ჩაიგრიალა საჭადრაკო მსოფლიო თასმა ქალაქ თბილისში და რამდენიმე დღის გამოშვებით “სარბიელის” ახალი სიცოცხლეც დაიწყო. გაქცეულ ცხენს აღარ გავედევნებით, მკითხველს კი იმის პირობას მივცემთ, რომ ამიერიდან ჭადრაკში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს არ გამოვაპარებთ. მანამდე კი კონსპექტურად იმაზე, რაც გასული თხუთმეტი წლის მანძილზე ბრძენთა თამაშში შეიცვალა…
შეიცვალა კი ბევრი რამ. 2002 წელს მქუხარე გვარებიდან დღეისთვის სამიოდე თუღა შემორჩა ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის 2017 წლის ოქტომბრის ტოპ-ათეულს: ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 9), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 8), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 9). მსოფლიო ჩემპიონობა ბოლო წლების მანძილზე უცვლელად მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია, 1) დაიჩემა, რომლის სამშობლოც დიდი საჭადრაკო ტრადიციებით არასდროს იყო განთქმული, ხოლო საჭადრაკო რუქაზე დღეისთვის ყველაზე ცნობილ პუნქტად ბევრი მისისიპის ნაპირებს, კერძოდ კი სენტ-ლუისის საჭადრაკო კლუბს მიიჩნევს. ბობი ფიშერის შემდეგ დაღმა დაქანებული ამერიკული ჭადრაკის რეინკარნაცია სწორედ სენტ-ლუისში დაიწყო, როცა მას სხვადასხვა ქვეყნებში დაბადებულმა საჭადრაკო ვუნდერკინდებმა მიაშურეს: იტალიელმა ფაბიანო კარუანამ (4), მამით იაპონელმა ჰიკარუ ნაკამურამ (10) და ფილიპინელმა უესლი სომ (7). სენტ-ლუისის სუპერტურნირმა კლასიკური, სწრაფი და ბლიც-ჭადრაკის ელემენტებით უკვე დაჩაგრა საჭადრაკო სამყაროს კლასიკად მიჩნეული დორტმუნდი და ვიიკ-აან-ზეე, ხოლო ჭადრაკის გიგანტთა საბუდრად მიჩნეული ლინარესის სუპერტურნირი 2010 წელს გარდაიცვალა და დღემდე არაფერი გვსმენია მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ.

სენტ-ლუისში კი, როგორც მოგახსენეთ, ჭადრაკი დუღს და გადმოდის, ისე, რომ ბოლოს თვით ურეიტინგო გარი კასპაროვი, თორმეტწლოვანი გარინდების შემდეგ, საერთო ორომტრიალში ჩაერთო და თუმც მისი გამოსვლა ერთგვარად სერია A-ს თამაშზე დღევანდელი მარადონას შერბენას ჰგავდა, რიგ პარტიებში, განსაკუთრებით ბლიცში კასპაროვმა უჩვენა, რომ ძველი ჩემპიონისა მხოლოდ ჩრდილი როდია დარჩენილი.
მაქსიმ ვიშიე-ლეგრავი (3) საფრანგეთს უბრუნებს ლაბურდონეს დროინდელ დიდებას, ინდურ-რუსული ფესვების მქონე ანიშ გირი (13), ვინც ქართველი მოჭადრაკის, სოფო გურამიშვილის მეუღლე გახლავთ, ჰოლანდიისთვის ახალ მაქს ეივედ გახდომას გეგმავს. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2) და შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 6) გვიმტკიცებენ, რომ კავკასიის საჭადრაკო პოლუსი თბილისში აღარ უნდა ვეძებოთ, ხოლო ჩინელების მოძალებაზე (მაია ჩიბურდანიძის შემდეგ ქალთა 11 მსოფლიო ჩემპიონიდან შვიდი ჩინელი გახლდათ და კაცთა შორის თუნდაც თბილისში მსოფლიო თასის ფინალი ხომ ჩინელმა დინ ლიჟენმა ითამაშა) სიტყვის გაგრძელება ზედმეტია: 21-ე საუკუნე ჩინური სპრინტის ეპოქაა და ჭადრაკი რატომ იქნება გამონაკლისი?
მთელ ამ ფონზე კი ქართული ჭადრაკის მიღწევები ჯერჯერობით მწირია. 2008 წლის ერთადერთი დიდი გამონათების შემდეგ (38-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მოგება) უმაღლესი მიღწევებით ვეღარ დავიკვეხნით, თუმცა ახალი თაობის ქართველი მოჭადრაკები ჯიუტად დგანან საჭადრაკო ელიტის მისადგომებთან და იმედია, ახალი მიღწევებიც შორს არ არის.
ჯერ სულ ეს არის. აფსუს, რომ ოქტომბრის შუაწელი მასალით ღარიბი გამოდგა. ანტალიის სიახლოვეს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი კი გახურდა, მაგრამ ვაჟთა 36 კლუბის წევრთა სიაში ერთი ქართული გვარიც ვერ დავლანდეთ და სხვაფრივ, 2000-2500 ქულიანი რეიტინგების მქონე მოჭადრაკეთა პარტიების ანალიზი, ვშიშობთ, მკითხველს მოგვიწყენს. უმაღლესი დონის თუ საქართველოში მიმდინარე საჭადრაკო მოვლენებზე საუბარს მცირე პაუზის შემდეგ გავაგრძელებთ…