სექტემბერში უეფამ საბოლოოდ დაამტკიცა ერთა ლიგის ფორმატი და რეგლამენტი. ახალი პროექტის პირველი მატჩი 2018 წლის 6 სექტემბერს გაიმართება.
ერთა ლიგა უეფას ახალი ტურნირია, რომელმაც ბევრის აზრით, მოსაწყენი და უმოტივაციო ამხანაგური მატჩები უნდა ჩაანაცვლოს. საიდუმლო არ არის, უკვე კარგა ხანია მოთამაშეები, მწვრთნელები და გულშემატკივრები სულ უფრო ნაკლები სერიოზულობით ეკიდებიან მსგავს მატჩებს. ახალ შეჯიბრს კი სატურნირო მოტივაციაც ექნება, პლეი ოფების ხიბლიც და რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების მსგავსი გუნდებისთვის დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსიც.
ერთა ლიგა პირველად 2011 წელს კვიპროსის შეხვედრაზე ახსენეს. კონსულტაციები სამ წელიწადს გაგრძელდა და 2014 წლის 27 მარტს, ასტანაში, უეფას 38-ე კონგრესზე, იდეა ყველა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მოიწონა.
მონაწილეობას უეფას 55-ვე ასოციაციის ნაკრები მიიღებს. ისინი 4 ლიგაში (A, B, C, D) გადანაწილდებიან ეროვნული გუნდების კოეფიციენტების (ფიფას რეიტინგში არ აგვერიოს) მიხედვით, რომელიც 2017 წლის 11 ოქტომბრის, ანუ მუნდიალის შესარჩევი ციკლის დამთავრების შემდეგ დადგინდება (პლეი ოფებს აღარ დაელოდებიან). არ გვგონია ამ ერთ თვეში ბევრი რამ შეიცვალოს, ამიტომ, ჯგუფები სავარაუდოდ ასე გადანაწილდება
A ლიგა (12 ნაკრები. ოთხი სამგუნდა ჯგუფი): გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი. შვეიცარია, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ისლანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა;
B ლიგა (12 ნაკრები, ოთხი სამგუნდა ჯგუფი): ირლანდია, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, სლოვაკეთი, უელსი, უკრაინა, ჰოლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ჩეხეთი, უნგრეთი, თურქეთი;
C ლიგა (15 ნაკრები. ერთი სამგუნდა და სამი ოთხგუნდა ჯგუფი): სერბეთი, დანია, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვენია, ისრაელი, ალბანეთი, შოტლანდია, ჩერნოგორია, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი, სომხეთი;
D ლიგა (16 ნაკრები, ოთხი ოთხგუნდა ჯგუფი): საქართველო, ესტონეთი, ფინეთი, ბელარუსი, ფარერები, ლატვია, მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, კოსოვო, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი; (თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ფოტო).
- წილისყრის პროცედურა ჯერ არ დამტკიცებულა. მატჩები 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში. ჩვეულებრივი (შინ-სტუმრად) სისტემით გაიმართება.
- A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებული ლიგის ფინალურ ეტაპზე გავა, რომელიც 2019 წლის ივნისში გაიმართება (ნახევარფინალები, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი). მასპინძელს უეფას კომიტეტი 2018 წლის დეკემბერში დაადგენს მონაწილეთაგან.
- ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები წყვილ წლებში ტარდება, ერთა ლიგის გამარჯვებული კი ყოველ კენტ წელიწადს გამოვლინდება და სანაკრებო ფეხბურთსაც საკლუბოს მსგავსად, ყოველწლიური ჩემპიონი ეყოლება.
- B, C და D ლიგების ჯგუფებში გამარჯვებულები ერთი ლიგით დაწინაურდებიან. A, B და C ლიგების ჯგუფების უარესი ნაკრებები შესაბამისად დაქვეითდებიან.
ასე რომ, ახალი პროექტით, ევროპული ნაკრებები ან ერთა ლიგაში გამარჯვებისთვის, ან უფრო მაღალ დივიზიონში გადასასვლელად ან დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ.
ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2018 წლის 24 იანვარს გაიმართება შვეიცარიულ ლოზანაში. ტურნირის თასსაც იქვე წარადგენენ.
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ციკლი
შესარჩევი ეტაპი (20 საგზური)
მომავალი ევროპის ჩემპიონატი 13 ქვეყანაში გაიმართება და ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი ითამაშებს. შესარჩევი ციკლი ამჯერად დაიწყება არა სექტემბერში, როგორც ადრე იყო, არამედ 2019 წლის მარტში.
10 ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები პირდაპირ მიიღებენ ფინალური ეტაპის საგზურს (20 გუნდი).
ერთა ლიგის პლეი-ოფი (4 საგზური)
დარჩენილ ოთხ საგზურს კი სწორედ ერთა ლიგის პლეი-ოფების ოთხი გამარჯვებული დაიკავებს. რადგან ტურნირი ბევრ ქვეყანაში ტარდება, ჩემპიონატზე მასპინძელი ქვეყნის ავტომატურად დაშვება გამოირიცხა,
ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები (16 ნაკრები) 2020 წლის მარტში პლეი ოფს გაითამაშებენ.
თითო ლიგას (A, B, C, D) თავისი ოთხგუნდა პლეი ოფი ექნება.
მაგალითად, D ჯგუფი ავიღოთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებს მოუწევს ასპარეზობა. როგორც ვთქვით, აქ დაბალი რეიტინგის 16 გუნდი ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფად დაიყოფა. ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული ოთხი ნაკრები 2020 წლის მარტში პლეი ოფს გამართავს (ორი ერთმატჩიანი ნახევარფინალი და ფინალი). გამარჯვებული ევრო 2020-ის საგზურს მიიღებს. ასევე იქნება სხვა ლიგების შემთხვევაშიც. ნაკრებებს, რომლებიც უშუალოდ შესარჩევიდან მოიპოვებენ საგზურს, პლეი ოფში სხვა მაღალრეიტინგიანი მონაწილეები შეცვლიან.
რას მისცემს ერთა ლიგა საქართველოს ნაკრებს
მთავარი: საქართველოს და მისი მსგავსი დაბალრეიტინგიანი ნაკრებებისთვის ერთა ლიგა კიდევ ერთი შანსია დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი. თუ შესარჩევ ჯგუფებში ყოველთვის აუტსაიდერებად მოვიაზრებით, ამ შემთხვევაში დაახლოებით ჩვენი დონის გუნდებთან მოგვიწევს გაჯიბრება და ბუნებრივია მოტივაციაც თავიდანვე გაორმაგდება. იმედია, შედარებით წარმატებებს შევეჩვევით, რაც მენტალურად უკეთესობისკენ შეგვცვლის.
ამხანაგური მატჩებისთვის საჭირო აღარ იქნება სპარინგ-პარტნიორების ძებნა. კალენდარი თავიდანვე გვეცოდინება და უფრო მიზანმიმართულად მოვემზადებით კონკრეტული მატჩებისთვის. მიტ უმეტეს, რომ ერთა ლიგის ჯგუფური შეხვედრები გაისად შემოდგომაზე გაიმართება, შესარჩევი ციკლი კი 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამიტომ ეს ორი ტურნირი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის.
ახალი რეიტინგი დაკავებული ადგილების მიხედვით დადგინდება.
გაითვალისწინებენ:
- ქულებს;
- გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობას;
- გატანილი გოლების რაოდენობას;
- სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობას;
- მოგებების რაოდენობას;
- სტუმრად მოგებების რაოდენობას;
- დისციპლინარულ ქულებს;
- საერთო რეიტინგს.
დაბოლოს, უეფამ ტურნირის ვიზუალური კონცეფციაც წარმოადგინა. ლოგოტიპის მთავარი ელემენტი დროშაა, რომელიც 55 გუნდს და ოთხ ლიგას წარმოაჩენს. ეფექტი ზემოთ და ქვემოთ მიმართული სამკუთხედების წყალობით მიიღწევა, რომლებიც გუნდების ჯგუფებში გადანაცვლებას და შესაბამისად ასპარეზობის დინამიურობას ასახავს.
სოლომონ გულისაშვილი