გერმანიის ქალაქ მაინის შვარცენკირხენნოელშლოსენში უეფას მწვრთნელთა სემინარი გაიმართა. 222 მსმენელის წინაშე ლექციებით წარსდგნენ მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტები, ლუის ვან გაალი, ფაბიო კაპელო, ალექს ფერგიუსონი, ოტმარ ჰიცფელდი და ზლობომირ აგრესოვიჩი. მათ თანამედროვე ტაქტიკის კვაზიპერპენდიკულარულ განვითარებაზე ისაუბრეს. ვან გაალის ლექციის თემა გახლდათ „ლეკალოს და ტრანსპორტირის როლი 4-4-2 განლაგების დამუშავებაში“, კაპელოსი — „1:0-ის უპირატესობა სხვა ანგარიშებთან შედარებით და მისი მიღწევის 23 მეთოდი“, ფერგიუსონისა — „როგორ მოვიგოთ თასი გუნდში მისვლიდან 27 წლის შემდეგ“, ჰიცფელდისა — „ფიზიკური მომზადება კლიმაქსამდელი ასაკის ფეხბურთელებისთვის“, აგრესოვიჩის კი ­— „აგრესიული თამაში და მისი პერსპექტივა“.

ჩვენს ხელთ არსებული მასალები თითოეულ თემაზე დაწვრილებით შეჩერების საშუალებას იძლევა, მაგრამ მკითხველთა გადაღლის შიშით გადავწყვიტეთ ყურადღება მხოლოდ აგრესოვიჩის მოხსენების ზოგიერთი დეტალისთვის მიგვეპყრო.

„აგრესიული ტაქტიკის შემუშავებისას — ბრძანებს აგრესოვიჩი — განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა განლაგებას ან ფიზმომზადებას, არამედ მოთამაშეთა აგრესიულობის კოეფიციენტს ამისთვის კი მატჩის წინა საღამოს გუნდის კინოში წაყვანაა აუცილებელი. მაგრამ, რომელ კინოში? თანამედროვე გუნდი, მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთელებისგან შედგება. მეტიც, გახშირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ორი ინგლისელიდან ერთი ფრანგია, მეორე კი ნიგერიელი. ხვალ, ალბათ, ასეთსავე ტყუპებთან მოგვიწევს მუშაობა, ხოლო ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აგრესიულობის კოეფიციენტის ასაწევად სხვადასხვა ფილმის ნახვა სჭირდებათ. მოვიტან ჩემი გუნდის, ესპანური „სალახუნას“ მაგალითს. მის ადგილობრივ ფეხბურთელებზე მოქმედებს ფილმები დანაჩასობილ ძროხებზე, არაბებს პორნო აღგზნებთ, მაგრამ პორნოს ჩვენება არაფრით შეიძლება უნიკალური სერბი ფორვარდისთვის, ველიკო ტაშიჩისთვის. ის საწვრთნელი ცენტრიდან იპარება, მაგრამ თუ ჭიშკარი ჩაკეტილი დახვდა, უკანვე ბრუნდება. სამაგიეროდ, მასზე ჩინებულად მოქმედებს ხორვატული კინო. სენეგალელებს ყველაფერს ჩამქრალ ეკრანთან სხდომა ურჩევნიათ, ქართველი გარემარბი-აღარმორბი დათუშკი ჩემიკაიძე კი აგრესიული იმ ფილმების ნახვის მერე ხდება, რომელშიც პოლიციელი დამნაშავეს იჭერს. მაშ რა უნდა ვიღონოთ? ბუნებრივია, ეკონონომიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, აჯობებდა გუნდი საწვრთნელ ცენტრთან ყველაზე ახლო მდებარე კინოში წაგვეყვანა, კლუბის პრეზიდენტებისთვის კი გვეთქვა, რომ ფილმი, რომლის ნახვაც გვინდა, ქალაქის მეორე ბოლოში გადის და იქამდე მისაღწევი, პლუს ბილეთის და უკან დასაბრუნებელი ფული გამოგვერთმია, მაგრამ თუ ახლოს კარგი არაფერია? ამიტომ, ასე უნდა მოვიქცეთ, მივდივართ ფეხბურთელებთან და ვეუბნებით: თქვე ახვრებო, ხვალ თუ არ მოიგებთ კაპიკს ვერ მიიღებთ, ვერც იკაიფებთ, ვერც ბოზებში წახვალთ და ვერც დალევთ, ცხოვრება კიდევ ამ სამი რამისგან შედგება. კინო არა მინო. წადით ახლა დაეყარეთ, დაიძინეთ და ხვალ გაიღვიძეთ, თორემ თქვენი….“

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ სემინარს ესწრებოდა ქართველი მწვრთნელი, თბილისის „მაგრების“ თავკაცი ენგელბერტ პონტელავაც, რომელმაც ცოცხალი შთაბეჭდილებებით შეავსო ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

— ბატონო ენგო, რომელმა ლექციამ დატოვა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

— ნელა თქვი, რა. როგორ?

— რომელი ლექცია მო-გე-წო-ნათ?

— მე? ის აჩკებიანი როჟა რო ატარებდა.

— რა იყო მასში აღ-სა-ნიშ-ნა-ვი?

— აღ… როგორ?

— სანიშნავი.

— ჩემი კაი, არ მიყვარს რა ეს ჟურნალისტები, ახლა რაღაცას დაწერა ხო ვიცი; შენ იცი მე ვინ ვარ?

— ვინ?

— სლიშკომა გაგიგია? იმის ძმა ვარ.

— გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.

პაპუნა კედია

P.S. ავტორი ყოველ შემთხვევაში თავს იზღვევს და აცხადებს, რომ თუ ვინმე სლიშკომა მართლა არსებობს, მისი სახელის პერსონაჟის სახელთან დამთხვევა შემთხვევითობაა და წინასწარ ბოდიშს იხდის.

2000 წლის 9 თებერვალი