჩემი მეგობრები და პარტნიორები არიან და რომელიმეს გამორჩევა უხერხული იქნება.

ეს შენთვის უკვე მეოთხე პრიზია. როგორი განცდა გაქვს?

პატარა ბავშვივით მიხარია. ძალიან სასიამოვნოა, რომ მეოთხედ გავხდი საუკეთესო ფეხბურთელი, თანაც, ისეთ საფეხბურთო ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩემთვის სარბიელის ოთხივე პრიზი უძვირფასესია, თუმცა ისიც ხომ არის, ყველაფერ პირველს განსაკუთრებული გემო აქვს.

ეს სეზონი კახა კალაძისთვის რით იყო გამორჩეული?

როგორც იქნა, ჩემს ადგილზე თამაში დავიწყე, ცენტრალური მცველის პოზიციას ვგულისხმობ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იყო, შალკეს რომ ვხვდებოდით. მაშინ შეცვლაზე შევედი და ბოლო 15 წუთი სწორედ დაცვის ცენტრში ვითამაშე. ამის შემდეგ დაიწყო და დაიწყო… ეტყობა, არ ელოდნენ, ამ პოზიციაზე კარგად თუ ვითამაშებდი, იქამდე მწვრთნელებისგან ერთი და იგივე მესმოდა, ცოტაც მოიცადეო. ბოლოს კი, როგორც იქნა, შალკესთან მათამაშეს.

ახლა რა ხდება მილანში, რა ამბები დატოვე?

დიდი სკანდალი დავტოვე. გეცოდინებათ, იუვენტუსი შესაძლოა, სერია ბ-ში დააქვეითონ.

და ამ ამბავში მილანიც არის გარეული?

არა, ჩვენ არაფერი გვემუქრება, თუმცა ახლა საქმეები ირჩევა.

შვებულებას მთლიანად საქართველოში გაატარებ?

ახლა საკმაოდ გრძელი შვებულება გვაქვს, 20 ივლისამდე. თითქმის ორთვიანი დასვენება მოგვცეს. რამდენიმე დღე თბილისში ვიქნები, მერე კი ქობულეთში მივდივარ. პირველად იქნება ისე, რომ თითქმის მთელ შვებულებას აქ გავატარებ. თუმცა, შეკრებამდე ათი დღით ადრე სარდინიაზე ან მონტე-კარლოში წასვლასაც ვაპირებ.

როგორც ვიცით, ქობულეთში ერთ-ერთი სასტუმროც შეგისყიდია

კი, სასტუმრო კოლხეთი შევისყიდე. წლეულს სწორედ იქ დავისვენებ. სექტემბერ-ოქტომბერში კი სასტუმრო დაიკეტება, სრული რეკონსტრუქცია დაიწყება და მომავალ ზაფხულში უკვე მაღალი დონის სასტუმრო იქნება.

მილანში დაბრუნებულს შენი მეგობარი ანდრეი შევჩენკო რომ არ დაგხვდება?

ის მილანისთვის მართლაც შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, თანაც ჩემი მეგობარია და, ბუნებრივია, გული მწყდება, რომ ჩვენთან აღარ იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც კარგია, მეგობარმა თავისთვის საუკეთესო ნაბიჯი რომ გადადგა.

ამ ბოლო დროს ჩელსიდან შენ აღარავინ დაგლაპარაკებია?

არა, არავინ.

ამას წინათ შენს ინტერვიუში წავიკითხე, რომ კარიერას მილანში დაამთავრებ. მართლა ასე ფიქრობ?

28 წლის ვარ, მილანთან ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ალბათ, მართლაც ასე იქნება.

ასაკზე გამახსენდა. ცოლი არ მოგყავს?

არა, ჯერ არა.

მოდი, ამაშიც გაგვარკვიე – შენ და სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილს ერთამანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? ბოლო დროსაც ბევრჯერ თქვეს, კახას ცოლად ბერლუსკონის შვილი მოჰყავსო

კახა კალაძეს და სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილს ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა არ აქვთ. ერთხელ სადღაც დაიბეჭდა, კალაძეს ბერლუსკონის შვილი მოჰყავს ცოლადო და ხალხმა ეს დაიჯერა. არადა, დიდი სისულელე იყო, ესეც და კიდევ ბევრი სხვაც…

ახლახანს მილანში რესტორანი გახსენი

ჩემს იტალიელ მეგობართან ერთად ერთი ძველი და თავის დროზე ძალიან პოპულარული რესტორნის სახელი ”ჯანინო” შევისყიდე. ეს რესტორანი მილანის ცენტრშია და დიდი ხანი უპატრონოდ იყო. ჩვენ კი ეს ბრენდი ვიყიდეთ და ავამუშავეთ კიდეც. იტალიაში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხს ესიამოვნა, რომ მათი საყვარელი რესტორანი გაიხსნა. გახსნაზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ფეხბურთელები, კლუბის ხელმძღვანელობა და სხვა მეგობრები მყავდა დაპატიჟებული.

ქართული კერძებიც იქნება შენს რესტორანში?

არა, მხოლოდ იტალიური.

ისე, იტალიური კერძების დიდი მოყვარული ხარ

კი, ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, იტალიური სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა. სპაგეტი, პიცა, იტალიურად მომზადებული ხორცისა და თევზის კერძები მართლაც უგემრიელესია.

ქართული კერძები არ გენატრება?

არა, როცა აქ ვარ, მხოლოდ ხაჭაპურს ვჭამ, იმასაც იშვიათად. სხვა ყველაფერი მასუქებს და ვერიდები.

სიმსუქნისკენ მიდრეკილება გაქვს?

საშინელი, წონაში ძალიან სწრაფად ვიმატებ.

მკლავზე სვირინგი რას ნიშნავს?

ეს იეროგლიფები დაახლოებით ასე იკითხება: ყველგან და ყოველთვის მეგობრებთან ერთად.

კიდევ გაქვს სვირინგები?

მეორე მკლავზე ლომის თავი მაქვს გამოსახული. წვივზე კი მზე, რომლის შუაშიც ასო K ჩანს.

სვირინგები და მანქანებიც ძალიან გიყვარს.

ძალიან!

მილანში ოპელი გყავს, რომელიც მილანის სპონსორია

არა, მილანში BMW X5 მყავს, თბილისში კი მერსედესი.

მილანში თავისუფალ დროს რას აკეთებ?

სადაა თავისუფალი დრო?! ვარჯიშები, თამაშები… ძალიან დატვირთული ვარ. ხანდახან მეგობრებთან ერთად რესტორანში ან სადმე წყნარ ბარში თუ შევალ.

თამაშისას რაიმე ამოჩემებულ რიტუალს თუ ასრულებ ხოლმე?

განსაკუთრებულს არაფერს, მოედანზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდივარ და ეგ არის. ისე კი, თამაშამდე ყოველთვის პირჯვარს ვიწერ.

წლეულს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვინ არის?

ძნელია ვინმეს გამორჩევა. ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ ეტოოს, რონალდინიოს, ანრის, შევჩენკოს…

საუკეთესო გუნდი?

ჩემპიონთა ლიგა ბარსელონამ კი მოიგო, მაგრამ არსენალი შემეცოდა. ზოგადად, ბარსელონა, არსენალი, მილანი, იუვენტუსი და კიდევ რამდენიმე გუნდი ერთ დონეზე ვართ… უმნიშვნელო სხვაობაა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე რომელ გუნდს უქომაგებ?

განსაკუთრებით არც ერთს, თუმცა სადაც ჩემი მეგობრები თამაშობენ, იმათ მეტად ვუქომაგებ – იტალიას, უკრაინას, ბრაზილიას.

ვინ მოიგებს ჩემპიონატს?

პროგნოზიც ძნელი საქმეა, ბევრი ძლიერი გუნდი ითამაშებს და ვინ მოიგებს, ვერავინ იტყვის. ძლიერია ინგლისი, იტალია, არგენტინა, ბრაზილია… გერმანია მასპინძელია… ბევრს აქვს მოგების შანსი.

09.06.2006

ბადრი კეთილაძის ფოტოები

წილი
წინა სტატიათანდართულები…
შემდეგი სტატიაქართველების წასაკითხი კაცების საგა
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.