ბურთი არის ბევრნაირი – მრგვალი, ოვალური, დიდი, პატარა, ფეხით, ხელით, თავით, ტანითაც კი და მინდორ-დარბაზ, ქვიშა-ბეტონ, წყალ-ყინულზე, კეტით… ყვანჯით სათამაშო. ყვანჯით, ანუ ჯოხით ბურთით თამაშზე ისტორიულ წყაროებში ამოვიკითხავთ, რომ ყვანჯითა და ბურთით შეჯიბრებები ძველ ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და აცტეკებსაც გაუმართავთ. ხოლო იქ, სადაც ყინვა ბატონობდა – რუსეთში, ისლანდიაში,  სკანდინავიასა და ბრიტანეთში – ყინულის მოედანზე უტრიალებიათ ჯოხ-ბურთი და ეს ამბავი მე-10-11 საუკუნეებში მომხდარა.

ბურთიანი ჰოკეის – იგივე ბენდის (ინგლ. bandy – ეს სიტყვა შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ, ნიშნავდა ნებისმიერ თამაშს ბურთითა და ყვანჯით.)  სპორტის სახეობად დაბადებისა და ჩამოყალიბების ადგილად კი ინგლისი ითვლება, რადგან სწორედ იმ დროს, როცა ბრიტანეთში ფეხბურთი ახალდაბადებული იყო, ორმა საფეხბურთო კლუბმა – „ნოტინგემ ფორესტმა“ და  „შეფილდ იუნაიტედმა“ ბენდის,  ბურთიანი ჰოკეის გუნდებიც შექმნა, რასაც სხვებმაც აუბეს მხარი და იმდენად მომრავლდნენ, რომ 1891 წელს ბენდის ნაციონალური ასოციაციაც ჩამოაყალიბეს და თამაშის ოფიციალური წესებიც დაამტკიცეს.

ბრიტანელთა წამოწყება გადამდები გამოდგა, მეოცე საუკუნის დასაწყისში ღია ყინულიან მოედნებზე ბურთითა და ყვანჯით შვედეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში და რუსეთშიც ეპაექრებოდნენ 11-11 მოთამაშით შემდგარი გუნდები, 1913 წელს კი შვეიცარიულ დავოსში პირველი ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა.

ბენდი შაიბიანი ჰოკეისა და ფეხბურთის სათამაშო წესების ერთგვარი ნაზავია. ზემოთაც ვთქვით, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში 10 მოედნის (ყინულის) მოთამაშე და ერთი მეკარეა, რომლებიც ზუსტად საფეხბურთო მოედნის ზომის  (სიგრძე 90-110, სიგანე 45-65 მ.) ყინულიან არენაზე  შაიბიანი ჰოკეის ჯოხისგან განსხვავებული ყვანჯებით ცდილობენ მეტოქის კარში (3,5 – 2,1მ.) პატარა ბურთის (დიამეტრი 6 სმ. წონა 58-62გრ.) გატანას. ტაიმები 45-წუთიანი, საჭიროების შემთხვევაში ინიშნება 15-15 წუთიანი ორი დამატებითი ტაიმი, ოღონდ პირველივე გატანილი გოლის შემდეგ შეხვედრა წყდება – მოქმედებს შაიბიან ჰოკეიში დამკვიდრებული  წესი. ამავე სახეობიდანაა სტანდარტული სიტუაციების გათამაშების ჩამოყალიბებული სისტემა, ხოლო თამაშგარე, მოედნის მოთამაშისთვის და მეკარისთვის საჯარიმოს გარეთ ხელით ართამაში საფეხბურთო ანა-ბანასგანაა ნასესხები. წესების უხეშად დამრღვევი მოთამაშე ისჯება 5 და 10 წუთიანი გაძევებით და ამ არცთუ სასიამოვნო ამბის უსიტყვოდ გადასაცემად, მსაჯი, შესაბამისად, თეთრ და ლურჯ ბარათებს იყენებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში – ძლიერი ყინვა, ქარბუქი – წესებით შესაძლებელია მატჩის სამ 30-წუთიან ტაიმად ჩატარებაც.

მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში ბენდისთვის ვის სცხელოდა, ომიანობის დასრულების მერე კი ბურთიანი ჰოკეისთვისაც მოიცალეს. განსაკუთრებით გამოიდეს თავი საბჭოელებმა, შვედებმა, ფინელებმა და ნორვეგიელებმა.  ნორვეგია ოსლოს 1952 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ბენდის ჩასმასაც ითხოვდა, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ბურთიანი ჰოკეი არც მაშინ და არც ამჟამად, თამაშების პროგრამაში არ შეუტანია.

„ოთხეულის“ მეცადინეობით, გადახალისებული წესებით პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1955 წელს საბჭოთა კავშირისა და შვედეთის ნაკრებებმა გამართეს,  ბენდის საერთაშორისო ფედერაცია დააფუძნეს და 1957 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას დაუდეს სათავე..

აქედან მოყოლებული,  „ბენდის ოჯახი“ მრავლდებოდა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნებით, რომელთა ნაკრებები ყოველწლიურად ეცილებიან ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. ტიტულის მაძიებელთა შორისაა აშშ და კანადაც, მაგრამ „საპირველგუნდო“ მარათონში დღემდე მიუწვდენელნი არიან შვედეთი და რუსეთი, რომელთანაც ტოლ-სწორად გაჯიბრების ძალა ოდენ ფინეთს შესწევს, ყაზახეთი და ნორვეგია კი  „ბრინჯაოს გუნდის“ ბედს ეგუებიან. დღესდღეისობით სწორედ ეს ხუთეული განსაზღვრავს, როგორც იტყვიან, ბურთიანი ჰოკეის ყინულიან ამინდს და ბენდის სათამაშო კანონმდებლების სახელსაც იფერებენ ( რუსეთში დღემდე „რუსულ ჰოკეის“ უწოდებენ).

 

ბენდის სამყარაში დიდი პოპულარობით სარგებლობს საკლუბო ტურნირებიც – ევროპის ჩემპიონთა თასი და მსოფლიო თასი, რომელსაც ტრადიციულად ყოველს წელს მასპინძლობს შვედეთი, ქვეყანა, სადაც ქალაქ უპსალაში 2012 წელს „შვედური ბენდის დიდების დარბაზი“ გაიხსნა.

2004 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გაჯიბრება ყინულზე მობურთალმა ქალმა „ყვანჯოსნებმაც“ დაიწყეს.

წილი
წინა სტატიავიღაცა ურევს !
შემდეგი სტატიაჩემი კარში შევყარე
სოსო კოტორეიშვილი
„ბარსას“ და ბრაზილიის ქომაგი სოსო კოტორეიშვილი კატალონელი რომ ყოფილიყო, კატალონია მოიპოვებდა დამოუკიდებელობას, შეუერთდებოდა ბრაზილიას, „ბარსელონა“ გადავიდოდა ბრაზილიაში, ყოველ წელს გახდებოდა ყველა შტატის და სრულიად ბრაზილიის ჩემპიონი, მოიგებდა ლიბერტადორესის თასს და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ვნახავდით „ელ კლასიკოს“.