ბელგრადში მართლაც დიდი ზეიმის მოლოდინია. უცხო თვალისთვის ეს შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ აქაურებში ისეთი განწყობაა, თითქოს უკვე რუსეთში იყვნენ. მართალია, პესიმისტები ამათშიც გამოერევიან, მაგალითად ჩემი მეგობარი და ყვინთვაში მეწყვილე უროშ აჩიმოვიჩი, რომელსაც სერბეთის გამარჯვებისა არ სჯერა და ამბობს, საქართველო, ალბათ, დაგეგმილ ზეიმს ჩაგვიმწარებსო, მაგრამ თითქმის მთელი სერბეთი საქართველოსთან გამარჯვებას ელის და სტადიონისკენ არის დარაზმული. 51 -ათასიან „მარაკანაზე“, რომლის ოფიციალური სახელწოდებაც „ რაიკო მიტიჩი“ გახლავთ, ეჭვი არ არის, ანშლაგი იქნება. მაგალითად, საქართველოს ნაკრების ვარჯიშისას გავრცელდა ცნობა, რომ 30 ათასი ბილეთი უკვე გაყიდული იყო. ჰო, ნაკრების ვარჯიშის ხსენებაზე. სერბულმა პოლიციამ ჩვენების ვარჯიშისას „მარაკანას“ ისეთი ალყა შემოარტყა, სტადიონს უცხო კაცი ვერ მიუახლოვდებოდა. სამაგიეროდ კი გიჟმაჟი სერბი ქომაგი 400-500 მეტრით დაშორებულ კარაჯორჯევ პარკში შეიკრიბა და იქ ამბავი მოაწყო, პოლიციის დამატებითი რაზმების მობილიზება გახდა საჭირო.
მოკლედ, სერბი ქომაგები თავიანთი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან. მათ სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებს სრულიად სერბული მედია, ტელევიზიითაც ისმის ასეთი მოწოდება – ყველანი სტადიონისკენ! სწორედ სტადიონისკენ გზად ერთ გულანთებულ სერბს გამოველაპარაკე, რომელმაც მითხრა, რომ ავსტრიაში სერბების მარცხს წმინდა სპორტულის გარდა, სავარაუდოდ სხვა მიზეზიც აქვს, გუნდი გუნდს არ ჰგავდა და ანგარიშის მიუხედავად, არც მწვრთნელები აღელვებულანო. მოკლედ, ტოტალიზატორისკენ მიანიშნა… სამაგიეროდ, ავსტრიასთან წაგებული მატჩის მთელ ჯავრს ჩვენები საქართველოზე იყრიანო, მითხრა მან.
ავსტრიაზე მატჩის ხსენებაზე კი აქაურმა გამოცემა „ინფორმერმა“ საჩოგბურთო ტერმინი იხმარა და დაწერა, სერბეთმა პირველი მატჩბოლი გაანიავა და თუ საქართველოსაც ვერ მოუგო, დიდი შანსია მთლად მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დავრჩეთო. „საქართველოსთან წაგების შემთხვევაში სერბეთს ფლეი-ოფში მოუწევს თამაში, ეს კი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩვენებისთვის დამღუპველი იქნება“, – წერს „ინფორმერი“.„მანჩესტერის“ ნახევარმცველი ნემანია მატიჩი კი ამბობს, რომ კარიერაში მას ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი უთამაშია, მაგრამ საქართველოსთან შეხვედრის მნიშვნელობას ვერც ერთს შეადარებს. ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩი, ასეთია მატიჩის სიტყვა საქართველოსთან შეხვედრის წინ.
გაზეთი„ კურიერში“ კი ასეთი სათაურია: „საქართველოს წინააღმედეგ ყველა როგორც ერთი“!
მოკლედ, სერბეთი დიდი ზეიმის მოლოდინშია, მე კი ცხადია, ბედნიერი ვიქნები, ჩვენები აქიდან, შინ, თუნდაც ქულით თუ დაბრუნდებიან.
ლევან პივნევი ბელგრადიდან საგანგებოდ სარბიელისთვის