მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის გარეშე?! დამეთანხმებით, ეს ამბავი ყურს ძალიან ცუდად ხვდება და თითქოს წარმოუდგენელიცაა, არადა სხვა რა უნდა იფიქრო?!

ხორხე სამპაოლის შეგირდების ნაჩვენები ბოლოდროინდელი შედეგები სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთქმულის დასტურია და  ვაი, მართლა არგენტინას, თუ 11 ოქტომბრის გამთენიისას ეკვადორშიც ვერ მოიგო…

წუხელ, სამხრეთ ამერიკაში გამართულმა ბოლოსწინა ტურმა ყველაფერი ისევე დატოვა, რომ 2018 წლის ზაფხულში, რუსეთში პირდაპირი რეისით წამსვლელთა ვინაობას ბრაზილიელთა (მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს რა ხანია, განაღდებული აქვს საგზური) გარდა არავინ შეემატა, არადა, იყო დიდი მოლოდინი, რომ ბოლოსდაბოლოს, არგენტინა პერუს მაინც მოუგებდა, კიდევ ერთი სამხრეთამერიკული ტიტანი ურუგვაი კი აუტსაიდერ ვენესუელასთან არ დაკარგავდა ქულებს. საბოლოოდ ვერც არგენტინამ მოიგო და ვერც ურუგვაიმ. ორივე უგოლო ფრეს დაჯერდა.

მოკლედ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სამხრეთ ამერიკის ზონაში ბოლო ტურის წინ, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რა შანსები აქვს არგენტინას ბოლო ტურის წინ? როგორც ვთქვით, 11 ოქტომბერს უმოტივაციო ეკვადორთან სტუმრად თუ მოიგო, ხორხე სამპაოლის გუნდი სულ მცირე, პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს და დიდი ალბათობით პირდაპირაც გავა ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არგენტინელებს, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ მსოფლიო დონის შემტევები – მესი, იგუაინი, დიბალა, იკარდი, აგუერო, დი მარია და სხვები, მოგება ძალიან უჭირთ.

11 ოქტომბერიც მალე მოვა…

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

სამხრეთ ამერიკა. XVII ტური

ბოლივია 0:0 ბრაზილია /VIDEO/

ვენესუელა 0:0 ურუგვაი /VIDEO/

არგენტინა 0:0 პერუ /VIDEO/

ჩილე 2:1 ეკვადორი /VIDEO/

1:0 ვარგასი (22), 1:1 იბარა (82), 2:1 ა. სანჩესი (85)

კოლუმბია 1:2 პარაგვაი /VIDEO/

1:0 ფალკაო (79), 1:1 კარდოსო (89), 1:2 სანაბრია (90)

სატურნირო ცხრილი

                                                          ბურთები     ქულა

1.ბრაზილია   17      11         5          1          38:11  38

2.ურუგვაი     17        8          4          5          28:18   28

3.ჩილე          17        8          2          7          26:24   26

4.კოლუმბია    17        7          5          5          20:18   26

5.პერუ           17        7          4          6          26:25   25

6.არგენტინა    17        6          7          4          16:15   25

7.პარაგვაი       17        7          3          7          19:24   24

8.ეკვადორი     17        6          2          9          25:26   20

9.ბოლივია      17        4          2          11        14:34   14

10.ვენესუელა  17        1          6          10        18:35   9

 XVIII ტური: 11 ოქტომბერი

პარაგვაი – ვენესუელა; ბრაზილია – ჩილე; ეკვადორი – არგენტინა; პერუ – კოლუმბია; ურუგვაი – ბოლივია