„მერსედესის“ ინგლისელი მეფორმულე ლუის ჰემილტონი მსოფლიოს ჩემპიონატის გასრულებამდე ხუთი რბოლით ადრე უმთავრეს კონკურენტ ფერარელ სებასტიან ფეტელს 34 ქულთ უსწრებს და მეოთხედ ტიტულის დასაკუთრების რეალური შანსი აქვს.

მაგრამ, როგორც არაერთხელ უთქვამს, მისთვის საჩემპიონო გვირგვინების რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია მოგებული ეტაპების რეკორდის დამხობა.

შვიდგზის ტიტულოსან მიხაელ შუმახერის 11 წლის წინათ დამყარებული 91- დიდპრიზიანი მიღწევა მიუწვდომელ მწვერვალად ჩანს, თუმც ჰემის აზრით, თავად თუ არა, ვინმე სხვა პილოტი უთუოდ შეძლებს მის დაძლევას.

32 წლის ბრიტანელის აქტივში სადღეისოდ 60 გამარჯვებაა და რაკი კარიერის დასრულებაზე არც ფიქრობს, იქნებ ხუთ-ექვს სეზონში საწადელს მიაღწიოს კიდეც. ლუისს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი – პოულ-პოზიციების სუპერრეკორდი ეკუთვნის და სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ორიოდე თვის წინ ეს მიღწევაც შუმახერისა იყო – 2006 წელს რბოლისწინა საკვალიფიკაციო გაჯირითების მოგებით ლეგენდარულმა გერმანელმა თამასა 68-მდე ასწია. მანამდე მთელი 17 წელიწადი ბრაზილიელი „ჯადოქრის“ აირტონ სენას შედეგი – 65 პოული დომინირებდა.

გასულ შაბათს მალაიზიაში „სეპანგის“ ტრეკზე მეხუთედ გამარჯვებით ჰემილტონმა საკუთარი მიღწევა უკვე  70-მდე დაამრგვალა და საპოულე რეკორდი იქნებ სამუდამოდაც მის საკუთრებად დარჩეს, რადგან უახლოეს მდევარს გერმანელ ფეტელს მხოლოდ 49 მოგებული კვალიფიკაცია აქვს ანგარიშზე. ლუისმა რეკორდს 203 ეტაპი მოანდომა, მიხაელს 250 დასჭირდა, აირტონს -162 გამოდის, რომ ჰემილტონი საშუალოდ ყოველ მესამე გრან პრიზე იგებს კვალიფიკაციას. ასე რომ გაისად, შესაძლოა, ოთხმოცსაც მიუკაკუნოს.

წილი
წინა სტატია20 წლის შემდეგ (ზინედინ ზიდანი)
შემდეგი სტატიაახდენილი ოცნება!
გია ახალაძე
კალამი და კამერა ერთად თუ ჩვენს ამქარში ვინმეს ყველაზე კარგად გამოსდის, ერთი-ერთი გია ახალაძეა. „სარბიელის“ სამშაბათის ნომერში ფორმულა 1-ის რბოლების ახალიძისეულ ფორმულებს „სიჩქარეაკრეფილი“ მკითხველი არ აკლდა. ხოლო, გიას ახალი, ფოტო-ტექსტ-ფორმულის ვებ-გვერდზე ერთად ნახვაც რომ ერთ რამედ ეღირება, ეჭვი არ გვეპარება.