მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, წლეულს ჩვენმა სარაგბო ნაკრებმა რუმინეთთან წააგო და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო მაისის დასაწყისში მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა: მამუკა გორგოძე ნაკრებიდან წავიდა!

საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ კაპიტანთან, სადაც მამუკა ამბობს: „არ მინდოდა, გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ არ მინდა, წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი, საქართველოს ნაკრებში ერთ მატჩს აუცილებლად ვითამაშებ!“

მას მერე ჩვენი ნაკრები ამერიკულ ტურნეზე გაემგზავრა, აშშ-სა და კანადას მოუგო, ხოლო არგენტინასთან წააგო. მამუკას გარეშე. რას იზამ. კაცი 33 წლისაა, 14 წლის განმავლობაში 71-ჯერ მოირგო ბორჯღალიანი კვართი, 26 ლელო მიითვალა – ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი. სამ მსოფლიო თასზე ითამაშა, 2015-ში ახალ ზელანდიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, სხვადასხვა გამოცემებმა იმ მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს… მოკლედ, ეროვნულ გუნდს ამდენი ხანი ალალად და თავდადებით ემსახურა. ქართული რაგბის სიმბოლოდ იქცა. ამიტომ მის გადაწყვეტილებას ყველა გაგებით მოეკიდა.

დღეს გორგოძე საფრანგეთის ჩემპიონატში ბრწყინავს, ჩემპიონობაზე ოცნებობს და ნაკრებთან გამოსათხოვარ მატჩზე ფიქრობს. მაინცდამაინც ენაწყლიანი კაცი არაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ „სარბიელის“ კითხვებს მაქსიმალურად ამომწურავად უპასუხა. ვფიქრობ, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ზედმიწევნით კარგად იცის მამუკამ თავისი საქმე. დიდი გამოცდილება დაუგროვდა…

 – გამარჯობა, მამუკა. აღდგენილი „სარბიელიდან“ გიკავშირდები.

– ვიცი თქვენი ამბავი, ძალიან სასიხარულოა და გილოცავთ!

– გმადლობ. უპირველესად, როგორ ხარ? ჯანმრთელობაზე გკითხავ, ტრავმის გამო ორი ტური გამოტოვე. გორგოძემ მუხლი დაიშავაო, ფრანგები წერდნენ…

– „მონპელიესთან“ მატჩში ერთ-ერთი აუტის მოწოდებისას ავხტი და იმ სიმაღლიდან ჩამოვვარდი. დაცემისას მუხლი მუხლს ჩამოვარტყი, წარმოიქმნა სისხლჩაქცევა, მაგრამ „მონპელიესთან“ ისეთი დაძაბული და პრინციპული თამაში გვქონდა, თან გამასინბინეს. ასე რომ, შეცვლა არ მომითხოვია, ბოლომდე ვითამაშე. აი, მერე კი მაგრად ამტკივდა. ნემსი გამიკეთეს. სერიოზული არაფერია, უკვე კარგად ვარ

– „მონპელიესთან“ წაგებული თამაში (20:43) და სინბინი ვახსენეთ. ჩემი აზრით, რეფერის თავისუფლად შეეძლო, არ გაეძევებინე.

– უკვე აღარც ვიცი, რა ვქნა. ყველაფერზე ჯარიმას დებენ მსაჯები, რაგბი ბალეტს ემსგავსება. ამაზეც თუ არ ამოიღეს ხმა რაგბის მამებმა, საშინელება იქნება. მაგალითად, მე დიდი მომხრე ვიქნები, თუ შემოიღებენ წესს, როცა გუნდს ვიდეორეფერის ჩართვის მოთხოვნა შეეძლება, სიმულაციაში მხილებული მოთამაშე წითელი ბარათით გააგდონ და დისკვალიფიკაციით დასაჯონ. ესაა სასწრაფო და გადაუდებელი ზომა, უფსკრულისკენ მიექანება რაგბი. კატასტროფაა, რასაც სიმულანტები კადრულობენ.

შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ როცა 200-კილოიან კაცს კისერი საერთოდ არ აქვს და მის მხარზე ხელი აგიცდება, ამხელა კაცი გაითხლაშება და ვითომ ფეხზე ვეღარ დგება, ეს სირცხვილია. იმ მონპელიელს იქვე მივაძახე, რასაც ვფიქრობ მასზე. აქ სინბინი უფრო მანამდე მომხდარ ინციდენტებთან ჯამში მომცეს. მასპინძელთა ფულბეკ ბენჟამენ ფალთან დავრჩი ერთი ერთზე, ძალიან სწრაფი ბიჭია, მხრებზე ოდნავ მაღლა მომივიდა ბოჭვა, კისერში არა, არაფერი იყო მანდ საჯარიმო. ადრე ტონგელები ბოჭვისას პირდაპირ ხორხში რომ გირტყამდნენ, ისეთი დარღვევები კი არ ყოფილა.

ამ თამაშში სამი მაღალი ბოჭვა მოხდა. პირველი ჩემი, ფალთან, მერე კაპიტან გირადოს მოუვიდა და მერე ისევ მე. ჰოდა, ჯოხიც ჩემზე გადატყდა. თავს კი არ ვიმართლებ, დისციპლინას უნდა მივხედო, სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობსო, ნათქვამია. მაგრამ ზოგადად ძალიან ცუდ რამესთან გვაქვს საქმე, აუცილებლად მისახედია ეს საკითხი.

– შენი უდისციპლინობა აღარავის ახსოვს…

– კი ბატონო, აღარ მქონდა ასეთი მომენტები, მაგრამ წლეულს არ ვიცი, რა მომივიდა. მინდა, რომ საუკეთესოდ ვითამაშო, სტაბილურად ფორმაში ვიყო. ძალიან მოვინდომე სეზონის წინ, მაგარი მომზადება გავიარე. ამ ასაკში რომ ვარ, ვცდილობ, ყველას დავანახო, რომ იმაზე უკეთაც შემიძლია თამაში, ვიდრე აქამდე უნახავთ. ჰოდა, ეტყობა ზედმეტი მონდომებისგან… თავს არ ვიქებ, მაგრამ ვინმეს თუ აინტერესებს, ვიტყვი, რომ ღვთის წყალობით, ძალიან მაგარ ფორმაში ვარ, ბოლო წლებში ასეთ კონდიციებში არ ვყოფილვარ და ამაში ჩადებული შრომა აუცილებლად დამიფასდება, ყველაფერი თავის ადგილებზე დალაგდება.

– გასაგებია, რომ აღარ ხარ 25 წლის ბიჭი და ძნელია ორად გახლეჩა. მაგრამ ისეთ ფიზიკურ ფორმაში ხარ, ყველას შეშურდება. თითქოს გამხდარხარ და ზედმეტი წონა საერთოდ არ გაქვს, ძალიან ბევრს მოძრაობ, აგრესიულად თამაშობ და აშკარად გამორჩეული ხარ. როგორ ახერხებ ამას? ახალი მეთოდიკით ვარჯიშობ თუ რამე დიეტას იცავ?

– ორივე ერთად – დიეტაც და ახალი მეთოდიკით ვარჯიშიც. 7 კილო დავიკელი, ფიზიკურად თავს საუკეთესოდ ვგრძნობ. ფორმაში ვარ, ასე ღრმა ახალგაზრდობაში ვიყავი – არანაირი ზედმეტი წონა და ცხიმი სხეულში. ეს დიდწილად „ტულონის“ ფიზიკური მომზადების ახალი მწვრთნელის მეთოდიკის დამსახურებაა. ტიბო ჟირუ ამერიკულ ფეხბურთს პროფესიულ დონეზე თამაშობდა და მწვრთნელადაც უმუშავია. ბობსლეისტიც იყო და ოლიმპიადაზეც გამოსულა. შარშან „გლაზგო უორიორზს“ წვრთნიდა და იქაური მოთამაშეები საოცარ ფიზიკურ კონდიციებზე აიყვანა. ფიზმომზადების სხვა სპეციალისტებიც კარგად მუშაობენ ჩვენთან და შედეგი სახეზეა. თანაც, ისეთ ასაკში შევდივარ, როცა ორგანიზმი მეტ ყურადღებას მოითხოვს. რაციონიდან ყოველგვარი ბურღულეული ამოვიღე. მინდა, კარიერა მაღალ დონეზე დავამთავრო და ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ – წვრთნასაც, აღდგენასაც და კვებასაც. ასე რომ, ახალი მწვრთნელები, ჯანსაღი კვება, ახალი მეთოდიკა და ჩემი მონდომება ჯამში იძლევა იმ შედეგს, რომ ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაში ვარ.

– ალბათ, დასვენებაც მოგიხდა.

– ზაფხულში ძალიან დიდი შრომა ჩაიდო „ტულონში“, ძალიან სერიოზული, ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა.

– ძნელი წარმოსადგენია, მოსამზადებელი პერიოდი შენ რომ გაგაკვირვებს…

– მართლა მაგარი ვარჯიშები გვქონდა და ამიტომ ვარ ძალიან კარგ ფორმაში, თან თავადაც მოვინდომე.

– „მონპელიესთან“ მატჩი ლევან ჩილაჩავასთვის ცუდად აეწყო. მიხეილ ნარიაშვილს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მის პოზიციურ შეცდომას ლელოც მოყვა. თამაშის მერე ლევანი მწვავედ გააკრიტიკეს…

– ახალმა მწვრთნელებმა ჩილაჩავას წონის დაკლება მოსთხოვეს, იმიტომ რომ ისინი ყველასგან სხვანაირ თამაშს ითხოვენ, სხვანაირ მოძრაობას. ამ ბიჭმა გააკეთა მაქსიმუმი, დაიკლო 12 კილო, არის მაგარ ფორმაში, მაგრამ ერთბაშად 10-12 კილოს რომ დაიკლებ, ახალ წონასთან შეგუება გჭირდება. თავის ახალ წონას უკვე შეეჩვია და ალბათ ნახეთ, „ბორდოსთან“ რა მაგრად ითამაშა. მოძრაობაში მაგრად მოუმატა, გაშლილ თამაშში ეფექტური გახდა და შერკინებაშიც ძველებურად მაგარია. ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ სეზონში ამ ბიჭმა ტოპ 14-ის თითქმის ყველა შერკინება კისერზე გადაიღუნა და არ შეიძლება, ერთი მატჩით მიღებული შთაბეჭდილებებით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება.

– ნარიაშვილთან ჭიდილში ერთხელ თუ დაიჩაგრა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მიხოს, შესაძლოა, ტოლ-სწორი საერთოდ არავინ ჰყავდეს…

– გასულ სეზონში ლევანმა ნაროს არაფერი დაუთმო. კიდევ ვიმეორებ, ახალ წონასთან ადაპტირებას დრო დაჭირდა და ახლა ყველაფერი რიგზეა. ჩემი აზრით, რაც დაიკლო, დასაკლები იყო. ახლა გვარიანად გამომშრალი აქვს ტანი, უფრო სწრაფია.

– ჩილაჩავა მომდევნო ორი მატჩის განაცხადშიც აღარ იყო. ეს ფაბიენ გალტიეს გადაწყვეტილებაა თუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი მურად ბუჯელალი ერევა მის კომპეტენციაში?

– არა, არავინ ერევა, გალტიემ გადაწყვიტა ასე. მაგრამ ლევანს სანერვიულო არაფერი აქვს. ამ დონის მოთამაშეზე უარს ვინ იტყვის, საკუთარი თავის მტრები ხო არ არიან?! სასაცილოცაა მისი გაკრიტიკება, ჯერაც ჩემპიონატის დასაწყისია. აი, ჩემპიონატის ბოლოს ვნახოთ, ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში და ვინ – არა .

– ბადრი ალხაზაშვილი რატომ არ ჩანს? წინასასეზონო მატჩებში აქტიურად ათამაშებდნენ…

– წინასასეზონო მატჩებში, როგორც წესი, ახალგაზრდებს ცდიან და გამოცდილ მოთამაშეებს ასვენებენ. მე ვარ გამონაკლისი – ყველა საწვრთნელ მატჩში ვითამაშე, ერთის გარდა. ბადრი პერსპექტიული ახალგაზრდა კვაჭია, გადასარევი ბიჭია, მაგრამ „ტულონს“ ამ პოზიციაზე გირადო ჰყავს, ვარსკვლავი, ალხაზაშვილი ჯერ შორსაა ამ დონიდან, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

კლუბში მოვიდა ფაბიენ გალტიე, რომელიც „მონპელიეში“ 4 წელი გწვრთნიდა. იმ „მონპელიეს“ გმირები და ლეგენდები ხართ და ერთმანეთს საუკეთესოდ იცნობთ. რა შეიცვალა გუნდში ზოგადად და რა შეიცვალა პირადად შენთვის?

– „მონპელიეში“ ბოლოს ურთიერთობა დაგვეძაბა, აღარ გვესმოდა ერთმანეთის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა ყველაფერი საუცხოოდაა. ბოლომდე მენდობა, დისციპლინის მხრივაც არ მაქვს პრობლემები, უბრალოდ, ასე აეწყო. ამიტომაც ახლა უფრო ფრთხილად ვთამაშობ, მე რომ მაჯარიმებენ, ამით გუნდი ზარალდება და არც მწვრთნელთან ღირს განახლებული ურთიერთობის დაძაბვა. თორემ მე ჩემს აზრზე ვრჩები: ძალიან გააფაქიზეს რაგბი, ძალიან. მეტი რომ აღარ შეიძლება.

– ამდენი სახელოვანი ვეტერანი ერთ გუნდში: შენ, ტრენ-დიუკი, ნონუ, ჰაბანა, გირადო და სხვები. ალბათ ყველაზე ასაკოვანი გუნდი ხართ ტოპ 14-ის ისტორიაში. უფრო ახალგაზრდული შემადგენლობებისთვის კონკურენციის გაწევა მთელი სეზონის განმავლობაში არ გაგიჭირდებათ?

– ვეტერანებში რომ გამრიე, ვიხალისე, მაგრამ გინდა-არ გინდა, უკვე ასეა. ტოპ 14-ში მე-13 სეზონს ვატარებ და კი ბატონო, ვეტერანი მქვია. რაც შეეხება კითხვის არსს, გიპასუხებ, რომ არ გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ახალგაზრდებიც გვყავს. თან „ტულონში“ ვეტერანების სიმრავლე ადრე უფრო იყო, ვიდრე ახლა. მაგრამ, გადამწყვეტ მომენტებში გადამწყვეტ სიტყვას სწორედ ვეტერანები ამბობენ ხოლმე. არაერთხელ დადასტურებულა ჭეშმარიტება, რომ გამოცდილებისა და ახალგაზრდული ძალის ერთობლიობა დიდ შედეგს იძლევა. ბოლო ორი-სამი წელია, „ტულონი“ ამ გზით დადის და ნახევარფინალში სტაბილურად აღწევს.

– ვის მიიჩნევ ტოპ 14-ში „ტულონის“ მთავარ კონკურენტად? ვერნ კოტერის მისვლამ შენი ძველი გუნდი „მონპელიე“ თითქოს გააუმჯობესა, რაც თქვენთან მატჩშიც გამოჩნდა. ჩემპიონი „კლერმონი“? „ლა როშელი“ თავისი ღონიერი შერკინებით, რომელსაც აქვსენტი გიორგაძის ხელი ატყვია?

– „ლა როშელი“, რა თქმა უნდა, ძლიერი, მაგარი გუნდია, მაგრამ მთავარ ფავორიტებად „მონპელიესა“ და „კლერმონს“ მივიჩნევ. „მონპელიეს“ – განსაკუთრებით. თუმცა, „ტულონს“ აქვს იმის ძალა, ფინალში რომ გავიდეს და თავისი სიტყვა იქაც თქვას.

– ალბათ, ჩემპიონობა შენი მთავარი ოცნებაა. კლუბის ხელმძღვანელობასაც ეტყობა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ტოპ 14-ის მოგება…

– თავისთავად. ზაფხულში რა მომზადებაც გავიარე, „ტულონთან“ ერთად მანამდე იმის ნახევარიც არ მივარჯიშია. მხოლოდ საქართველოს ნაკრებში, მსოფლიო თასის წინ ვიყავი ფუნქციონალურად ასეთ დონეზე. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მხოლოდ მაშინ მქონდა სხეული ასეთ კარგ მდგომარეობაში.

– ქართველ ფორვარდებს საფრანგეთში კაი ხანია გაფასებენ. ვარსკვლავებიც გვყავს და სუპერვარსკვლავებიც, რასაც ვერ ვიტყვით უკანახაზელებზე. მაგრამ აგერ, თაზო მჭედლიძე „აჟენთან“ ერთად კვლავ ტოპ 14-შია, ბუკა შარიქაძე – „ორიაკში“, ვასკა ლობჟანიძეს თანდათან აჩვევენ „ბრივის“ სასტარტოს, გელა აფრასიძე „მონპელიეში“ მოხვდა… შენი აზრით, ეს ტენდენციაა თუ ცალკეული ინდივიდუალური გაბრწყინებები?

– ვფიქრობ, რომ ეს მაინც ინდივიდუალური გაბრწყინებებია. იმიტომ რომ, იმდენად დიდი არჩევანია თითოეულ გუნდში, ახალგაზრდული გუნდებიდან ისეთი ბიჭები მოდიან, მწვრთნელი რომ ვიყო, საქართველოდან უკანახაზელს ნამდვილად არ წამოვიყვანდი. მაგრამ დამიჯერეთ, ეს რამდენიმე კაცი ფრანგულ ელიტაში საქართველოსავით მცირე ქვეყნისთვის სავსების საკმარისია. არაა აუცილებელი და არც იქნება 10 ქართველი უკანახაზელი ტოპ 14-ში და პრო დ2-ში. ოღონდაც იმ რამდენიმე კაცმა დაიმკვიდროს ადგილი და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

თან აქ ფიჯელები ბრწყინავენ, ეს ცალკე თემაა. ადრე, მახსოვს, ურეკში დავყავდით შეკრებებზე, პლაჟზე, ქვიშაში სირბილი ტერფს ამაგრებსო. ჰოდა, ჩვენც გვეგონა, რომ ურეკის ქვიშაში 10-15 დღიანი ვარჯიშით კარიერას ავიწყობდით, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, ფიჯელი დაბადებიდან, მთელი ცხოვრება ქვიშაში ფეხშიშველი დარბის, ეს მისი არსებობის ჩვეულებრივი გარემო და პირობებია. ამიტომაც არიან ასე მოძრავები. ქართველმა როგორ უნდა გაუწიო კონკურენცია? სასწაულებს ახდენენ, გაგიჟდები კაცი. ან რა სარაგბო ტექნიკა აქვთ? დიდი არაფერი, მაგრამ ისე დარბიან, ვერ წარმოიდგენ – დაფრინავენ!

– 7-კაცაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

– თავი დავანებოთ 7-კაცას. აქ, ტოპ 14-ში იმისთანა გარემარბები ჰყავთ, აქაურობას ბრდღვნიან!

– სანაკრებო რაგბზეც ვისაუბროთ. რას ფიქრობ, რა უნდა გააკეთონ საქართველომ და რუმინეთმა, რომ 6 ერის კარი გაუღონ? მაინცდამაინც წლულს უელსი უნდა დაამარცხონ და გაისად – იტალია? ეს ხომ თითქმის ფანტასტიკაა…

– არ ვიცი, რა უნდა მოხდეს… ამ თემაზე ლაპარაკს უნდა შევეშვათ. უპირველესად ფინანსური გარანტიებია საჭირო. მე რომ ვწყვეტდე, ჩვენსა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს ექვსი ერის აუტსაიდერს შევახვედრებდი გადასასვლელ მატჩში. მაგრამ მეორეცაა – ვთქვათ, მოვუგეთ და ავედით, ბოლო ადგილი დავიკავეთ და ისევ ქვედა ექვსეულში დავბრუნდეთ? ჩემი აზრით, ეს ასვლა მინიმუმ 3 წლით უნდა იყოს, რათა დონის ამაღლებაზე სერიოზულად შეიძლებოდეს ლაპარაკი. იმ დონეზე გატარებული ერთი წელი ვერაფერს მოგვიტანს.

ბევრჯერ მაქვს ნათქვამი – დღესდღეობით საქართველო და რუმინეთი არ არიან მზად 6 ერის გუნდებთან ტოლ-სწორად სათამაშოდ. ალტერნატიული გზებია მოსაძებნი. ნაკრებისთვისაც და კლუბებისთვისაც. მაგალითად, კარგი იქნებოდა ძალების მოსინჯვა პრო 14-ში, ყოფილ კელტთა ლიგაში, რომელსაც ახლა უკვე სამხრეთაფრიკული კლუბებიც დაემატნენ. იტალიელებმა ამ ლიგაში თამაშითაც მიაღწიეს პროგრესს. ეს გზაც დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება, მაგრამ ექვს ერამდე ჯერ ამ საფეხურზე ასვლაა საჭირო.

მაგრამ ქართული რაგბი კიდევ სხვა, ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საფრანგეთში რომელიმე კლუბის მომზადების ცენტრში სამი წელი თუ გაქვს გატარებული, ე. წ. JIFF-ის სტატუსი გენიჭება და უცხოელად აღარ ითვლები. მაგრამ საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი, რბილად რომ ვთქვათ, აცრილია უცხოელებზე. და ეს კაცი გამოდის ინიციატივით, რომ ეს სტატუსი გაუქმდეს და ყველა უცხოელი დაექვემდებაროს ლიგაში დაწესებულ ლიმიტს. ასე რომ მოხდეს, საქართველოდან საფრანგეთში ახალგაზრდა მორაგბეების ნაკადი შეწყდება და მერე ნახე, როგორი რეგრესი დაგვეწყება. დღეს საქართველოს ნაკრების დონე საფრანგეთში გამოცდილებამიღებული მორაგბეების დონით განისაზღვრება. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რამხელა საფრთხე გვემუქრება…

– რა აკლია ქართულ რაგბს საიმისოდ, რომ რეიტინგის ტოპ-ათეულის გუნდებს ტოლ-სწორად ეთამაშოს? რა კომპონენტში მოვიკოჭლებთ?

– გვაკლია ამ გუნდებთან თამაშის გამოცდილება, ხოლო მოვიკოჭლებთ უკანა ხაზში.

– 20-წლამდელებს თუ აკვირდები? რას ფიქრობ ახალ თაობაზე? შეინარჩუნებენ შენი თაობის მიერ მიღწეულ დონეს?

– რატომ ვერ შეინარჩუნებენ? ჩემი თაობის ბიჭებს სად ჰქონდათ ასეთი მიღწევები? საერთოდ როგორაა, იცი? ინდივიდუალურად გამორჩეულები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჩანან, ჩვენზე უფროს თაობებში ძალიან მაგარი მორაგბეები იყვნენ, ჩვენზე მაგრები, მაგრამ ნაკრები უფრო სუსტი იყო. რაც დრო გადის, მაღალი ინდივიდუალური ოსტატობა მეორე პლანზე გადადის და მთავარი გუნდურობა ხდება. დღეს რაგბი უფრო გუნდური თამაშია და ცალკეული მორაგბეები ისე აღარ ჩანან, როგორც ჩემს თაობაში, და მით უმეტეს – ძველ თაობებში. იდეალური იქნებოდა, ინდივიდუალურად ძლიერი მორაგბეებიც უხვად გვყავდეს და მათ გუნდურად თამაში ეხერხებოდეთ, ეს პირადი გამორჩეულობა გუნდის ინტერესებს რომ ემსახურებოდეს.

– ახლა ნაკრებში შერკინების პირველ და მესამე ხაზებში დიდი კონკურენციაა, მეორე ხაზში კი ძველი სახეებია და მატება არ ჩანს. ნემსაძე, მიქაუტაძე, სუთიაშვილი, მაისურაძე დღესაც ბევრად აღემატებიან დანარჩენებს. რატომ გახდა დეფიციტური მეორეხაზელი?

– ძნელი სათქმელია. სიმაღლე არ გვყოფნის ვითომ? არ ვიცი, ალბათ მეტი მუშაობაა საჭირო – სპეციფიკური აღნაგობის, მაღალი ბიჭების მოძიება და აღზრდა.

– სხვათა შორის, რაგბის აკადემიაში სწორედ ამ მიმართულებით ახლახან სელექცია ჩატარდა და რამდენიმე ტანმაღალი, თითქმის 2-მეტრიანი ჭაბუკი შეარჩიეს. ეტყობა, მეორეხაზელების მომზადებაზე საგანგებო მუშაობა მიდის...

– ძალიანაც კარგი. მთავარია ეცადო და შედეგი აუცილებლად მოვა.

– ტიბო ჟირუ ახსენე და რეკომენდაციას ხომ არ გაუწევდი? 2019 წელს მსოფლიო თასია და საქართველოს ნაკრებს ასეთი სპეციალისტი სარგებელს მოუტანდა…

– როგორ ვერ გავუწევდი, რატომაც არა, მაგრამ ჩვენს ნაკრებში არანაკლები სპეციალისტები მუშაობენ, მაგრად შრომობენ და კვალიფიკაციაც მაღალი აქვთ. ამიტომ ჩემი მხრიდან ვინმესთვის რეკომენდაციის გაწევა მაინცდამაინც ლამაზი არ იქნებოდა.

– კითხვა, რომელზეც პასუხს მთელი საქართველო ელის: რომელ მატჩში შედგება მამუკა გორგოძის გაცილება ეროვნული გუნდიდან? ნოემბერში გუნდს სამი ტესტ-მატჩი ელის…

– ეს საკითხი, ცხადია, მეც მადარდებს, მაგრამ ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი. ამასწინათაც ვილაპარაკე მეგობრებთან ამ თემაზე. ჩემი აზრით, არ უნდა გავუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა, თორემ მერე თავად ვინანებ. მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვი, ამ თემაზე ჯერჯერობით არც მილტონ ჰეიგთან მისაუბრია და არც რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან. ისიცაა, რომ არ მინდა, მწვრთნელს გუნდის მომზადებაში ხელი შევუშალო. მოკლედ, როგორც კი გადაწყდება, ყველას გავაგებინებთ.

– გადაჭედილი „დინამო არენა“ და „მიხეილ მესხი“ მოგენატრებოდა. თბილისში ადრენალინი ალბათ სულ სხვა დოზებით გამოიყოფა – ამდენი ადამიანი, ამხელა ემოცია… რას ნიშნავს მამუკა გორგოძისთვის ბორჯღალიანი კვართით თამაში?

– ორიგინალური ვერ ვიქნები და ახალს ვერაფერს ვიტყვი: ნებისმიერი ერის შვილისთვის მშობლიურ კედლებში, საკუთარი ხალხის წინაშე თამაში არის რაღაც განსაკუთრებული. ეს არის ყველაზე ამაღელვებელი და ყველაზე სასიამოვნო მომენტები ნებისმიერი სპორტსმენის ცხოვრებაში. ამას სიტყვებით ვერ იტყვი. უნდა განიცადო, რომ გაიგო.

– ავსტრალია, უელსი, ფიჯი და კანადა ან ურუგვაი. მსოფლიო თასზე ძალიან რთულ ჯგუფი ვართ. ფიჯის სახით სერიოზული ხიფათი გვემუქრება, უელსსა და ავსტრალიაზე რომ არაფერი ვთქვათ…

– ნაკრებს და ბიჭებს, რაღა თქმა უნდა, მაქსიმალურ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ფიჯი… შესაძლოა, ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია და ფიჯელებმა მხოლოდ მე მომხიბლეს, მაგრამ მათი ახლანდელი ნაკრები დაახლოებით ორჯერ ძლიერია იმ ტონგაზე, რომელსაც შარშანწინ მსოფლიო თასზე მოვუგეთ. სულაც არ მინდა, გულშემატკივრები პესიმისტურად განვაწყო. უბრალოდ, დღეს ფიჯელებს ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. ფიჯელებს მართლა თუ უჭირთ, ეს მხოლოდ კარგად ორგანიზებულ გუნდებთან.

ჰოდა, თუ გუნდურად არ დავუდექით, თუ ბურთი არ დავუმალეთ და გალაღების უფლება მივეცით, ძალიან რთული იქნება ფიჯის ნაკრების შეჩერება.

კანადა თუ ურუგვაი? ალბათ კანადა. და ეს გუნდი არ გეგონოთ ისეთივე ხელწამოსაკრავი, როგორიც ამ ზაფხულს ტესტ-მატჩში დაგვიხვდა. 7-კაცაში დიდი პროგრესი აქვთ, ნატურალიზებული მორაგბეებიც ჰყავთ და კლასიკურ რაგბშიც შეუძლიათ ერთი ცალკეული მატჩის მოულოდნელად მოგება. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ.

– …და მიზანი ალბათ კვლავ ორი თამაშის მოგება იქნება…

– პირადად ჩემთვის პროგრამა-მაქსიმუმი იქნება ორი მატჩის მოგება. ეს იქნება გმირობის ტოლფასი. მსოფლიო თასზე ფიჯი იგივე შემადგენლობას არ დაგვიპირისპირებს, რომელსაც შარშან ზაფხულის ტესტებზე მოვუგეთ. იმ გუნდიდან ახლანდელში, ალბათ, ვერავინ მოხვდება, იმხელა სხვაობაა ამ შემადგენლობებს შორის. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ძალიან რთული მეტოქე გვყავს ფიჯის სახით. მე ის მიკვირს, ინდივიდუალურად ასეთი ძლიერი მორაგბეებით დაკომპლექტებული ნაკრები მსოფლიო თასის ნახევარფინალში როგორ ვერ გადის… ერთადერთი, 10 ნომერი არ ჰყავთ მაგარი, ფიჯელი მგეზავები დღეს ვერ ბრწყინავენ. ყველა დანარჩენ პოზიციაზე ძალიან ძლიერი მორაგბეები ჰყავთ. სამ გარემარბს დავასახელებ – „ტულონის“ ჯოსუა ტუისოვა, „კლერმონის“ ალივერეტი რაკა და „მონპელიეს“ ნემანი ნადოლო. იქვეა ტიმოსი ნაგუსაც. ესენი მაგრები არიან. ცენტრებიც სასწაული ჰყავთ. ლევანი ბოტია ისეთი ბიჭია, დენს ირტყმევინება. ფულბეკები ერთი მეორეზე უკეთესი, სასწაული 9 ნომერი – მატავალუ, „გლაზგოშია“ ახლა. მესამეხაზელებიც, „კლერმონის“ 8 ნომერი პესელი იატო, შერკინების პირველ-მეორე ხაზი რომ დაულაგდეთ, იქაც შეუდარებლები იქნებიან. მოკლედ, მაგარი ხალხი ჰყავთ… ფიჯიმ მეზობლებს – სამოას და ტონგას გაუსწრო პროგრესში.

– ამ ეტაპზე ახალი ზელანდია იმდენად აღემატება ყველა დანარჩენს, რომ წესით, მსოფლიო ჩემპიონობა გარანტირებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ წინ მთელი 2 წელია და ვისზე დადებდი ფსონს? ვის ექნება თუნდაც მცირე შანსი ამ ვარსკვლავებთან?

– რასაც ვუყურებ, ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას შანსი არ აქვთ. არ ვიცი, ედი ჯონსი იმუქრება რაღაცას და ალბათ, ისევ ინგლისი თუ მოახერხებს რამეს, ინგლისელებს სხვებზე წინ დავაყენებდი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, არც მათ უნდა ჰქონდეთ დიდი იმედი.

– ისურვებდი, რომ შენი შვილიც მორაგბე გამხდარიყო?

– ეგრე სადაა. კი ვისურვებდი, რატომაც არა.

– სად უფრო გცნობენ ქუჩაში – საქართველოში თუ საფრანგეთში?

– რა ვიცი, ორივეგან. ალბათ საქართველოში ოდნავ მეტად, მაგრამ აქაც და იქაც – ზომიერად.

– შეიძლება ჯერ არც გიფიქრია ამაზე, მაგრამ მაინც საინტერესოა, სად ხედავს საკუთარ თავს მამუკა გორგოძე აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ? რაგბის ფუნქციონერად, მწვრთნელად, ბიზნემენად, პოლიტიკოსად?.. პოპულარობა არ გაკლია, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული კაცი ხარ, ნებისმიერ ასპარეზზე წარმატებას მიაღწევ და გულთან ყველაზე ახლოს რაა?

– ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ მაქვს. რა თქმა უნდა, მირჩევნია, კერძო ბიზნესი მქონდეს და დამოუკიდებელი ვიყო.

– ვისთან მეგობრობ „ტულონში“ ქართველების გარდა?

– ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მეგობრობა და ძმაკაცობა არავისთან მაკავშირებს.

– პლანეტის ბევრი კუთხე გაქვს ნანახი, სად ისურვებდი დასახლებას, საქმე ასარჩევად რომ გქონდეს?

– რა თქმა უნდა, საქართველოში. თუ ის გაინტერესებს, უცხოეთში სად დავსახლდებოდი? ამაზე მართლა არ მიფიქრია.