ეს რა სახალისო ამბავი მომხდარა რუსეთში: თამაში 11:9 დამთავრებულა და ოცივე გოლი თავის კარში გაუტანიათ. სპორტის სახეობა: ბურთიანი ჰოკეი. ანუ ის ჰოკეი კი არა, დარბაზში რომ ტარდება და ყველამ რომ იცის — შაიბიანი, არამედ სხვა, რომელსაც ღია სტადიონებზე თამაშობენ, „რუსულ ჰოკეისაც“ უწოდებენ და რომლის დედაქალაქად რუსები არხანგელსკს მიიჩნევენ. მოკლედ, ისეთი სახეობაა, მარტო ხსენებაზეც კი გაიყინები კაცი. სიცხე აგიწევს.
სეირიც სწორედ არხანგელსკში მომხდარა, წლეულს, 26 თებერვალს, რუსეთის სუპერლიგის ჩემპიონატის მეორე ეტაპის ბოლო ტურში. ეტაპი და ტური იმიტომ დავაზუსტეთ, რომ შეხვედრაში, სადაც „ვოდნიკი“ ირკუტსკის „ბაიკალ-ენერგიას“ მასპინძლობდა უნდა გარკვეულიყო ვის შეხვდებოდა ის პლეი-ოფში — ჩემპიონ კრასნოიარსკის „ენისეის“ თუ სუსტ „ურალსკი ტრუბნიკს“. მარტივად: „ვოდნიკს“ წაგება აწყობდა.
ახლა, წარმოიდგინეთ, რომ ირკუტსკიდან არხანგელსკამდე დაახლოებით ხუთიათას კილომეტრს პლუს ერთი საქართველოა, იქ ჩასვლას ათსაათიანი ფრენა უნდა და ამ მოგზაურობის შემდეგ გუნდი, რომელსაც თურმე გულშემატკივრებიც წაჰყოლიან, მასპინძლებთან შეხმატკბილებული თავის კარში ყრის გოლებს…
ისე, „ბაიკალ-ენერგიას“ იმ ტურში ხომ არაფერი უნდოდა და ნტავ ვინ რჯიდა სკანდალში რომ ყოფდა თავს? თავის კარში რატომ ყრიდა ბურთებს?
რას გაიგებ. მასპინძლებმა გოლების თავის კარში გატანა რომ დაიწყეს, უნდა მივმხვდარიყავით, რომ მთლად ჩვეულებრივი ამბავი არ ხდებოდა და მოედნიდან გავსულიყავით, მაგრამ შევცდით და პროვოკაციას წამოვეგეთო, — ასე იმართლეს თავი ირკუტსკელებმა.
გადასარევი რაღაც თქვა არხანგელსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ ორლოვმა — მოთამაშეები არაფერ შუაში არიან, ყველაფერი ჩემპიონატის ფორმულის ბრალიაო. გამოდის, რომ 20 გოლი თავის კარში ფორმულას გაუტანია…
აღშფოთდა, რუსეთის ბურთიანი ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლაი ვალუევი. სწორედ ის ვალუევი — მოკრივე, დეპუტატი, 2016 წლიდან ტელევიზიაში ძილისპირულის (Спокойной ночи, малыши!) წამყვანი და შოუმენი. დაუსჯელი არავინ დაგვრჩებაო.

კულუარებში კი ასეთი რაღაც ითქვა: რუსეთის ბურთიანი ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტს, ბორის სკრინნიკს საქმე ისე აქვს დაყენებული, რომ გუნდებს სეზონის წინ კაბინეტში იბარებს და იმისდა მიხედვით ვინ რა ძღვენს მიუტანს, ადგილებს იქვე უნაწილებსო. მაგრამ, ყოფილა სამი მდიდარი, გავლენიანი და ურჩი კლუბი, „სკა-ნეფტიანიკი“, „ენისეი“ და „ვოდნიკი“, რომელთაც პრეზიდენტმა თურმე ძღვენი ვერაფრით დასტყუა და ამიტომ მოსყიდულ მსაჯებს უქსევს. ამბობენ, იმ დღესაც, საქმეს ისე აწყობდა, რომ „ვოდნიკს“„ბაიკალ-ენერგიასთან“ გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხედფინალში „ენისეი“ შეხვედროდა, მათ შორის გამარჯვებულს კი ნახევარფინალში „სკა-ნეფტიანიკთან“ მოსწეოდა თამაში…
საბოლოოდ, სკანდალური მატჩის შედეგი გაუქმდა. დაინიშნა გადათამაშება, რომელიც მოსკოვთან ახლოს, ობუხოვოში ჩატარდა და… „ვოდნიკმა“ ისევ — ოღონდ, როგორც ამბობენ ამჯერად ალალად — წააგო: 3:4.
შემდეგ კი იყო უკვე ახლებურად დალაგებული პლეი-ოფი, სადაც „ძალად გამარჯვებული“ „ენერგია ბაიკალი“ ფინალში გავიდა, ოღონდ ჩემპიონი ვეღარ გახდა, „სკა-ნეფტიანიკმა“ 6:2 აჯობა.