რაც რომ გაზეთები გადამიფურცლავს და ასეთები ბევრი შემხვედრია, თვით ოსმალურიც და პაპუასეთისაც, უნდა ვაღიარო, ბოლო დროა, რაც სიამოვნებით ოდენ სარბიელი წამიკითხავს. ამით იმას კი არ ვამბობ, მთელს ნახევარსფეროში რაც გაზეთები გამოუშვიათ, იმას ყველას ხსენებული სჯობს-მეთქი, არამედ იმას, რომ ეს სარბიელი საუკეთესო რამაა. გაზეთის გამოშვება ადვილია, საქმე ისაა, ვინ უშვებს და რატომ, თორემ ისე აგერ ვიღაცეებიც დამჯდარან და გამოუშვიათ, მაგრამ მორალურ პლანში ფეხი მოცდენიათ და რუმბივით დახეთქებიან ქვაფენილს. ეს სარბიელი კი, ჩანს, კარგ ბიჭებს გამოუშვიათ. ძველ დროშიც კარგი ბიჭები ყოფილან ეს ბიჭები, არ ყოფილან მაინცდამაინც კომკავშირული საწევროს აკრეფით დაკავებულნი. ვიღაც, რომ ვთქვათ, ჰალსტუხიანი შერბი-გამორბოდა, ამათ მაშინ ფეხბურთი ჰყვარებიათ, რაგბი და კალათბურთი.
ეს პრესის მიმოხილვა ისეთი საქმეა, რომ აქა-იქ კაცი თუ არ გაკენწლე, არაფერი გამოგივა. ან უკლებლივ ყველა უნდა აქო, ან ყველა უნდა კენწლო, თორემ მტრები გაგიჩნდება. ამ ბებერ ზურგსაც გვარიანი ხვდება ხოლმე. ბოლო თვეები სულ მსუბუქ კრიტიკაში გამიტარებია და ახლა ვიფიქრე: აღარავინ უნდა შევაქო? და რა გამოდის, პირველ რიგში კაცმა სარბიელი უნდა შეაქო. რატომ?
ერთი რომ დიდი რამეა, როდესაც ყველა ისეთი შეკრებილა, რომ წერა იციან. ეს დიდი რამეა ჩვენს ჟურნალისტიკაში, რომ ათი კაციდან ორმა წერა იცოდეს. აქ კი ყველამ იცის და ეგ კიდევ არაფერი – არა თუ იცის, თითოეულს თავისი მანერა ჰქონია. ეს მაშინ, როდესაც გაზეთებს ხშირად სახელებით თუ გაარჩევ ერთმანეთისგან. მეორეც ის, რომ აქ მარტო თითოეულს კი არა აქვს თავისი მანერა, გაზეთს აქვს უკვე და ამ გაზეთის სტილი გამორჩეულია. მესამეც კი – რა გინდათ, არ შეიძლება ვინმე ბოლომდე შევაქო?
წუხელის თუ შაკილ ონილს, ბოდიში და ღამე ჩეჩმაში გაუტარებია, გაზეთში წერია. მე არ მაინტერესებს იაკუტიის ბაზრის ფასები შებოლილი ქაშაყის თაობაზე, მე მაინტერესებს სწორედ ამ დაქცეული აყლაყუდას ამბავი, ან სულაც მონიკა სელეშის კისრის მდგომარეობა. აქ არის, სარბიელში, სხვაგან არსად და არც იქნება, რადგან ასე გადაუწყვეტიათ, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთო. აკეთებენ წყნარად, მშვიდად, მაინცდამაინც არც იმაზე გიჟდებიან, რომ გაიგო, ვინ არიან და რა. არიან თავისთვის და უშვებენ გაზეთს, სადაც ყველაფერია, ასე განსაჯეთ, კრიკეტიც კი, რომლისაც არათუ ჩვენ, ჭიამკვდარ ქართველებს, არამედ ჩვენს უფროს ძმებს, რუსებსაც არა გაეგებათ. მაინც წაიკითხავ, ისე დაუწერია ვიღაცას, კრიკეტსაც წაიკითხავ, გოლფსაც, პოლოსაც და პოლინეზიურ ბურთაობასაც. ასეთი მონდომებითა და ინტერესით ვერცერთ გაზეთში ვერაფერს წაიკითხავთ.
აი ასეა, დამჯდარან კარგი ბიჭები და გამოუშვიათ. არა, კარგი ბიჭები სხვაგანაც არიან, ისინიც არ დარბოდნენ კომკავშირული სამკერდე ნიშნებით, მაგრამ ძნელად, რომ ასეთი რამ გამოეშვათ. აი, ეს არის I love this Game… სულ პოლიტიკაზე, დევალვაციასა და დემილიტარიზაციაზე მტერმა იკითხა.
ევგ. ხვედელიძე, პენსიონერი
სპეციალურად რეზონანსისთვის საჩხერედან
15 მარტი, 1994 წელი