ეს ამბავი ცოტათი თბილისურ ისტორიას ჰგავს: რაღაც საქმეზე ძველი ნაცნობის დაჭერა რომ გინდა და მისი მობილური ტელეფონის ნომრის გასაგებად მთელ ქალაქს რომ შეაწრიალებ.

დიეგო მარადონას ძებნა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დავიწყე და ბოლოს მივაგენი კიდეც. მასთან სატელეფონო ინტერვიუს დიდი ჩხრეკა-ძიება და მოლაპარაკებები უძღვოდა. ნახევარსაათიანი საუბრიდან რაც გამოდნა, ქვემოთ წაიკითხავთ. სხვანაირად კი, ხეირიანად არც მახსოვს რაზე ვლაპარაკობდით: მხოლოდ ჩანაწერის გაშიფვრის დროს მახსენდებოდა.

ჩვენ, ვისაც ფეხბურთი მან შეგვაყვარა, ამ თამაშის სხვა მეფე არასდროს გვყოლია და კაცი ყოველთვის სხვანაირად გრძნობ თავს, როცა მეფეს ელაპარაკები. სინამდვილეში კი მარადონა არანაირი მეფე არ არის, უფრო სწორად, მეფობის არაფერი სცხია. უბრალოდ, ეს არის კაცი, რომელმაც თავისი გენიალური ნიჭის წყალობით ცხოვრების ათას უბედურებას გაუძლო და ამავე ნიჭის წყალობით სრულიად წარმოუდგენელ ადამიანურ ძალას აფრქვევს.

დღეს, როცა დიეგო ფეხბურთს აღარ თამაშობს, არ ფიქრობ მხოლოდ მის ფეხბურთზე. როგორღაც ისე გამოდის, რომ ფიქრობ მარადონაზე მთლიანად: მის ცხოვრებაზე, რომელიც მთელმა მსოფლიომ იცის, მის ძალაზე, რომელიც მოუხელთებლად ეშმაკური, მაგრამ საბოლოოდ მაინც კეთილია და იმაზე, რომ სამყარო საკმაოდ მოსაწყენი იქნებოდა მარადონას გარეშე, მარადონასნაირები კი თითქმის არ არიან.

დიეგო გისმენთ – ეს იყო მარადონას პირველი სიტყვები, ბუენოს აირესში წინასწარ შეთანხმებულ ნომერზე რომ დავუკავშირდით. მანამდე კი იყო მიმოწერა მის პრესმდივან გილერმო კამპაროლასთან და…

უსმინეთ დიეგოს…

დიდი მადლობა, ინტერვიუზე რომ დაგვთანხმდით. არ გვეგონა, თუ მოიცლიდით, თქვენმა პრესმდივანმა გვითხრა, ძალიან დაკავებულიაო…

დიახ, ძალიან მოუცლელი ვიყავი, ბევრი საქმიანი შეხვედრა მქონდა, პირადი საქმეებიც უნდა მომეგვარებინა… ახლა ცოტა ამოვისუნთქე.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უხასიათოდაც იქნებოდით. ახლა როგორ გრძნობთ თავს?

ვერ ვიტყვი, რომ მშვენივრად… ამ მსოფლიო ჩემპიონატმა თორმეტი წლის წინანდელი მუნდიალი გამახსენა. მაშინ ყველაზე მაგარი გუნდი გვყავდა, ბატისტუტა დაფრინავდა, ბალბო თავისი ბებერი ფეხებით შეუდარებელი იყო, კანიჯა ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა, უკან ოსკარ რუჯერი და ხოსე შამოტი იდგნენ…

თქვენი თავი დაგავიწყდათ…

ის ჩემი ბოლო ჩემპიონატი იყო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ არაადამიანურ რეჟიმში ვიყავი, ფორმა რომ აღმედგინა. დროებით ოჯახზეც კი ვთქვი უარი, ოღონდ მევარჯიშა, მევარჯიშა და მევარჯიშა! მერე ეს გაუთავებელი დიეტები… დოპინგის მიღება აზრადაც არ მქონია. რომ დაინახეს, ჩვენი შემჩერებელი არავინ იყო, არგენტინას მარადონა არაკაცურად, ყველაზე მზაკვრული გზით გამოაცალეს. მე კი გულის დიდი ნაწილი ამომგლიჯეს, ოცნება წამართვეს… როდესაც საბერძნეთი ძალიან ლამაზი ფეხბურთით გავანადგურეთ, „კანის“ ვუთხარი, მეშინია იქ, „ზევით“ მყოფებმა რამე არ დაგვმართონ-მეთქი. „კანი“ მშვიდად შეხვდა ჩემს სიტყვებს, დაწყნარდი დიეგო, ყველას მოვერევითო. ვერავის წარმოედგინა, რომ ასეთი უღმერთო ხერხით დაგვსჯიდნენ ლამაზი ფეხბურთისთვის. დიდი-დიდი, მსაჯებისგან წითელ ბარათებს ველოდით, ამიტომ მაქსიმალურად დავშეკავებულნი ვიყავით. საბოლოოდ რაც მოხდა, კარგად იცით.

გინდათ თქვათ, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც არგენტინას არასაფეხბურთო ხერხებით ებრძოდნენ?

არა, უბრალოდ, მაშინაც და ახლაც არგენტინას მართლა საჩემპიონო გუნდი ჰყავდა. უკვე კარგა ხანია, თორმეტი წელია, არგენტინას ასეთი შემტევი, ლაღი და ლამაზი ფეხბურთი არ უთამაშია. ან რა გოლები გაიტანეს ბიჭებმა! ვუყურებდი მათ თამაშს და როგორც არასდროს, ისე მინდოდა ამ გუნდში ერთი წუთი მაინც მეთამაშა. ამიტომ მწყდება ასე ძალიან გული, ეს დიდი იმედგაცრუება იყო.

თქვენი აზრით, რა იყო არგენტინის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?

 მწვრთნელის, ხოსე პეკერმანის უდიდესი შეცდომა! პეკერმანმა დააყენა მშვენიერი გუნდი, ათამაშა ლამაზი ფეხბურთი, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში არ იცოდა, რა ექნა. პეკერმანმა არგენტინის ახალგაზრდული ნაკრები რამდენჯერმე გახადა მსოფლიო ჩემპიონი. სავიოლა, დალესანდრო, მაქსი, ტევესი მან აქცია ვარკვლავებად, მაგრამ იგი არ აღმოჩნდა მზად დიდი ფეხბურთისთვის.

პეკერმანის წასვლის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ნაკრების მწვრთნელობას თქვენ გთავაზობდნენ…

ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. ეგ ამბავი მხოლოდ კულუარულად ვიცი. არა მგონია, სერიოზული საუბარი ყოფილიყო, რადგან არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ხულიო გრონდონასთან ნაჩხუბარი ვარ.

რატომ?

იმიტომ, რომ ის ფიფაშიც მაღალჩინოსანია და მათი წესებით თამაშობს. როდესაც ჩემი პატიოსნება და ქვეყნის სიყვარული, არგენტინის პრესტიჟი ფეხქვეშ ითელებოდა კაბინეტებში შემალული ფიფას თავკაცების მიერ, გრონდონამ თავისი ქვეყანა ერთი სიტყვითაც არ დაიცვა, პირიქით, სკამის დაკარგვის შეეშინდა და ისედაც დათრგუნული ბიჭები მთლად გაანადგურა. მე ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ, გრონდონასნაირებს როგორმე თავად მივუჩენ საკადრის ადგილს. მე ჩემს გუნდზე მწყდება გული, გრონდონამ ფიფას თავკაცებისგან რომ არ დამიცვა. ამას მოჰყვა ის, რომ უჩემოდ დარჩენილი და სულიერად განადგურებული არგენტინა, იმის მაგივრად, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყო, რუმინეთთან დამარცხდა.

რომ არა გრონდონასთან დაპირისპირება, ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად იყავით?

ასე ვერ ვიტყოდი… ნაკრებს უკვე ჰყავს მთავარი მწვრთნელი ალფიო ბასილე, ვისი დანიშვნის მომხრეც ვიყავი. ბასილეს დროს, 1994 წელს, ნაკრებში ვთამაშობდი და ვიცი, რა დიდი გუნდი იყო. ბასილეს უყვარს შეტევა და ლამაზი ფეხბურთი. მე მხოლოდ ის მინდა, რომ სამწვრთნელო შტაბში ვიყო და ბიჭებს ავუხსნა, რას ნიშნავს არგენტინის ნაკრებში თამაში. ბასილე დამპირდა, როდესაც მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, დამირეკავდა და გუნდის მომავალზე ვისაუბრებდით. მას ეს არ გაუკეთებია, რაც ძალიან მეწყინა – არ მიყვარს, როდესაც მპირდებიან და მატყუებენ. ეტყობა, ჩემი და გრონდონას დაპირისპირებამ ამაზეც იქონია გავლენა.

არგენტინის ნაკრების მომავალს როგორ ხედავთ?

გუნდი მესიზე და ტევესზე უნდა აეწყოს. ბოლო ხუთი წელია, ასეთი მოთამაშეები არგენტინაში კი არა, მგონი, მსოფლიოშიც არ გამოჩენილან. თუ არ ჩავთვლით რონალდინიოს.

რიკელმე? მასზე ამბობდნენ, ახალი მარადონააო…

რიკელმე ჩემთვის შვილობილივითაა. მასზე ბევრი ამაგი მაქვს და რჩევებსაც ხშირად ვაძლევ. რიკელმემ იცის ჩემი აზრი. მითხარით რამდენი წლისაა ახლა რიკელმე? ესე იგი, ვერ გამოვიდა მეორე მარადონა.

და მესი?

მესი უკვე ვარსკვლავია. და მას შეუძლია გუნდის ლიდერი იყოს, მაგრამ საერთოდ, წინააღმდეგი ვარ ასეთი შედარებების. 15-16 წლის ბიჭებს უკვე მე მადარებენ, რაც მათზე ცუდად მოქმედებს. რიკელმე ზედმეტმა ყურადღებამ და ზეწოლამ ვერ გახსნა ბოლომდე. მარადონად მონათვლა მეტისმეტი ტვირთია ჭაბუკი ფეხბურთელისთვის.

დღეს ვინ მიგაჩნიათ არგენტინაში საუკეთესო ფეხბურთელად?

მესი და ტევესი.

მსოფლიოში?

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დღესდღეობით არავინაა. თითქმის ყველა ერთი დონისაა, ვერავის გამოვარჩევ.

ბევრი ითქვა, მაგრამ მაინც: თქვენი აზრით – პელე თუ მარადონა?

მე ხალხმა მაღიარა და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია! ამ თემაზე სხვას ვერაფერს გეტყვით.

პელესთან უბრად იყავით, ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ნაჩხუბრები არასდროს ვყოფილვართ. უბრალოდ, პელე ზოგჯერ დაუფიქრებლად და ირონიულად ლაპარაკობდა ჩემზე. არცთუ დიდი ხნის წინ პელეს ოჯახური პრობლემა შეექმნა, მისი შვილი ნარკოსკანდალში გაეხვა. რასაც მე უსამართლოდ წამომაძახებდა-ხოლმე, ბედის ირონიით თვითონ დაემართა. მე კი პირიქით მოვიქეცი, კაცურად დავუდექი გვერდში. დავურეკე, დახმარებას დავპირდი, ჩემს ტელეგადაცემაშიც კი მოვიწვიე და ალალად ვესაუბრე. პელე მიხვდა, რომ ცდებოდა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯერა და დღეს ჩვენ კარგი ნაცნობები ვართ. ჩვენ შორის წყენა აღარ არსებობს.

ინგლისელები თუ შემოირიგეთ? „ღმერთის ხელს“ ვგულისხმობ…

სხვათა შორის, მუნდიალზე გარი ლინეკერს ვესაუბრე და ის გოლი კიდევ ერთხელ გავიხსენეთ. შევთანხმდით, რომ ფეხბურთელმა სხეულის ყველა ნაწილით უნდა იცოდეს გოლის გატანა. ეს არის პროფესიონალიზმი. ის გოლი კი ღმერთისგან ბოძებული იყო. ამიტომაც შევარქვი „ღმერთის ხელი“.

ზიდანის საქციელს ამართლებთ?

თავის დროზე ჩემი არაორდინალური ქცევის გამო მიწასთან მასწორებდნენ. გარედან ადვილია ადამიანის გაღმერთებაც და განადგურებაც. ზიდანის მჯერა და, დარწმუნებული ვარ, მატერაციმ მას ბევრი საზიზღრობა უთხრა. როდესაც ასეთ მატჩში მთელ არსებას დებ და ამ დროს მეტოქე ფეხბურთზე კი არ ფიქრობს, არამედ ოჯახს გილანძღავს, მანქანა უნდა იყო, რომ ჩაყლაპო. ზიდანი კი მანქანა არ არის, კაცია, რომელიც დიდ ფეხბურთს თამაშობდა… ახლა კი დროა ინტერვიუ დავასრულოთ.

ერთიც: რამდენიმე წლის წინ „ბოკა ხუნიორსში“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე აპირებდა მოწყობას. თუ გახსოვთ იგი?

სამწუხაროდ, „ბოკაში“ მის ყოფნას ვერ ვიხსენებ. ისე კი, ვიცი, რომ ინგლისში წარმატებით თამაშობდა.

მინახავს ფოტო, სადაც საქართველოს ნაკრების და ჰოლანდიური „ალკმაარის“ ფორვარდ შოთა არველაძესთან ერთად ხართ გადაღებული…

დიახ, მახსოვს, მისი თამაშიც ვნახე და მომეწონა. ისე, რომ გითხრათ, ქართულ ფეხბურთს ვიცნობ-მეთექი, მოგატყუებთ. კახა კალაძის თამაშიც მინახავს და ვიცი, რომ ქართველია. სხვებზე ვერაფერს გეტყვით. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ არც ევროპის და არც მსოფლიო ჩემპიონატზე არ გითამაშიათ.

ბოლო კითხვა: თქვენმა მეგობარმა ფიდელ კასტრომ მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა. თქვენ კი ის ვერ მოინახულეთ. რატომ?

ფიდელ კასტრო ჩემი უახლოესი მეგობარი და მასწავლებელია, მეც ხომ სულით რევოლუციონერი ვარ! მისი ჯანმრთელობის ამბავს გამუდმებით ვკითხულობდი. არ მინდოდა ჩემი ჩასვლით მძიმე ავადმყოფი შემეწუხებინა. მან იცის, რომ ყოველთვის მის გვერდით ვიქნები და უსამართლობის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლებთ.

26.08 2006

წილი
წინა სტატიაბეილი წევს და საქართველოზე წერს
შემდეგი სტატიაქება სარბიელისა
ბაჩო სვანიძე
ჟურნალისტობა ჟურნალისტობად და ბაჩო სვანიძე უბრალო, ალალი, კეთილი, ურთიერთობისთვის გახსნილი, ხალისიანი და ხალასი ადამიანი იყო. ალბათ ბევრისგან გაიგებთ, რომ ბაჩო მისი მეგობარი იყო და ეს ტყუილი არ იქნება. ბაჩოს მართლა შეეძლო ერთბაშად ბევრთან ემეგობრა და, რაც მთავარია, ეს მეგობრობა მხოლოდ ღიმილითა და ჭიქის აწევით კი არა, საქმით, გვერდში დგომით დაემტკიცებინა.