ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ “მარკას” გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას “ესტადიო ნემესიო კამაჩოზე” შეკრებილმა 50 ათასმა მაყურებელმა თვალი ადევნა მათი საყვარელი “მილიონარიოსის” ამხანაგურ შეხვედრას მადრიდის “რეალთან”. “მილიონარიოსში” მაშინ ალფრედო დი სტეფანო თამაშობდა. ერთ წელიწადში ის “რეალში” გადავიდა და დაიწყო ეპოქა, რომლის შესახებაც ყველამ კარგად ვიცით.

ალფრედო დი სტეფანო “მილიონარიოსის” თავდამსხმელთა შორის

იმხანად კი “რეალისთვის” უჩვეულო პერიოდი იდგა — მადრიდის გუნდს 1932-33 წლების სეზონის მერე ესპანეთის ჩემპიონის ტიტული არ მოეგო. ამის მიუხედავად, ბოგოტაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ყველას უნდოდა ენახა, როგორ ითამაშებდა მათი გუნდი ევროპელი სტუმრების წინააღმდეგ.

“რეალი” მე-17 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა ძალა მოიკრიბეს და 2:1 მოიგეს. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ სტადიონზე ემოციათა ვულკანი ამოიფრქვა. მაყურებელმა თავაწყვეტლი ზეიმი მოაწყო. ერთ-ერთი მოზეიმე 25 წლის ჩე გევარაც გახლდათ.

ფეხბურთს ერნესტო გევარას ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ სიყმაწვილეში თავგადაკლული თამაშობდა და ბევრს დარბოდა, თუმცა ასთმის გამო იძულებული გახდა პოზიცია შეეცვალა, თავდამსხმელი გამხდარიყო, რადგან ამ ამპლუაში ნაკლები მოძრაობა უწევდა. აბა, ინჰალატორით ხელში ბევრი სირბილი როგორია?!

ჩე კუბის მრეწველობის მინისტრობის დროს

ჩე “როსარიო სენტრალს” გულშემატკივრობდა და მართალია დი სტეფანოს ამ გუნდში არასდროს უთამაშია, ის მაინც რევოლუციონერის კერპი იყო. გევარა დი სტეფანოს პატარაობიდან ეთაყვანებოდა და ბავშვებმა რომ იციან ქუჩაში თამაშის დროს გაჰყვიროდა: დღეს მე ალფრედო დი სტეფანო ვიქნები!

ნეტავ, ასთმას არ შეეშალა ხელი. ვინ იცის, ფეხბურთელი გამოსულიყო. ალბათ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა.

Marca-ს ფოტოები