„იმერული ესკიზებისა“ არ იყოს, ვინ ურევს? ვლადიმერ ვაისი თუ გიორგი ჭანტურია? სლოვაკმა მწვრთნელმა ფეხბურთელი საქართველო – უელსის მატჩის მეორე ტაიმის შუაში სათადარიგოთა სკამიდან მოედნის კიდეზე გასახურებლად გაუშვა. გააყოლა ფიტნეს-მწვრთნელი. ვუყურებდი, რა მოხდებოდა და ძალიან მინდოდა, მწვრთნელს მისთვის თამაშის საშუალება მიეცა.
როცა ვაისმა ორი შეცვლა გააკეთა, მატჩის ბოლომდე 15 წუთი იყო დარჩენილი. დრო გადიოდა, მერე კი ლუკას ჰუფნაგელიც შეუერთდა ჭანტურიას, ორივენი ერთად ემზადებოდნენ. მერე გიორგიმ მოულოდნელად შეწყვიტა გახურება – ეტყობა, ეწყინა, როდისღა უნდა შემიყვანოსო. კიდევ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და სლოვაკმა მწვრთნელმა მცველი დათა ხოჭოლავა შეუშვა.
ეს უკვე სამზარეულოს საქმეა. ჩანს, ვაისი ჭანტურიას არ ენდობა და ფეხბურთელიც ბრაზით უხდის სამაგიეროს. საერთო საქმე კი ფუჭდება. ეს არევა-დარევა საჭირო არაა, მორიგდით… თუმცა ორშაბათის შემდეგ ეგებ მორიგებაც გვიანი იყოს და ნაკრებს ან მწვრთნელი ჩამოშორდეს, ანაც მწვრთნელზე გაბრაზებული…