მესის მისია-გადაარჩინე არგენტინა!

ცოტაც და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისტორიის კუთვნილება გახდება. რაღა დარჩა? დღეს და ხვალ ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, რომელსაც ნოემბერში უკვე გადამწყვეტი პლეი ოფები მოჰყვება და… სადღეისოდ, მომავალ ზაფხულს რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური ტურნირის მასპინძლის გარდა, ოფიციალურად 16 ქვეყანას აქვს დაბევებული და გერმანია, სერბეთი, პოლონეთი, ინგლისი, ესპანეთი, ბელგია, ისლანდია (ევროპიდან), ბრაზილია (სამხრეთ ამერიკიდან), ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი (აზიიდან), ნიგერია, ეგვიპტე (აფრიკიდან), მექსიკა და კოსტა რიკა (ჩრდილოეთ ამერიკიდან) უკვე ბილეთებს უკვეთავენ.

მოკლედ, 15 მონაწილის ვინაობა კიდევაა გასარკვევი. საგზურის მაძიებელთა შორის კი ისეთი გრანდები არიან, რომელთა გარეშეც მსოფლიოს ჩემპიონატი წარმოუდგენელია და მეტიც, ეშხს და ელფერს უთუოდ კარგავს.

მსოფლიოს სულ რვა ჩემპიონი ჰყავს და ამ რვიდან ბრაზილია (1958, 1962, 1970, 1994, 2002), გერმანია (1954, 1974, 1990, 2014), ინგლისი (1966), საფრანგეთი (1998) და ესპანეთი (2010) უკვე „რუსულ გეგმაზე“ ფიქრობს. აი, იტალია (1934, 1938, 1982, 2006), არგენტინა (1978, 1986) და ურუგვაი (1930, 1950) კი ჯერაც საგზურს ელიან…

ერთი სიტყვით, მსოფლიო ფეხბურთის გურმანებს ბოლო დღეებში მხოლოდ ერთი თემა აქვთ სალაპარაკო და გაუთავებლად მარჩიელობენ, გავა არგენტინა? გავა იტალია? ურუგვაისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ მხრივ უფრო ქართველი „არგენტინელები“ და „იტალიელები“ აქტიურობენ, თუმცა ისიცაა, სუარესი-კავანის და კომპანიის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი მართლაც ბევრ დაკარგავს, ისევე როგორც კრიშტიანუ რონალდუს (ევროპის ჩემპიონ პორტუგალიას დღეს შვეიცარიასთან აქვს სათამაშო ჯგუფში პირველობისთვის) და ჰოლანდიელთა არყოფნა.

ჰოდა, ვიდრე ქომაგობა ბჭობს, გადავწყვიტე, ისტორიისთვის გადამეხედა და ქვემორე წერილში თქვენთვის, 1950 წლიდან მოყოლებული ისტორიული ფაქტები შემეხსენებინა ანუ, მუნდიალი გრანდების გარეშე! მაშ, დავიწყოთ…

1950 (ჩატარდა ბრაზილიაში, ჩემპიონი – ურუგვაი)

ბრაზილიის მინდვრებზე საფრანგეთმა, არგენტინამ და გერმანიამ ვერ ითამაშეს. ფრანგები შესარჩევ ეტაპზე იუგოსლავიას გადაეყარნენ და ბალკანელებს ორჯერვე 1:1 ეთამაშნენ. დაინიშნა მესამე, გადამწყვეტი მატჩი, რომელიც საფრანგეთმა 1949 წლის 11 დეკემბერს დამატებით დროში 2:3 წააგო და საგზურიც იუგოსლავიას გადაულოცა. არგენტინამ ქვეყნის მთავრობის პირადი ჩარევის გამო თქვა უარი შესარჩევში ჩილესთან და ბოლივიასთან თამაშზე რასაც, ცხადია, მოსახლეობის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა, თუმცა ფიფასთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონია. რაც შეეხება გერმანელთა არმონაწილეობას, მოგეხსენებათ, იმ დროს მეორე მსოფლიო ომი ხუთი წლის დამთავრებული გახლდათ და გერმანელებს არ ეფეხბურთებოდათ.

1954 (ჩატარდა შვეიცარიაში, ჩემპიონი – გფრ)

შვეიცარიაში ესპანელებმა და იმავე არგენტინელებმა ვერ ითამაშეს – თუ არგენტინის მთავრობამ თავის გუნდს ამჯერადაც დაადო ვეტო და არ მისცა უფლება კვლავ მიეღო მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ესპანეთისთვის თურქეთის ნაკრები აღმოჩნდა დაუძლეველი ბარიერი: ესპანელებმა ევროპული ზონის შესარჩევში, მადრიდში 4:1 გაანადგურეს თურქები, მაგრამ სტამბოლში 0:1 წააგეს და ვინაიდან, იმ დროს ბურთების სხვაობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, დაინიშნა მესამე, გადამწყვეტი მატჩი. 1954 წლის 17 მარტს, რომში გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, წესებით კი გუნდები მეტად ვერ იბურთავებდნენ და მუნდიალზე გამსვლელის ვინაობა აგდებულ მონეტას უნდა გადაეწყვიტა – ფორტუნამ თურქებს გაიღიმა.

1958 (ჩატარდა შვედეთში, ჩემპიონი – ბრაზილია)

პირველი მუნდიალი, რომელმაც ერთდროულად ორი მსოფლიოს ჩემპიონი მოისაკლისა – იტალიას (1934, 1938) და ურუგვაის (1930, 1950) უკვე მოესწროთ ორ-ორჯერ პლანეტის საუკეთესოობა, მაგრამ შვეიცარიაში მაინც ვერ მოხვდნენ. მათივე ბედი ზედიზედ მეორედ ესპანეთმა გაიზიარა.„სკუადრა აძურამ“ ევროპულ ზონაში, სამგუნდიანი შესარჩევი ეტაპი ვერ დაძლია, პორტუგალიას კი აჯობა, მაგრამ პირველზე ჩრდილოეთ ირლანდია გავიდა და შესაბამისად, საგზურიც ბრიტანელებს ერგოთ.ჯგუფში ჩარჩა ესპანეთიც – პირინეელებმაც სამგუნდიანი ბარიერი ვერ დაძლიეს, შვეიცარიას იოლად აჯობეს, თუმც შოტლანდიასთან ვერას გახდნენ.თავის მხრივ, ასევე სამგუნდიანი, ოღონდ სამხრეთამერიკული ზონის შესარჩევი ჯგუფი ურუგვაისთვისაც უიღბლო აღმოჩნდა – ურუგვაელებიც მეორეზე გავიდნენ, წინ პარაგვაი გაუშვეს, კოლუმბია კი მოიტოვეს.

1962 (ჩატარდა ჩილეში, ჩემპიონი – ბრაზილია)

ჩილეში გრანდთაგან ოდენ საფრანგეთის ეროვნული გუნდი ვერ ჩავიდა. „მამლებმა“ სამგუნდიან შესარჩევ ჯგუფში ბულგარელთა დარად 6 ქულა დააგროვეს, საგზურის ბედი დამატებით შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა და 1961 წლის 16 დეკემბერს მილანში ბულგარეთის ნაკრებმა 1:0 იმარჯვა.

1970 (ჩატარდა მექსიკაში, ჩემპიონი – ბრაზილია)

არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი – მექსიკაში ესენი ვერ წავიდნენ. საფრანგეთმა სამგუნდიან შესარჩევ ჯგუფში შვედეთსა და ნორვეგიას შორის დაიკავა ადგილი, ესპანეთი ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე იყო ბელგიისა და იუგოსლავიის შემდეგ, ხოლო არგენტინა  ბოლოზე გავიდა პერუსთან და ბოლივიასთან ჭიდილში.

1974 (ჩატარდა გფრ-ში, ჩემპიონი – გფრ)

საფრანგეთმა და ესპანეთმა ზედიზედ მეორედ, ერთდროულად გამოტოვეს მუნდიალი, რომლებსაც ინგლისმაც აუბა მხარი. ბრიტანელებს შესარჩევ ჯგუფში იმ ლეგენდარულმა პოლონეთის ნაკრებმა აჯობა, რომელშიც მეკარე ტომაშევსკი, ჟმუდა, კასპერჩაკი, ლიატო და შარმახი ბრწყინავდნენ, ესპანელებს არანაკლებ ლეგენდარული დრაგან ჯაიჩის თამადობით იუგოსლავიის ნაკრებმა გადაუღობა გზა, ფრანგები კი ჯგუფში სულაც ბოლო ადგილზე გავიდნენ საბჭოთა კავშირისა და ირლანდიის ნაკრები გუნდების შემდეგ. სხვათა შორის, სტაჟიან გულშემატკივრებს გფრ 74-ზე საბჭოელთა არყოფნა კარგად უნდა ახსოვდეთ – სსრკ საგზურის მოსაპოვებლად დამატებით მატჩში ჩილეს უნდა შეხვედროდა და პირველი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც მოსკოვში 0:0 დასრულდა, კომუნისტურმა მთავრობამ ფეხბურთელების სანტიაგოში გაშვებაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ჩილეში გამეფებული დიქტატურული რეჟიმი მოიყვანა. პროტესტმა ცხადია, საბჭოელებს ავნო – სანტიაგოს ეროვნულ სტადიონზე მხოლოდ ჩილეს ნაკრები გავიდა და… ფიფასგან  საგზურიც ავტომატურად ირგუნა.

1978 (ჩატარდა არგენტინაში, ჩემპიონი – არგენტინა)

არგენტინის მსოფლიოს ჩემპიონატი ინგლისმა ზედიზედ მეორედ და ურუგვაიმ გამოტოვეს. ბრიტანელებმა შესარჩევ ჯგუფში ფინეთს და ლუქსემბურგს იოლად კი მოუგეს ორივე მატჩი, მაგრამ იტალიის დარად, 10 ქულა დააგროვეს და აპენინელებთან ოდენ ბურთების უარესი სხვაობის გამო დაიჩაგრნენ – ინგლისის 15:4, იტალიის 18:4-მა გადაწონა. რაც შეეხება ურუგვაელთა ჩავარდნას, ურუგვაელები ბოლივიის შემდეგ მეორეზე გავიდნენ ჯგუფში, ვენესუელას მოტოვება კი არად წაადგათ.

1982 (ჩატარდა ესპანეთში, ჩემპიონი – იტალია)

მუნდიალი კვლავ ურუგვაის და ამჯერად უკვე, ჰოლანდიის გარეშე. ურუგვაის ესპანეთისკენ მიმავალ გზაზე პერუმ აჯობა და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონები ტურნირის ფინალური ეტაპის მიღმა დარჩნენ. ორი იოჰანის, კრუიფისა და ნეესკენსის ჰოლანდიის ნაკრები კი  1974 და 1978 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი იყო. მუნდიალის 2-გზის ფინალისტმა ესპანეთი 82-ის შესარჩევი მაგრად ჩააფლავა და ჯგუფშიც ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა.

1986 (ჩატარდა მექსიკაში, ჩემპიონი – არგენტინა)

მექსიკის ჩემპიონატზე გრანდთაგან ისევ და ისევ ჰოლანდიამ ვერ ითამაშა, ეს მერე იყო, ორი წლის შემდეგ რომ წამოვიდა ნიდერლანდელთა ვარსკვლავური თაობა მარკო ვან ბასტენის, რუუდ გულიტისა და ფრანკ რაიკარდის თამადობით. 1986 წელს მექსიკაში მართლაც გრანდები ბურთაობდნენ, სწორედ მექსიკაში გაიბრწყინა ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ, გვახსოვს მისი „ღმერთის ხელი“ ინგლისთან, სსრკ-ბელგია დრამატული 3:4-ით და რაღა თქმა უნდა, სუპერფინალი არგენტინა-გფრ 3:2…

1990 (ჩატარდა იტალიაში, ჩემპიონი – გერმანია)

მსოფლიოს ჩემპიონატს ოდენ საფრანგეთი დააკლდა – ფრანგები მესამე ადგილზე გავიდნენ შესარჩევ ჯგუფში იუგოსლავიისა და შოტლანდიის შემდეგ.

1994 (ჩატარდა აშშ-ში, ჩემპიონი – ბრაზილია)

ურუგვაი კვლავ ჩარჩა ჯგუფში, ამჯერად მათ ბრაზილიისა და ბოლივიის წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს, თუმცა აჯობეს ეკვადორს და ვენესუელას. ინგლისი, რომელიც მესამე იყო შესარჩევში ნორვეგიისა და ჰოლანდიის შემდეგ. და საფრანგეთი… დიახ, ფრანგები, რომელიც ბულგარელებმა კიდევ ერთხელ გაამწარეს. 1993 წლის 17 ნოემბერს, „პარკ დე პრენსზე“ გამართული მატჩი უთუოდ ემახსოვრებათ, როდესაც საფრანგეთს, ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა ერიკ კანტონას გოლით შეხვედრას სულაც იგებდა და ფრანგებიც ზეიმისთვის ემზადებოდნენ. ამ დროს, სად იყო და სად არა, შეცვლაზე შესული ბულგარელი ემილ კოსტადინოვი გამოხტა, „მამლებს“ ბოლო 5 წუთში ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ამერიკის საგზურიც თავის ქვეყანას მოუტანა, ხოლო აშშ-ს მინდვრებზე როგორ ითამაშა ბულგარეთის მართლაც „ოქროს თაობამ“, კარგად მოგეხსენებათ – მე-4 ადგილზე გავიდა.

1998 (ჩატარდა საფრანგეთში, ჩემპიონი – საფრანგეთი)

ისევ ურუგვაის გარეშე და ამჯერად უკვე ძალიან ჩაფლავებული შესარჩევი – ურუგვაელები სამხრეთ ამერიკის ზონის 9-გუნდიან ჯგუფში მე-7 ადგილზე გავიდნენ.

2002 (ჩატარდა კორეა-იაპონიაში, ჩემპიონი – ბრაზილია)

კორეა-იაპონიაში მხოლოდ ჰოლანდიელები ვერ ჩავიდნენ – „ნარინჯისფერები“ პორტუგალიას და ირლანდიას ჩამორჩნენ.

2006 (ჩატარდა გერმანიაში, ჩემპიონი – იტალია)

კვლავ ურუგვაის ნაკრები გამოაკლდა, რომელმაც მე-5 ადგილი დაიკავა და გერმანიის მუნდიალზე მოსახვედრად პლეი ოფში ოკეანეთის ჩემპიონ ავსტრალიასთან დამარცხდა: ურუგვაელებმა შინ დარიო როდრიგესის გოლით 1:0 მოიგეს, თუმცა საპასუხო მატჩი სიდნეიში 0:1 დათმეს და მერე პენალტების სერიაშიც 2:4 დამარცხდნენ.

2010 (ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში, ჩემპიონი – ესპანეთი)

გრანდებიდან ყველა იყო

2014 (ჩატარდა ბრაზილიაში, ჩემპიონი – გერმანია)

გრანდებიდან ყველა იყო