1964 წელს, როდესაც თბილისის „დინამომ“ ჩემპიონობა მოიპოვა, საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა ცნობილი საფეხბურთო სტატისტიკოსის, კონსტანტინე ესენინის ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სტატია, რომელშიც მხატვრულად იყო ასახული თბილისის „დინამოს“ სხვადასხვა თაობის ბრძოლა საკავშირო პირველობისთვის. ამ უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა ბოლოს და ბოლოს თბილისის „დინამოს“ მესამე თაობას ხვდა წილად. თაობებად დაყოფა, რა თქმა უნდა, პირობითია — ასე არასდროს ხდება, რომ ერთი თაობიდან ყველა ფეხბურთელი ერთ დღეს ტოვებდეს მინდორს და მეორე სეზონს სრულიად ახალგაზრდა გუნდი იწყებდეს, მაგრამ მიახლოებით ესენინის ამ დაყოფას თუ მივიღებთ მხედველობაში, ავთანდილ ჭკუასელი თბილისის „დინამოს“ მეორე თაობის შესანიშნავი წარმომადგენელი გახლდათ. პირველმა, ბორის პაიჭაძის, გაიოზ ჯეჯელავასა და შოთა შავგულიძის თაობამ, თბილისის „დინამოს“ საკავშირო ავტორიტეტი დაუმკვიდრა. მეორე თაობა კი უკვე ომის შემდგომ მოვიდა დიდ ფეხბურთში. საბედნიეროდ, ქართულ ფეხბურთს არც არასოდეს აკლდა ვარსკვლავები და ამ თაობამაც თავისი წილი გზა განვლო უმაღლესი ტიტულისაკენ და რომ არა უკიდურესი მიკერძოება, ალბათ, ისინი მოიპოვებდნენ კიდეც ამ ტიტულს, თუმცა საქმე მარტო ტიტულები ხომ არაა. თაობამ რომელსაც ეკუთვნოდნენ ბასა ღოღობერიძე, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, გიორგი ანთაძე, ნიაზ ძიაპშპა, იბრაჰიმ სარჯველაძე, ვლადიმერ მარღანია და სხვები, თავისი კვალი დატოვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

როგორც ყოველთვის თბილისის „დინამოში“ მოხვედრა, რასაკვირველია, ძნელი იყო, რადგან გუნდში საქართველოს ყველა რეგიონიდან მოდიოდა ნიჭიერი ახალგაზრდობა. ავთანდილ ჭკუასელისთვის კი ეს გზა შედარებით იოლი აღმოჩნდა. 1949 წელს, სეზონის ბოლოს, თბილისის „დინამო“ საწვრთნელ მატჩში 35-ე სკოლის გუნდს ეთამაშა. შეხვედრა სენსაციურად დამთავრდა — 35-ე სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. მოგებულთაგან „დინამოს“ ხელმძღვანელთა ყურადღება მიიპყრო შესანიშნავად მოთამაშე ავთანდილ ჭკუასელმა და იგი მყისვე აღმოჩნდა თბილისის „დინამოში“.

მისი დებიუტი შემდეგ სეზონში შედგა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა არც ისე იოლი იყო. მის ადგილზე „დინამოში საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი, ნიკოლოზ თოდრია გამოდიოდა. ამიტომაც ჭკუასელმა სულ ორი შეხვედრა ჩაატარა იმ წელს, თუმც ესეც საკმარისი აღმოჩნდა, გულშემატკივრებს დაენახათ, რომ ჭკუასელის სახით ნიჭიერი ფორვარდი ეზრდებოდა „დინამოს“.

ეს სულ მალე დამტკიცდა. ჭკუასელმა შესანიშნავად ჩაატარა მომდევნო, 1951 წლის სეზონი და თავისი წვლილი შეიტანა გუნდის ბრწყინვალე თამაშში. მაშინ „დინამომ“ ვერცხლის მედლები მოიპოვა საკავშირო ჩემპიონატში.

ჭკუასელის თამაში იმდენად შთამბეჭდავი გახლდათ, რომ იგი საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების კანდიდატთა სიაში დაასახელეს სხვა სამ ქართველი ფეხბურთელთან ერთად. ესენი იყვნენ ავთანდილ ღოღობერიძე, გიორგი ანთაძე და ვლადიმერ მარღანია. 1952 წელს საბჭოთა კავშირი პირველად ებმებოდა ოლიმპიურ ასპარეზობებში, რომელიც ჰელსინკიში ტარდებოდა. ყველა სახეობაში, მათ შორის ფეხბურთშიც, ამისათვის ძალიან სერიოზულად ემზადებოდნენ.

მოგეხსენებათ, რა დიდი იდეოლოგიური დატვირთვაც ჰქონდა კომუნისტური რეჟიმის ქვეყნისთვის სპორტში გამარჯვებას. ამიტომაც, ჩემპიონატი ექსპერიმენტული სისტემით დაიწყო. აპრილში გუნდებმა წინასწარი საკონტროლო ეტაპი ითამაშეს, შემდეგ ფინალური ეტაპიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს თამაშები არ ჩატარდა. საბოლოოდ გადაწყდა საკავშირო ჩემპიონატი ოლიმპიადის შემდეგ გამართულიყო და მხოლოდ ერთ ქალაქში — მოსკოვში.

მანამდე კი საბჭოთა გუნდმა ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. სწორედ აქ ჩაატარა ავთანდილ ჭკუასელმა თავისი ერთადერთი მატჩი ნაკრებში, რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, საბჭოთა სპორტსმენების გამოსვლას საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის თავკაცნი პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ამიტომაც ყოველი მარცხი არა მარტო სპორტულ წაგებად აღიქმებოდა, მაღალ ინსტანციებში სჯა-ბაასის (მარტო სჯა-ბაასი რომ ყოფილიყო, რა უჭირდა!) თემა ხდებოდა.

ოლიმპიადაზე საბჭოთა ნაკრების გამოსვლაც მეტად დრამატული იყო. ბულგარეთთან დამატებით დროში მოგებული მატჩის შემდეგ საბჭოთა ნაკრები იუგოსლავიის ძლიერ გუნდს შეხვდა. პირველ შეხვედრაში საბჭოთა ფეხბურთელები 1:5-ს აგებდნენ და სასწაულად შემოატრიალეს — 5:5. გადათამაშებაში კი 1:3-ზე დამარცხდნენ. ამ მატჩში გამოვიდა ნაკრებში დებიუტანტი ავთანდილ ჭკუასელი და, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მარცხი თითქმის მთლიანად მას დაბრალდა. საკავშირო პრესამ, თითქოს პირი შეკრაო, იგი დაასახელეს მარცხის მთავარ მიზეზად და კიდევ მიხაილ იაკუშინი, რომლის რეკომენდაციითაც აიყვანეს ნაკრებში ჭკუასელი. თუმც ეს სულაც არ იყო გასაკვირი. განა არ გვახსოვს, როგორ დაბრალდა 1962 წელს ლევ იაშინის მიერ გაშვებული გოლი გივი ჩოხელს და სხვა კიდევ ბევრი ასეთი ფაქტი. მაგრამ ავთანდილ ჭკუასელმა სულ მალე მოუსპო ცენტრალურ პრესას ამ თემაზე წერის სურვილი. როგორც ვთქვით, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ამ წელს მოსკოვში ჩატარდა (ეს უნიკალური პირველობა გახლდათ ამ მხრივ).

თოთხმეტმა გუნდმა მოიყარა თავი ოლიმპიადის შემდეგ მოსკოვში და ერთ წრედ საბჭოთა კავშირის პირველობა გაითამაშა. ჭკუასელის თანაგუნდელი და მეგობარი ვლადიმერ ელოშვილი იხსენებს: „მე და ავთო ყოველთვის ერთ ოთახში ვცხოვრობდით. შემოდის ჩვენთან მიხაილ იაკუშინი და ავთოს ეუბნება: ხედავ, ავთო, რას წერენ ჩვენზე პრესაში, გადი მოედანზე და დაუმტკიცე, რომ ორივე მართლები ვართ. და ავთომ დაამტკიცა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პირველობა ქართველ გულშემატკივარს არ უნახავს. ეს მართლაც რომ ავთო ჭკუასელის პირველობა გახლდათ.

ჭკუასელმა ბრწყინვალედ ითამაშა და შავი დღე აყარა მეტოქეებს. სულ გაასაცოდავა საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი ბაშაშკინი. გააპამპულავა ბრწყინვალე მეკარე ნიკანოროვი, ყველა მატჩში სპექტაკლს მართავდა და ფაქტობრივად მოსკოვიც და ფეხბურთის ყველა სპეციალისტიც დაარწმუნა, რომ შეუდარებელი იყო“.

თუმცა ავთანდილ ჭკუასელს ამის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია. თბილისის „დინამოშიც“ ვერ ითამაშა იმდენი, რამდენიც მისი ნიჭის ფეხბურთელს შეეფერებოდა. ამის მიზეზი, ალბათ, თვითონ ავთანდილ ჭკუასელშიც იყო. ფეხბურთი მისთვის მაინც უფრო გართობა იყო, ვიდრე პროფესია. ამიტომაც, ფიზიკურ დატვირთვებს ვერ უძლებდა და ფეხბურთსაც თავი ძალიან ადრე დაანება. თუმცა, თუ იგი ფორმაში იყო და თამაშის ხალისზე, დაუვიწყარ სანახაობებს აწყობდა.

ვლადიმერ ელოშვილი: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი ნიჭის ფეხბურთელი იყო. უძლიერესი დარტყმა ჰქონდა ორივე ფეხით, მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა გარემარბად თამაშობდა. შესანიშნავად ესმოდა თამაში. მოედანს ჩინებულად ხედავდა“.

გურამ ქავთარაძე, ქართული ფეხბურთის ცნობილი გულშემატკივარი: „ძალიან მოხდენილი დრიბლინგი ჰქონდა. გადაწვებოდა, შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს ვარდებაო და ამ დროს გაძვრებოდა მცველებში“.

ბევრი დაუვიწყარი წუთი აჩუქა გულშემატკივრებს ავთანდილ ჭკუასელმა. ყველაზე სტაჟიანი ქომაგი იხსენებს 1955 წლის მატჩს მოსკოვის „ტორპედოსთან“, სადაც სახელგანთქმული თავდამსხმელები ედუარდ სტრელცოვი და ვალენტინ ივანოვი თამაშობდნენ. ჭკუასელმა ორივე ვარსკვლავი დაჩრდილა, ორი გოლი გაიტანა და გამარჯვება მოუტანა „დინამოს“. საერთაშორისო სარბიელზე კი… საერთაშორისო სარბიელისკენ, თუ ნაკრებში არ მოხვდებოდი ერთადერთი გზა იყო — ამხანაგური მატჩები და ტურნეები, რომელიც, რასაკვირველია, არ იძლეოდა ისეთი დონის რეზონანსს ევროპაში, როგორც ოფიციალური ტურნირები, მაგრამ ავთანდილ ჭკუასელმა აქაც დატოვა თავისი კვალი. მან ბრწყინვალედ ითამაშა თბილისის „დინამოს“ ტურნეს დროს პოლონეთში, სადაც ყოველი მატჩის შემდეგ მას ხოტბას ასხამდა პოლონური პრესა.

ქართულ ფეხბურთში, ჩემი აზრით, მაინც არსებობს რამდენიმე სკოლა, რომელიც ფეხბურთელთა სათამაშო ყაიდაზე აისახებოდა. თბილისელ ფეხბურთელებსაც ჰქონდათ გამორჩეული ხელწერა. ზოგი ამ მოსაზრების წინააღმდეგია და ამბობს, რომ არსებობს ერთიანი ქართული ფეხბურთი და მისი დაყოფა არ შეიძლება, თუმცა ამაში ცუდი არაფერია. ერთი ქალაქის გუნდებია „რეალი“ და „ატლეტიკო“, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული ხელწერა აქვთ და რა გასაკვირია, რომ ჩვენთან, ხასიათებით ასე განსხვავებული კუთხეებიდან სხვადასხვა სათამაშო კონცეფციის მქონე ფეხბურთელები გამოსულიყვნენ. ჩემი აზრით, აქვთ საერთო აფხაზეთიდან „დინამოში“ მოსულ ფეხბურთელებს — ღოღობერიძეს, ბარქაიას, გიორგი სიჭინავას, დარასელიას და სხვებს. ქუთაისელებს — შენგელიას, სულაქველიძეს, კუტივაძეს, კოსტავას; ბათუმელებს — ქორიძეს, ჩელებაძეს, ხიზანიშვილს და ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ არსებობდა რაღაც თბილისური ფეხბურთიც, რომლის აშკარად გამოხატული წარმომადგენელიც, როგორც ამბობენ, ავთანდილ ჭკუასელი იყო, მუდამ ელეგანტური მოედანზეც და ცხოვრებაშიც. მას ყოველთვის სიტუაციის შესაბამის, სწორ გადაწყვეტილებას იღებდა, მისი ყუმბარისებური დარტყმები კი დღესაც ახსოვთ ფეხბურთის გულშემატკივრებს.

ავთანდილ ჭკუასელმა, როგორც უკვე ვთქვით, ადრე დაანება თამაშს თავი, მაგრამ ფეხბურთში დარჩა. იგი კარგა ხანს იყო საქართველოს ფეხბურთის სამმართველოს უფროსი და წყნარად და უხმაუროდ აკეთებდა თავის საქმეს.

გურამ ქავთარაძე: „ჩვენი ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი მწვრთნელი ასატურ გუკასიანი დაინვალიდდა. ავთანდილ ჭკუასელის დახმარებით ინვალიდის სავარძელი ვუშოვეთ (მაშინ ძნელი იყო მისი შოვნა!). ასატურთან ავედით, სავარძელი კართან რომ დავდეთ ავთო აღარ გაჩერდა და წავიდა, არ უნდოდა მისი სიკეთისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიგვექცია. ასეთი იყო ყველგან. მეგობრობის ფასი იცოდა და ამიტომაც უყვარდა ყველას.

გთავაზობთ ერთ სახალისო ეპიზოდსაც, რომელსაც მისი მეგობარი ვლადიმერ ელოშვილი იხსენებს: „ლავრენტი ბერია ფეხბურთით განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული. მოსკოვში მოკლე ხანში ჩინებული ბაზაც ააშენა ჩვენი გუნდისთვის. ერთხელ, მოსკოვში ვართ და ნაყინი მოგვინდა. ავთოს ძალიან უყვარდა მოსკოვური ნაყინი. არადა, ზამთარია, ქარია, საშინლად ყინავს. ჩვენ ქვევით ჩავედით, ნაყინი ვიყიდეთ და შევექეცით. ამ დროს ბერიას მანქანა გაჩერდა, იქიდან მისი ადიუტანტი, წარმოშობით თბილისელი მუხანოვი გადმოვიდა და დაგვიყვირა: ასეთ ყინვაში, ასე შილიფად რად ხართ ჩაცმული და ნაყინს რა გაჭმევთ, ხომ არ გაგიჟდითო. ჩვენ მივუგეთ, მოსკოვში სითბო გვეგონა და თბილები არ წამოგვიღიაო. ნაყინი რამდენიც გინდათ გიჭამიათ, ასე კი არ დაგინახოთ, გიჟები ეგონებითო და მოგვცა გორკის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში შესასვლელი ორი საგანგებო საშვი, წადით და რა ტანსაცმელიც გინდათ აიღეთო. წავედით მე და ავთო და კარგად გამოვეწყეთ. საათებიც კი დავირტყით. ავთოს ისედაც უყვარდა კარგად ჩაცმა. სასტუმროში რომ მივედით, ბიჭები გადაირივნენ ნაყინზე ჩასულები ასე გამოწყობილები რომ დავბრუნდით. სამი დღე ისინიც ჩაუცმელი დადიოდნენ, იქნებ ბერიას მანქანამ ჩამოიაროსო.

მოკლედ, ყველაფერი იყო ავთანდილ ჭკუასელის ცხოვრებაში, აღმაფრენაც და ჩავარდნაც, ხალისიც და სევდაც. მან ნამდვილი ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ მაინც დარჩა უკმარისობის გრძნობა, რომ ამ უნიჭიერესმა თავდამსხმელმა ცოტა დრო დაჰყო დიდ ფეხბურთში. მისი სიცოცხლეც არ იყო ხანგრძლივი, მაგრამ რაც მოასწრო ისიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ავთანდილ ჭკუასელი მუდმივად დარჩენილიყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, როგორც მისი ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი.

არაფერი იკარგება ამქვეყნად. კვლავ ცოცხლობს ავთანდილ ჭკუასელი — საოცარი ფეხბურთელი და ჩინებული ადამიანი.

1998 წლის 3 დეკემბერი