მატარებელი
მატარებელი დაიძრა ლონდონ ბრიჯის სადგურიდან. არცერთ ვაგონში, არცერთ კუპეში არ იყო თავისუფალი ადგილი. ყველა ბილეთი ადრიდანვე იყო შეკვეთილი. ასობით მგზავრი დამჯდარიყო პირველი თუ მეორე კლასის ადგილებზე და არცერთმა მათგანმა არ იცოდა, საით მიდიოდა მატარებელი.
ამის მიზეზი უბრალო გახლდათ: დრო და ადგილი იმ მოვლენისა, რომელსაც ეს ხალხი უნდა დასწრებოდა, გასაიდუმლოებული იყო. გასაიდუმლოებული კი იმიტომ იყო, რომ ამგვარი კრივი კანონებს მოეკლა, ამათ კი, კრივის ერთგულ და ნაღდ ქომაგებს, სწორედ ძველი, ველური, უნამუსო და სასტიკი კრივის ხილვა სურდათ. კრივი ასეთი გამოვიდოდა, რადგან გასამრჯელო ედო საფუძვლად.
ეს იყო 1860 წლის 17 აპრილი.
ატლანტის ოკეანე გადმოეცურა იმ დროის უდიდეს ამერიკელ მოკრივეს, “ბენისია ბოიდად” ცნობილ ჯანიან ულვაშას ჯონ ჰინენს. გადმოეცურა იმისთვის, რომ ველურ, ჯილდოიან ორთაბრძოლაში გამოეწვია ინგლისის ჩემპიონი – ასევე იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ რომ მიეჩნიათ კუნძულელებს.
გამოწვევა შედგა და მიმღებმა პასუხი გამოგზავნა. ეს იყო აკრძალულში ბრძოლა. აკრძალული თუნდაც იმიტომ, რომ იგი ჯილდოსთვის იმართებოდა. ამ ბრძოლისთვის უცხო იყო დღევანდელი წესები, მაგრამ როგორც იმ დროის “ლონდონ თაიმსი” წერდა, მოსალოდნელ ანგლო-იანკურ შერკინებას, „უხეშ, უწესო და ზნედაცემულ ჭიდილს“ დაეპყრო ათასობით ადამიანის გული და გონება. არისტოკრატი თუ მაწანწალა, სამხრეთი თუ აღმოსავლეთი, მთელი ლონდონი ამ ჩხუბზე ლაპარაკობდა.
და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთივე ამბავი იყო ნიუ იორკშიც, იქაური ხალხიც გულანთებული ელოდა სეიერს-ჰინენის შედეგს და განა ეს გასაკვირი იყო?
არა და არა. ეგებ პოლიტიკოსებს და ამნაირ ხალხს საწყენადაც დაურჩეთ, მაგრამ იმ დრის ამერიკაში ჰინენის ვინაობა და რაობა ერთიასად მეტმა კაცმა იცოდა, ვიდრე საპრეზიდენტოდ წამოყენებულ აბრამ ლინკოლნისა. ლინკოლნი მერე გახდა დიადი მოღვაწე, ჰინენი კი უკვე დიადი იყო.
ინგლისელთათვის კი სეიერს-ჰინენის ჯახი არანაკლებ დრამატულ რამედ იქცა, ვიდრე ერთ წელიწადში დაწყებული სამოქალაქო ომი ამერიკაში. ათწლეულების შემდეგ, არცერთმა ინგლისელმა ხეირიანად არ იცოდა, რა იყო ჩრდილოეთ-სამხრეთის ომი, სამაგიეროდ, ყველა გულდაჯერებით იმეორებდა, ეგ ომი თუ რაღაც, სეიერს-ჰინენის ომზე მნიშვნელოვანი ვერასგზით იქნებოდაო.
ჰინენს ირლანდიური სისხლი უდუღდა. 27 წლისას არასოდეს წაეგო და ამერიკაში მძიმე წონის ჩემპიონად იყო აღიარებული. ამხელა ოკეანე იმიტომ გადმოცურა, რომ სურდა დაემტკიცებინა, მსოფლიოში საუკეთესო ვარო. სეიერსს ერთადერთხელ ვერ გაემარჯვა თავის სიცოცხლეში და ახლა მეორე მარცხის ზღურბლზე იდგა. გარეგნული შეხედულებით არ არსებობდა არანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ სეიერსს მოეგო.
ფერნბორო
მატარებელი კი მიჰქროდა. იქ ისხდნენ პარლამენტის წევრები, მწერლები, ჯარისკაცები, მხატვრები და უბრალოდ, კრივის მოყვარე უსაქმურებიც კი. ინგლისელებს დიდად არასოდეს ჰყვარებიათ გასამრჯელოსთვის გამართული ბრძოლების ცქერა, მაგრამ ამჯერად საქმე პირიქით იყო.
ჰინან-სეიერსის ჯახის შინაარსი ასეთი გახლდათ: ძველი და ახალი ინგლისი ერთმანეთს ერკინებიან და უძლიერესი სწორედ ახლა უნდა გაირკვესო. ლონდონში სახლის კედელი არ დარჩენილა, ამ ორი მოკრივის თავ-პირითა და მუშტებით დამშვენებული პლაკატი რომ არ ყოფილიყო მიკრული. თითქოს ხალხი გაზეთებსაც მხოლოდ იმიტომ ყიდულობდა, რომ ჩხუბის წინაპირობები და ამბები შეეტყო.
მატარებელი ლონდონიდან სამხრეთ-დასავლეთით, ჰემფშირის საგრაფოში გაჩერდა. ეს იყო სოფელი ფერნბორო.
როდესაც ბრძოლის ცქერის სურვილით ანთებული ხალხი ფერნბოროს ბაქანზე დადგა, რამდენიმე კაცმა, რომლებსაც მოზრდილი პალოები და თოკები ეჭირათ ხელში, სახალხოდ გამოაცხადა, ჩვენ მოგვყევითო, და სოფლის განაპირა გზა-შარას გაუყვა.
ეს ამდენი ხალხიც მათ მიჰყვა და იმედიანი სვლა გაგრძელდა. ბლექუოთერის ღელემდე, რომელიც ჰემფშირისა და სარის საგრაფოების ბუნებრივ საზღვრად მოედინება. იქ ბლომად ხალხი ღელეშიც კი ჩაცვივდა, რადგან ეგონათ, კრივი სარის მიწაზე უნდა გაიმართოსო.
მაგრამ არა, ჰინენსა და სეიერსს ჰემფშირში უნდა დაეკრათ.
თოკიანმა ბიჭებმა მალევე შეარჩიეს საკრივო ადგილი., პალოები ჩაარჭვეს, თოკები გააბეს და ეს ისე ოსტატურად გააკეთეს, რომ ოცდაოთხფუტიანი სიგრძეგანი დაცული იყო.
როგორც იყო, რინგის გარშემო შეჯგუფულმა საზოგადოებამ იხილა იმ დღის გმირები. ჰინენი და სეიერსი რინგზე შემოვიდნენ. შემოვიდნენ და ხალხის ეჭვი ლამის სინამდვილედ იქცა.
ამერიკელი გოლიათად ჩანდა ინგლისელთან შედარებით: ჯერ ერთი, შვიდი წლით უმცროსი იყო, მეორე – ხუთი ინჩით მაღალი და მესამეც, ორმოცი ფუნტით მძიმე. ოღონდ ეგ იყო, კანი უფრო ნაზი უნდა ჰქონოდა. სხვაგვარად, ინგლისელს არანაირი უპირატესობა არ ექნებოდა.
თოსი და დასაწყისი
ხალხი რინგს შემოერტყა და წილისყრაც ანუ თოსი გაიმართა და ჰინენს ამაშიც უპირატესობა ერგო, ხუთპენსიანი მუჭი გამოიცნო და კუთხეც აირჩია.
ეგებ დღევანდელ კრივში კუთხე ბევრს არაფერსა ნიშნავს, მაგრამ იქ, ღელის პირადა, ეს მნიშვნელოვანი იყო. საკრივო ალაგი სწორი არ გახლდათ, დამრეცი რამ იყო და ერთგვარი უპირატესობაც იმას ჰქონდა, ვინც შემაღლებულიდან უტევდა. ესეც არ იყოს, შუადღის ჟამი გახლდათ და მზეც გვარიანად აცხუნებდა. ამიტომ მცირე უპირატესობა იმას ექნებოდა, ვისაც მზე ზურგში დასცემდა. სინათლით თვალმოჭრილი მოწინააღმდეგე კი უარეს დღეში იქნებოდა. მაშინ ხომ მოკრივენი ცოტას მოძრაობდნენ და თავ-თავისი კუთხიდან უტევდნენ მომხდურს.
და ეს ყველაფერი ამერიკელს ერგო.
მოკრივეებს თითო შუამავლი ჰყავდათ და შუაში ერთი რეფერი იდგა.
ჩხუბი დაიწყო და სისხლი სეიერსს წასკდა. ხალხმა მალევე დაატყო, რომ ამერიკელი მასპინძლის ჩაწიხლვას ლამობდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სეიერსზე გამძლე და ამტანი კაცი მთელს იმ კუნძულებზე არ მოიპოვებოდა და თუნდაც ორი გალონი სისხლის დაღვრა ამ კაცს ვერას დააკლებდა.
ასეც მოხდა. სეიერსმა მუშტები შეკრა და ჰინენს ნიშნები დაადო თვალქვეშ და ყვრიმალზე. ერთი ისეთი ამოსცხო, წერს „თაიმსის“ უსახელო კორესპონდენტი, ისეთი ამოსცხოო, რომ ეგ თქვენი ამერიკელი მთვრალივით აბარბაცაო.
ასევე, ხალხმა დაატყო, რომ სეიერსი თავის განთქმულ მარჯვენას არ ხმარობს. მხოლოდ სახეზე იფარებს, მოქნევით კი მხოლოდ ცაციას იქნევს. სეიერსი ტრავმით კრივობს! მეტი ვაჟკაცობა რაღა გინდა!
ჰინენი აშკარად მეტ რამეებს აკეთებდა ადრეულ რაუნდებში, სეიერსს ძმარი და სისხლიც ადინა ცხვირიდან, მაგრამ ამ უკანასკნელის გამოცდილებამ თავისი გაიტანა და უგრძესი, 13 წუთიანი რაუნდის ბოლოს ინგლისელი უფრო ამაყად იდგა ფეხზე ვიდრე ამერიკელი.
სეიერსის ცხვირის გატეხვით გამოწვეული ჭახანი მთელს ფერნბოროს გაუგია, სამაგიეროდ, თავის კუთხეში მიბრუნებულ ჰინენს სახის მარჯვენა მხარე, თვალი, ყვრიმალი, ცხვირი და ლოყა – ანთებული აბაჟურის ლამპას უგავდაო.
ნაღდი სამხეცე
ამერიკელი რომ საბრძოლველად გაემზადა, მარჯვენა თვალი მთლად მოჭუტული ჰქონდა. რაღაც საშინელი ნიღაბი აჰკვროდა სახეზე და ეს ყველაფერი სეიერსის სისხლდამდენი ცაციის ნამუშევარი იყო.
ამის მიუხედავად, ჰინენი ნაღდი მეომარი გამოდგა. მან, როგორც ავმა ურჩხულმა, საიდანღაც, ქვესკნელიდან ამოკრიფა ჯანი და სიმტკიცე და შეუტია. სახე აღარ ჰქონდა, მაგრამ უტევდა.
ეს შიშველმუშტა კრივის ეპოქა იყო. მარკიზ ქუინსბერის ჯერ არ შეედგინა თავისი ფუძემდებლური საკრივო წესები. ეს მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ მოხდებოდა და ამიტომ, სისხლისა და ბარბაცის გამო ჩხუბს არავინ შეწყვეტდა, არც ნოკდაუნს დაუთვლიდა ვინმე.
ნოკდაუნები რომ დაეთვალათ, სეიერსი წაგებული გამოვიდოდა. ჰინენი რამდენსაც დაჰკრავდა, ტომი იმდენჯერ წაიქცეოდა. მაგრამ დგებოდა. ეს ხომ დაუმწვარი ჯიგრის ამბავი იყო.
მაგრამ ყველა დაატყობდა, რომ ინგლისელი დიდხანს ვერ გაატანდა…
ამ დროს სეიერსს „მხსნელი“ მოევლინა: ბლექუოთერის ღელეს პოლიციელები მოადგნენ. მათ, რასაკვირველია, იცოდნენ, რომ ფერნბოროს ახლოს აკრძალული ჩხუბი იმართებოდა და მის აღსაკვეთად ყველანაირი უფლება ჰქონდათ. ღელის პირად მოსული პოლიციელები ცდილობდნენ, საკრივო ალაგით შემოჯარულ ბრბოში შეეღწიათ და მოკრივეთა შორის ჩამდგარიყვნენ. ამათ ეს საქმე გაუჭირდათ, რინგზე კი ერთი ამბავი დატრიალდა: ჰინენს მოთმინება დაელია, მობარბაცე მოწინააღმდეგეს ყელში სწვდა და თოკებზე გადააწვინა.ნაღდად დახრჩობას უპირებდა.
სეიერსს სახე მკვდრისფერი გაუხდა და ხრიალი დაიწყო. ჰინენს შუამავლები ეცნენ და გააჩერეს. ახლა თოკები აღარ არსებობდა. საკრივო ადგილი ხალხს გადაენგრია და მოკრივენი ბრბოს შუაგულში იდგნენ. ყველას უნდოდა, მოკრივეებთან ახლო მისულიყო და დასასრული ეხილა. ჰინენი და სეიერსენი ექვსფუტიან წრეში მოქცეულიყვნენ.
მაგრამ ხალხი იმასაც ატყობდა, რომ პოლიციელები მაინც მოახერხებდნენ თავისას.
მთლად გაფითრებულმა ჰინენმა დასცხო სეიერსს და ძირს დააგდო. ეს კი კვლავ წამოდგა. ხალხმა საკრივო ადგილი აღარ დატოვა და რეფერიმ და შუამავლებმა ბრძოლა შეწყვიტეს.
გამოცხადდა ყაიმი და ორივე მოკრივეს საჩემპიონო ქამრებს შეჰპირდნენ.
ასე გასრულდა ჯონის და ტომის ჭიდილი ბლექუოთერის პირად.
რა მოხდებოდა, ჩხუბი რომ არ შეწყვეტილიყო?
ძველი საკრივო მწერლები ორგვარ აზრს გამოთქვამდნენ.
პირველი: სეიერსი ნოკაუტით წაიქცეოდა.
მეორე: ჰინენი გაფითრებული იყო და გული წაუვიდოდა.
თუმცა, ჩვენ ეგრეც ვერ ამოვიცნობთ, როგორ დამთავრდებოდა ეს ჭიდილი. ომი, რომელიც ორ საათზე მეტხანს გრძელდებოდა და ორმოცამდე დროით შემოუსაზღვრელ რაუნდს მოიცავდა.
ასეთი იყო კრივი მანამდე, სანამ მარკიზი ქუინსბერი კალამს მოიმარჯვებდა.
ორივეს ბედი
ტომ სეიერსი – ეს მისი უკანასკნელი ბრძოლა იყო. ლონდონელებმა სამი ათასი გირვანქა შეუგროვეს საყვარელ მებრძოლს. ის უკანასკნელი ჩხუბიდან ხუთი წლის თავზე გარდაიცვალა.
სეიერსის კუბოს ასი ათასი კაცი მიჰყვა ჰაიგეითსის სასაფლაომდე ჩრდილოეთ ლონდონში რომ ძევს.
ამ მარტოხელა მთავარი გმირის ერთადერთი ოჯახის წევრი მისი მასტიფის ჯიშის ძაღლი იყო, რომლის გამოსახულებაც მოგვიანებით საფლავის ქვაზე დაუტანეს.
ჯონ ჰინენი – მან ჩხუბი განაგრძო და პენსიაში გავიდა მას შემდეგ, რაც კვლავ ინგლისში იკრივა ტომ კინგის წინააღმდეგ და დამარცხდა. ეს 1863 წელს მოხდა. ჰინენი ამერიკაში დაბრუნდა და როგორც ირლანდიელმა კათოლიკემ საიდუმლოდ იქორწინა ისააკს მენკენზე, იმ დროის გამოჩენილ მსახიობსა და პოეტზე, ფათერაკების მოყვარულ საოცარ ქალზე.
ჰინენი 40 წლისა გარდაიცვალა გრინ რივერ ვაიომინგში, 1873 წელს.
29.11.1997