„90-იანები, გზის ფული, „სარბიელის“ ფული და თუ დაგრჩებოდა, ხაჭაპურის ფული… სულ სხვა რაღაც იყო, გაზეთი სულაც არ იყო მგონი… ან ჩემთვის არ იყო. „სარბიელი“ იყო და რაღაცას ბევრს სწავლობდი, ისრუტავდი, ბევრჯერ კითხულობდი… ვიღაცას რომ ათხოვებდი და თვალი სულ იქით გეჭირა, როდის დამიბრუნებსო – ის იყო. სხვანაირად რომ კეცავდნენ და ნერვები გეშლებოდა – ის იყო. ვარკეთილიდან თავისუფლებამდე ფეხით რომ წავსულვარ საყიდლად, მხოლოდ იმედით, იქნებ გამოვიდა თქო – ის იყო. ვარდისფერიც იყო, ყვითელიც იყო და კარდონივით სქელიც იყო. ახლაც რომ გადავდივარ ბინიდან ბინაში, ტომრებით დავათრევ, რაც ვირთხებს გადაურჩა. სხვა რაღაცა იყო. „სარბიელი“ ჩემთვის გიო იყო კალანდაძე, სადმე რომ მივფრინავდი ხოლმე და მიგროვებდა ყველა ნომერს. „სარბიელი“ მიშა იყო მშვილდაძე, გვერდებს რომ ვინაწილებდით ხოლმე მეტროში და ისე ვკითხულობდით. საღინაძე იყო, სულ თავისი „სარბიელი“ რომ ჰქონდა, რეზი იყო, ჭანო იყო, ოთო, მიქო, ბარაშკა, ლადო, ჩვენი ბაჩო იყო… ყველა იყო რა. სტადიონის სკამზე ვერ ვიფენდი და ზედ ვერ ვაჯდებოდი და ასე მივეჩვიე. ახლაც ისე ვჯდები ჩვენს ტრადიციულად ჭუჭყიან სკამებზე. მერე რა რომ, მაინც სულ ჯინსი მაცვია, არადა ჯინსს უხდება სტადიონის მტვერი…“
ეს, 5 წლის წინ, ფეისბუქზე დაწერილი ჩემი ჩანაწერის ნაწილია. კომენტარებს გადავხედე და კობა ინასარიძე მწერს, რომ გაცოცხლდება „სარბიელი“, სვეტს ხომ დაწერო. არა, მე ისევ წავიკითხავ, -მეთქი.
საიტად გაცოცხლდა და კობამ მაინც დამაწერინა. მე კიდევ, ავდექი და იმ ხალხს დაველოდე, ვისთვისაც ეს გაზეთი ისეთივე ძვირფასი იყო. ამ ერთ კვირაში ზოგს პირადად მივწერე საიტის ამბავი, ზოგის კომენტარი ფეისბუქზე ამოვიკითხე და ერთად შევაგროვე. არ გამიფრთხილებია, უნდა დავწერო თქო, მაგრამ, მგონი, არც უნდა ეწყინოთ:
– ვაა ძაან მაგარია. გამიხარდა!
– ვაა, მოსალოცი ამბავია, ნამდვილად!
– ვაააა… საიტის სახელი? უნდა დავაშეაროთ ხოლმე, კლიკები მოვუმატოთ ნელ-ნელა
– შენ გაიხარე სერ! აკა აქაც ხომ არ დაწერს ხოლმე რამეს, თუნდაც წელიწადში ერთხელ? გეფიცები, ამაზე კაი ამბავი არ გამიგია კაი ხანია…
– რაღაც ნოსტალგიური ნიუსია, ლოგოს რომ უყურებ და ბევრი რამ გახსენდება… დილით 11-მდე თუ ვერ იყიდიდი, მერე უნდა გერბინა ნახევარი ქალაქის ჯიხურებში…
– ჩემს კორპუსთან გაჩერებაზე მინახავდა ხოლმე ბებო
– აუუუუუ რაც მამაჩემს ეს გაზეთი აქვს ნაყიდი
– აუუ… სულ ვყიდულობდი… აი , მოწევაც რომ ძაან მინდოდა და იქ დახლზე 2 ღერი „ვაისროი“ იყო და გვერდით “სარბიელი”, მაინც 50 თეთრი „სარბიელში“ მიდიოდა…
– სადმე დასასვენებლად რომ მივდიოდი, გამყიდველი მინახავდა ერთი ან ორი კვირის ყველა ნომერს და მერე თავიდან ვიწყებდი და ყველას ჩამოვყვებოდი ხოლმე… რა მაგრად ვიყავი :))))
– დავაბუკმარკე
– ფეხით მივლია წვიმაში და უბედურებაში ძალიან ბევრი, რომ „სარბიელი“ მეშოვა ხოლმე. გაზეთზე ბევრად მეტი იყო. სოციალური პროექტი იყო. ძალიან კომპეტენტური ხალხი მუშაობდა და წერდა. მაგრად გამიხარდა!
– ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ბავშობაში დავბრუნდი, ყველაფერი გამახსენდა…
– 90-იანი წლების ერთადერთი ტკბილი მოგონება…
და ბოლოს, გილოცავთ! როცა რაღაც იწყება, ასეთ დროს იმ ხალხს ულოცავენ ხოლმე, ვინც საქმეს იწყებს. მე მკითხველს გილოცავთ! ჩემს თავს, პირველ რიგში:)