მიუნხენს ჯერ ოქტობერფესტის ზარხოშიც არ გამონელებოდა – და იქაურ მელუდეთა ინფორმაციით, 18 სადღესასწაულო დღის განმავლობაში იზარის ნაპირებზე 7,5 მილიონი ლიტრი მარტო ლუდი შეისვა! – გერმანულმა პრესამ კაეშანმოძალებულ მიუნხენელ ქომაგებს რამდენადაც მოულოდნელი, იმდენადვე სასიხარულო ამბავი რომ ამცნო: სეზონის სტარტზე კრიზისში ჩავარდნილი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ გაჭირვების ტალკვესად ივნისამდე ისევ მხცოვან იუპ ჰაინკესს უხმოო.
ეს სიახლე ისე ხმაურიანად გასკდა, როგორც ლუდზე მისაყოლებლად ტაფაზე აშიშხინებული სოსისი და, აშკარად ნაღდ ამბავს უფრო ჰგავს, ვიდრე ყვითელი პრესის მიერ აგორებულ ჭორს. დღევანდელი „ბილდი“ – გერმანულ საიდუმლო გარემოებათა ეს უბადლო პირველმომჩხრეკი – იმასაც ირწმუნება, რომ 72 წლის ჰაინკესი თავის ორ თანაშემწესთან – 65 წლის პეტერ ჰერმანთან და 63 წლის ჰერმან გერლანდთან – ერთად „ზებენერ შტრასეზე“ საწვრთნელ პროცესს უკვე ორშაბათიდან გაუძღვება. შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისათვის“ ყველაზე წარმატებულ 2012-2013 წლების სეზონში, როცა კლუბმა გერმანიის პირველობა და თასი და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ჰაინკესს სწორედ ეს სპეციალისტები ეხმარებოდნენ.
ფეხბურთთან განშორების შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ და ასაკის მიუხედავად კვლავაც ფორმაში ვარო, ასე უთქვამს თავად ხანდაზმულ მწვრთნელს, ვინაც გერმანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს აქამდე 1987-1991, 2009 და 2011-13 წლების სეზონებშიც წვრთნიდა.
საინტერესოა, რომ „ჰოფენჰაიმის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, წარმოშობით მიუნხენელი იულიან ნაგელსმანი, რომელიც, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ ჰაინკესს „ბაიერნის“ მწვრთნელის თანამდებობაზე შეცვლის, სწორედ იმ – 1987 – წელს არის დაბადებული, როცა იუპმა პირველად ჩაიბარა მიუნხენური გრანდის სადავეები…
თუკი მოვლენები მართლაც ისე განვითარდება, როგორც ამას „ბილდი“ და კომპანია ვარაუდობს და 14 ოქტომბერს ჰაინკესი „ბაიერნს“ „ფრაიბურგთან“ საშინაო მატჩში უხელმძღვანელებს, ის ბუნდესლიგის ისტორიაში მესამე უხუცესი მწვრთნელი გახდება ფრედ შულცისა და ოტო რეჰაგელის შემდეგ. პირველი 74 წლისა გახლდათ, როცა 1978 წელს ბრემენის „ვერდერი“ თავის უკანასკნელ მატჩზე გაიყვანა, ხოლო მეორე 73-ის იყო, როცა 2012 წლის იანვარში ბერლინის „ჰერტას“ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ გუნდი ბუნდესლიგიდან გავარდნას ვერ გადაარჩინა და გადადგა. სხვათა შორის, სწორედ რეჰაგელია ის ერთადერთი სპეციალისტი, რომელიც ჰაინკესს ბუნდესლიგაში მწვრთნელის რანგში გამართული მატჩების რაოდენობით უსწრებს: 832 – 642-ზე.
მოკლედ, ორშაბათს „ზებენერ შტრასეზე“ დიდი ხალხმრავლობაა მოსალოდნელი და, როგორც გერმანული მედია იუწყება, ჰაინკესის დაბრუნების პერსპექტივას ფეხბურთელებიც ძლიერ გაუხარებია. ერთ-ერთი საიტის მიხედვით, ჟერომ ბოატენგს ჩრდილოეთ ირლანდიასთან გუშინ სტუმრად 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ „უინძორ პარკის“ კატაკომბებში თავის ყოფილ და აწ უკვე მომავალ დამრიგებელზე საუბრისას პირდაპირ თვალები უბრწყინავდა. „ამაზე კარგი არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. ეს საუკეთესო ვარიანტია გუნდისათვის“ – უთქვამს 29 წლის მცველს. ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია მატს ჰუმელსიც, რომლის ხუმრობანარევი თქმითაც, როგორც 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხებული გუნდის ყოფილ მოთამაშეს, მას ჰაინკესთან კარგი მოგონებები სულაც არ აკავშირებს, ისე კი „მასზე მხოლოდ კარგი“ სმენია. „ბაიერნის“ ხელმძღვანელობის არჩევანს იწონებს გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვიც: „ის უდიდესი გამოცდილების მწვრთნელია, რომელსაც გუნდზე დიდი გავლენის მოხდენა ძალუძს. ეს ძალიან კარგი გამოსავალია იმ ვითარებიდან, რომელშიც ახლა „ბაიერნი“ იმყოფება“.
საყოველთაო პოზიტიურ განწყობას იზიარებს ფრანც ბეკენბაუერიც, რომელიც თავდაპირველად გაუოცებია იმას, რომ „იუპი ასეთ რისკზე მიდის“, თუმცა, რაც უფრო მეტად ფიქრობს კლუბში ჰაინკესის დაბრუნებაზე, თურმე „ით უფრო მეტად მოსწონს ეს ამბავი“.
P.S.კლუბმაც დაადასტურა ის, რომ ჰაინკესი „ბაიერნს“ მომავალი წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის.
“იუპ ჰაინკესსა და „ბაიერნს“ ერთმანეთთან უდიდეს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აკავშირებთ. ჩვენ მადლობლები ვართ იუპის იმის გამო, რომ მთავარ მწვრთნელობას დათანხმდა. მოცემულ მომენტში ის „ბაიერნისთვის“ იდეალური არჩევანია. მსურს ასევე მადლობა მოვახსენო დიუსელდორფის „ფორტუნას“ პრეზიდენტ რობერტ შეფერს, რომელთან საუბრის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მათი მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პეტერ ჰერმანის „ბაიერნში“ გადმოსვლა“ – განუცხადა „ბაიერნის“ ოფიციალურ საიტს კლუბის მთავარმა აღმასრულებლმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
„ბაიერნის“ სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის თქმით, „იუპ ჰაინკესი ჩემპიონია ხელმძღვანელობაშიც და ტაქტიკაშიც. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ შექმნილ ვითარებაში სწორედ მას შეუძლია, გუნდს კვლავ წარმატებისკენ გაუძღვეს და დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს“.
თავად ჰაინკესმა კი საიტთან საუბარში თქვა, რომ მსოფლიოს არც ერთ სხვა გუნდში არ დაბრუნდებოდა, მაგრამ „ბაიერნი“ მისთვის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ გუნდი (სიტყვა-სიტყვით თუ ვთარგმნით, „ბაიერნი“ მისთვის გულის ამბავია!).
„მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გუნდმა რაც შეიძლება მალე ისევ შეძლოს ქომაგის გახარება წარმატებული თამაშით. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა ამ ამოცანის გადაჭრას შევუდგები“ – დასძინა მან.
ეს მომენტი კი, როგორც ამას „ბილდიც“ აანონსებდა, ორშაბათს, 9 ოქტომბერს დადგება.