მე ვერ მოგახსენებთ, გახდნენ თუ არა სერბთა ზეობის მოწმე, ბელგრადელი იეღოვას მოწმეები, რომელთა შტაბ-ბინაც ბელგრადის სტადიონიდან ორმოცდაათიოდე მეტრში მდებარეობს, გეტყვით მხოლოდ იმას, რისი მოწმეც თავად გავხდი: ჯერ ერთი სერბებმა რომ ასეთი წარმატება უჩვეულოდ მშვიდად აღნიშნეს და მერე მთავარი, საქართველოს ნაკრებმა რომ მორიგი უგულო და უგოლო მატჩი ჩაატარა, დამარცხდა და სამარცხვინოდ და მოუგებლად დაასრულა შესარჩევი ციკლი… მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე 35 ათასამდე ბილეთი გაყიდული იყო, თუმც, აქაურ „რაიკო მატიჩზე“ (თიკუნად მარაკანას რომ ეძახიან) მისულს, კვლავაც რიგი დამხვდა, შედეგად, მატჩის დაწყებამდე, კიდევ რამდენიმე ათასი კაცი წაემატა ამოსაფრქვევად გამზადებულ ტრიბუნებს. მიუხედავად იმისა, რომ სერბებმა ოდნავ უნიათოდ და დაბნეულად დაიწყეს,მთელი მატჩის მანძილზე არ მტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ეს გუნდი გეგმაზომიერად მიდიოდა დასახული მიზნისკენ, ჩვენი გუნდის გარჯაში კი არავითარი გეგმა და დასახული მიზანი არ ჩანდა, არც წინასამატჩოდ დანაქადნები მოტივაცია ეტყობოდა ვაისის გუნდს. შევეცადოთ არ გავუშვათ, აი, ძირითადი პოსტულატი გუნდისა, რომელსაც მარაკანაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა საგოლე შანსების შექმნა-რეალიზების მნიშვნელობაზე… ხუთი ფრე, ხუთიოდე ქულა, მეხუთე ადგილი და უკვე მერამდენე იმედგაცრუება..
ახალ სეზონს საქართველო უკვე ჯუჯების მხარდამხარ დაიწყებს. დღევანდელმა რეალობამ ეროვნულ გუნდს ევროპის მაჩანჩალებს (სან-მარინო, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ანდორა, ფარერები…) შორის მიუჩინა ადგილი და მათ დაგვამეზობლა… სამწუხაროა, ჩვენ ფეხბურთი წავაგეთ…
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი
ევროპა. შესარჩევი ეტაპი. D ჯგუფი. X ტური
9 ოქტომბერი. ბელგრადი. 22:45. “რაიკო მიტიჩი”. 51 000 მაყურებელი
სერბეთი 1:0 საქართველო
1:0 პრიოვიჩი (74)
სერბეთი: სტოიკოვიჩი, ივანოვიჩი, მაქსიმოვიჩი, ტოშიჩი, რუკავინა, მატიჩი, გუდელი, კოლაროვი, ლიაიჩი (პრიოვიჩი 61), ტადიჩი (კოსტიჩი 88), მიტროვიჩი (მილივოიევიჩი 76)
მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი
საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი, გვილია, კანკავა, აბურჯანია (დვალიშვილი 82), ყაზაიშვილი, ჯიღაური (ჰუფნაგელი 86), ქვილითაია (მერებაშვილი 78)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: ქვილითაია, მატიჩი, მაქსიმოვიჩი, პრიოვიჩი, გვილია
მსაჯი: პაველ გილი (პოლონეთი)
კარში დარტყმა – 17 (5) : 7 (2)
ჯარიმა – 13 : 17
კუთხური -10 : 0
თამაშგარე – 3 : 0
ბურთის ფლობა – 48% : 52%
ავტორის ვიდეოები