ცოტა შორიდან დავიწყებ… ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, კინოინდუსტრიაში საოცარი დუეტი ჰქონდათ ქვენტინ ტარანტინოსა და რობერტ როდრიგესს (ხამესს არა, რობერტს). ჰოდა იმ ამბავმა, რაზეც ახლა უნდა დავწერო, მათი ერთ-ერთი ეპოქალური ფილმის გენიალური მონაკვეთი გამახსენა. მოკლედ, ორნი ბარში შედიან ნარკოტიკის ასაღებად და სანამ იდენტიფიცირებას გაივლიან, ბარმენს ერთ–ერთი ასეთ ამბავს უყვება: იცი, ამას წინათ ერთ ბარში რა მოხდა?კლიენტი ბარმენს დაენიძლავა, მე ამ ბოთლში, რომელსაც ახლა შენს ბარზე დავდებ, ათი მეტრიდან მოვშარდავ, თანაც ისე, რომ ერთ წვეთსაც არ დავღვრი. ბარმენი დათანხმდა და 100 დოლარსაც ჩავიდა ფსონად… გაუშვა კლიენტმა და გაწუწა მაგიდა, სკამი, ბარი, თვით ბარმენი, მაგრამ ბოთლში ერთი წვეთიც კი ვერ მოახვედრა…ბარმენმა ღიმილით უთხრა – წააგეთ სერ… რაღა თქმა უნდა, უთხრა კლიენტმა და ასევე ღიმილით ასი დოლარი ჩაუთვალა მოგებულს. კი, მაგრამ, რა გიხარიათ სერ, თქვენ ხომ ახლახან ასი დოლარი წააგეთ? – იკითხა გაწუწულმა ბარმენმა… რა და, ათი წუთის წინ, აქ მყოფ ჯენტლმენებს ხუთას დოლარზე დავენიძლავე, რომ აქაურობას შარდით ავაყროლებდი, თვით ბარმენსაც კი მივაშარდავდი და იგი არათუ განრისხდებოდა ამის გამო, არამედ კმაყოფილიც დამრჩებოდაო…
არ ვიცი, რა შეთანხმება დადეს ქართული ფეხბურთის მესვეურებმა სლოვაკ მწვრთნელ ვლადიმერ ვაისსთან მაგრამ, ქართველ ქომაგთა დიდ ნაწილს ზემოთ ნახსენები ბარმენის ბედის გაზიარება კი ემუქრება. ფაქტია, სერბეთ-საქართველოს გადამწყვეტი (გადამწყვეტი სერბებისთვის, თორემ ჩვენთვის ყველაფერი კარგა ხნის გარკვეული იყო) მატჩის წინ ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი გადაჭრით აცხადებდა, რომ ისინი გასამარჯვებლად გავიდოდნენ მოედანზე და ცდას არ დააკლებდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად. რა იყო ეს, წინასამატჩო ბრექი? ვფიქრობ, უფრო უტიფრობა, რადგან ამ მოუგებელმა გუნდმა, რა ცდაც არ დააკლო ბელგრადულ მატჩში, ყველამ კარგად ვნახეთ და თუკი, ვინმე ჩათვლის რომ მაქსიმუმი დადეს და თავი არ დაზოგეს, მაშინ, ორგზის უტიფრობა ყოფილა წინასამატჩო კომენტარები, რაკიღა, მხოლიდ ასეთი, „ცდის არდამკლები“ რესურსით სერბეთის დარ გუნდთან სტუმრად გამარჯვება აბსურდია და ეს მატჩისწინა დაპირებანიც წინასაარჩევნო ლოზუნგებს წააგავდა… და ვაისი…შესაძლოა იგი ზოგადად კარგი სპეციალისტია და დასაფასებელ – მოსაწონი საფეხბურთო ხედვებიც აქვს, მაგრამ ლოგიკურად, აბსურდი უნდა იყოს იმ აზრთან შეგუება, რომ მან ეფექტური ნაბიჯები გადადგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობისას დასაერთო ევროპულ რელსებზე დააყენა გუნდი. აბსურდია, გუნდი ვერ იგებდეს და მწვრთნელი ყოველთვის კმაყოფილი იყოს სამწყსოს გარჯით.ასე იყო სერბეთთან მატჩის შემდეგაც, ვაისმა საგანგებოდ აღნიშნა რომ წაგებული თამაშით კმაყოფილია და სერბებისთვის თბილისშიც შეეძლო მოგება… მეც აქაური ვარ და ვიცი, რომ ცნება – ,,მაგრად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ”, წმინდა წყლის ქართული პროდუქტია და ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი ჩვენს ცნობიერებაში, მაგრამ როდესღაც ხომ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან. როდესმე ხომ უნდა დავსვათ კითხვები და მივიღოთ მათზე პასუხები? რატომ ვერ ვიგებთ, თუკი კარგად ვთამაშობთ? რატომ და როგორ უნდა მოგიტანოს იმ მწვრთნელმა სასურველი შედეგები, რომელიც თავისი სამწყსოს წაგებითაც კმაყოფილია? შემოდგომაა მუდამ დაზამთრებულ ქართულ ფეხბურთში და ამ დროს მონაგარს ითვლიან ხოლმე. ჩვენთან კი რაა დასათვლელი… ერთტურიანი, სამარცხვინოდ ჩაგდებული ევროსაკლუბო სეზონი, უღიმღამო ასაკობრივი გუნდები, დებიუტშივე ლამის უმოტივაციოდ დარჩენილი ახალგაზრდული – ბირთვი, რომელიც ღერძი უნდა იყოს ეროვნული გუნდის…ჰოდა, თითიც და ეს მოუგებელი ხუთქულიანი საკვალიფიკაციო ეტაპის საბოლოო ცხრილი ფეხბურთის ფედერაციისკენ გამიშვერია – ყველა ბარმენები ვერ ვიქნებით, ბატონებო…