1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მახსოვს, მექსიკის 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მეხიკოდან დაბრუნებული ერთი ცნობილი მწერალი და მოგზაურ-ჟურნალისტი როგორ გვიყვებოდა თავისი საფეხბურთო განცდების შესახებ; როგორ იყო იგი აღფრთოვანებული იმით, რომ მექსიკის ჩემპიონატის დღეებში გამოდიოდა თექვსმეტგვერდიანი გაზეთი ფეხბურთის შესახებ. მაშინ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, როგორ უნდა დაბეჭდილიყო გაზეთი გამთენიისას დამთავრებული მატჩის შედეგით… დღეს კიდევ უფრო მეტად მიკვირს, როგორ ხერხდება საქართველოში თუნდაც ოთხგვერდიანი, თუნდაც შავ-თეთრი და თუნდაც ცუდი ხარისხის, მაგრამ ოპერატიული, სპორტული გაზეთის „სარბიელის“ გამოშვება. გაზეთ „სარბიელის“ მორიგი, ჩვეულებრივი ნომერი მართლაც აღფრთოვანებას იწვევს, რადგან ყოველდღიური, არასამთავრობო გაზეთის ბეჭდვა დილის ხუთ საათზე თითქმის სპორტული გმირობის ტოლფასია. ორიგინალური სტილი, შავი იუმორი, დახვეწილი სარკაზმი და საინტერესო შედარებები, რომელსაც „სარბიელის“ ჟურნალისტები გვთავაზობენ (განსაკუთრებით საფეხბურთო მატჩების მიმოხილვისას), გვაფიქრებინებს, რომ მათ სტილი მოძებნეს და აზარტში შევიდნენ ისე, რომ ჩემპიონატის ბოლომდე, ალბათ, რეფორმატორულ-ჟურნალისტურ ექსტაზში გვამყოფებენ და ამით სტამბის მუშებს საბოლოოდ სიქას გააძრობენ. კარგად გვესმის, თუ რა ენერგიის ფასად უჯდებათ ჩვენს კოლეგებს ყოველი ნომრის მომზადება, მაგრამ იმედია, უტეხი „კატენაჩიოს“ სტილს ისინი ჩემპიონატის ფინალამდე შეინარჩუნებენ.

P.S. სპორტულ-სიმპათიური სალამი “7 დღიდან“!

1994 წელი