დაიბადა 1911 წლის 24 ივნისს ბალსარსაში (არგენტინა)
ფორმულა 1-ში გამოდიოდა 1950-58 წლებში
1952 წელი გაუცდა უმძიმესი ავარიის გამო
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი: 1951, 1954, 1955, 1956, 1957
1950 და 1953 წლების ვიცე-ჩემპიონი
51 რბოლა, 24 მოგება, 35 პოდიუმი, 29 პოული, 23 უსწრაფესი წრე, 3 დიდი სლემი, 277,14 ქულა
გუნდები: „ალფა რომეო“ (1950, 1951), „მაზერატი“ (1953, 1954, 1957, 1958), „მერსედესი“ (1954, 1955), „ფერარი“ (1956)
გარდაიცვალა 1995 წელს
დიადი არგენტინელი მრბოლი ხუან მანუელ ფანხიო ქრონოლოგიურადაც და, უკვე სამი წელია, ტიტულებითაც მეორეა ფორმულა 1-ის 27 გვირგვინოსანთა შორის.
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი „მაესტრო“ 45 წელი იდგა „სამეფო რბოლების“ მწვერვალზე. ვერავინ შეძლო მისი ტახტის შერყევა – ვერც „პროფესორმა“ პროსტმა, „ჯადოქარმა“ სენამ, „უკვდავმა“ ლაუდამ, „მფრინავმა შორტლანდიელმა“ სტიუარტმა, „ბლეკ ჯეკ“ ბრებემმა და ვერც „არისტოკრატმა“ პიკემ, ვიდრე „კერპენელი არწივი“ მიხაელ შუმახერი გამოჩნდებოდა. „წითელმა ბარონმა“ წლეულს უკვე მეშვიდედ მოიპოვა პირველობა და თითქმის ყველა სხვა საფორმულო რეკორდიც დაისაკუთრა, მაგრამ ერთ ფანტასტიკურ მიღწევას ფანხიოს თვით შუმიც ვერ წაართმევს. „მაესტრომ“ 51 რბოლიდან 24-ში გაიმარჯვა – თითქმის ყოველ მეორე ეტაპს იგებდა. მიხაელს 83 დიდი პრიზი აქვს 213 რბოლაში.
სარეკორდოა ისიც, რომ ფანხიომ შვიდი სრული სეზონი ჩაატარა და ხუთჯერ იპირველა, შუმახერმა კი – შვიდჯერ 13-დან

11/7/58
შეუდარებელი
ფანხიოს ყველა დროის საუკეთესო მრბოლად ბევრნი თვლიან, მიუხედავად იმისა, რომ იყო არანაკლებ ლეგენდარული სიჩქარის „მეფე“ აირტონ სენა და არის უკვე ყველაფრის მომხვეჭი მიხაელ შუმახერი.
თავად მიხაელი ყოველთვის გაურბის ფორმულის გენიოსთან შედარებას: „ეს უაზრობაა. როგორ შეიძლება, შეადარო მაშინდელი და ახლანდელი პირობები. არც კი ვცდილობ, ჩემი თავი მის გვერდით დავაყენო. იგი ჩემზე ბევრად მაღლა დგას. ის, რაც მან ფორმულისთვის გააკეთა, განუმეორებელია. გაიხსენეთ, მაშინ როგორი მანქანები და რა პირობები ჰქონდათ. არც გზები ვარგოდა და არავითარი უსაფრთხოების ტექნიკაც არ იყო. ნებისმიერ შედარება უსამართლობა იქნება. ფანხიო სულ სხვა ფორმულა 1-ში გამოდიოდა და თავის ყველა გამარჯვებაც პირადად მან მოიპოვა, უმძიმესი ძალისხმევით. დღეს კი ჩვენ გუნდის მთელი არმია გვახვევია და წარმატების მიღწევაც გაცილებით ადვილია“.
გავიხსენოთ ფანხიოს ათიოდე წლის წინანდელი ნათქვამიც: „ჩემს დროს წარმატება 75 პროცენტით მანქანასა და მექანიკოსზე იყო დამოკიდებული, ხოლო 25 პროცენტით მრბოლსა და ბედ-იღბალზე. დღეს კი გამარჯვების 95 პროცენტი მანქანისაა“.
გასული საუკუნის 50-იანი წლები მართლაც თავგადადებული გმირების დრო იყო. მრბოლებს პრაქტიკულად არანაირი დამცავი საშუალება არ გააჩნდათ, ჩაფხუტებიც კი არ ეხურათ. არ არსებობდა უსაფრთხოების ბარიერები, მანქანის მექანიკა არასაიმედო, ხოლო საბურავები მოტოციკლის სივიწროვისა იყო, რაც უამრავი ავარიის მიზეზი ხდებოდა. მანქანაში ჩაჯდომის წინ მძღოლები ისე ემშვიდობებოდნენ ახლობლებს, თითქოს ვეღარასოდეს ნახავდნენ. სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად, მართლაც ასე ხდებოდა.
კარტოფილის ბიჭი
გასაკვირი კია, მაგრამ მომავალი სუპერჩემპიონი იყო სოფლიდან, სადაც მანქანა იშვიათობას წარმოადგენდა.
ხუანი დაიბადა 1911 წელს, ბუენოს აირესიდან 300 კილომეტრით დაშორებულ ბალსარსაში, ჯიშიანი კარტოფილით განთქმულ მხარეში. მისი მშობლები იტალიელი ემიგრანტები იყვნენ. ბიჭი, ცხადია, დღედაღამ ბურთს დასდევდა და კარგადაც ეხერხებოდა. თამაშის თავისებური მანერის გამო მეტსახელიც ჰქონდა – „მრუდფეხა“.
ხუანმა მალე მუშაობა დაიწყო გარაჟში მექანიკოსად, ზოგჯერ უხდებოდა დედაქალაქიდან ბალსარსაში კლიენტებისთვის მანქანების ჩაყვანა გრუნტიანი გზით, რაც სამძღოლო პრაქტიკისთვის მშვენიერი საშუალება იყო. 17 წლისა პირველ შეჯიბრებაში გამოვიდა, მერე კი ჯარში გაიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით ადრე კინაღამ გარდაიცვალა ფილტვების ანთებისგან.
1932 წელს ფანხიომ კომპანიონთან ერთად საკუთარი გარაჟი გახსნა, თან ნათხოვარი „ფორდით“ რბოლებშიც მონაწილეობდა. 1939 წელს მეგობრებმა შეგროვილი ფულით „შევროლე კუპე“ უყიდეს და ამ მანქანით მოიპოვა პირველი წარმატება – ანდების გავლით პერუმდე რბოლა „გრან პრი დელ ნორტე“ მოიგო, ხოლო მომდევნო წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გახდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ავტოსპორტისთვის არავის ეცალა და ხუანიც ტაქსის მძღოლობით ირჩენდა თავს, ომის შემდეგ კი კვლავ წარმატებით გააგრძელა სამრბოლო საქმიანობა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გაჯიბრება მოიგო და არავის გაუკვირდა, როცა ავტორბოლის დიდი მოყვარულის, არგენტინის პრეზიდენტ ხუან პერონის ხელშეწყობით, 37 წლის ხუან მანუელი ევროპაში საჯირითოდ გააგზავნეს.
ვერცხლის დასაწყისი
ბებერ კონტინენტზე გამოჩენისთანავე, 1949 წლის აპრილში, ფანხიომ ორი საწყისი რბოლა მოიგო – სან რემოს და პოს დიდი პრიზები „მაზერატით“. იმ სეზონში კიდევ სამჯერ გაიმარჯვა საფრანგეთისა და იტალიის ტრასებზე და „ალფა რომეოს“ უფროსობას ისე მოაწონა თავი, რომ უკვე პირველ ჩემპიონატში, იმ დროისთვის საუკეთესო ბოლიდის საჭეს უჯდა.
სამხრეთამერიკელისთვის უჩვეულოდ დინჯი, წყნარად მოსაუბრე, ოდნავ ცივიც კი, რბოლისას სრულიად იცვლებოდა. ელვისებური და უზუსტესი რეაქცია ახასიათებდა, გამორჩეული ფიზიკური გამძლეობა და თანდაყოლილი სიფრთხილეც ეხმარებოდა წარმატების მიღწევაში. „მაესტროს“ მთავარ კოზირად ითვლებოდა მანქანის დამუხრუჭებასა და აჩქარებას შორის ბალანსის დაჭერის უნარი. ერთი სიტყვით, უმაღლესი დონის პროფესიონალი იყო.
ფანხიოს სადებიუტო, 1950 წელს ჩემპიონობის მშვენიერი შანსი ჰქონდა, ხუთიდან სამი ეტაპი მოიგო – მონაკოში, ბელგიასა და საფრანგეთში და დასკვნითი, იტალიის დიდი პრიზის გათამაშების წინ უახლოეს მდევარ თანაალფელებს, ლუიჯი ფაჯიოლისა და ჯუზეპე ფარინას შესაბამისად, ორი და ოთხი ქულით უსწრებდა. ტიტულის მოსაპოვებლად არგენტინელს „მონცაზე“ მესამე ადგილიც ჰყოფნიდა. თავიდან ყველაფერი მისი „გეგმით“ მიდიოდა, მეშვიდე წრე უსწრაფესად გაიქროლა და საჩემპიონო მესამე პოზიციაზეც მყარად იდგა, მაგრამ 24-ე წრეზე მანქანას სიჩქარეთა კოლოფი მოეშალა მოეშალა. ხუანმა პიერო ტარუფის „ალფით“ გააგრძელა რბოლა, თუმცა ფინიშამდე მაინც ვერ მიაღწია – 500-კილომეტრიანი დისტანციის ნახევარიც არ ჰქონდა გავლილი, ძრავა რომ დაეწვა. იტალიის დიდი პრიზი და ჩემპიონის ტიტულიც ფარინამ მოიგო, ფანხიო „მხოლოდ“ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
მაესტროს ხანა
სამაგიეროდ, „მაესტრომ“ მომდევნო წელს მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა, შვიდეტაპიანი სეზონის დასაწყისშივე დაწინაურდა და ბოლომდე არ დაუთმია ლიდერობა. გაიმარჯვა შვეიცარიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში, მეორე იყო ბრიტანეთსა და გერმანიაში და საბოლოოდ, 6 ქულით აჯობა ფერარელ ალბერტო ასკარის. ხუან მანუელმა პირველი გვირგვინი 40 წლისამ დაიდგა.
ჩემპიონატიდან გასულ „ალფა რომეოს“ ნაცვლად „მაზერატიში“ გადამჯდარი „მაესტრო“ 1952 წელსსაც ფავორიტად ითვლებოდა და სეზონის წინ რამდენიმე „გასახურებელი“ რბოლის მოგებაც მოასწრო, მაგრამ ჩემპიონატში მონაწილეობა საერთოდ ვერ მიიღო.
მორიგი არასაჩემპიონო რბოლის, მონცას ავტოდრომის დიდი პრიზის გათამაშების წინა დღეს მილანში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ უამინდობის გამო რეისი გადაიდო, ფანხიომ მანქანა იქირავა. მთელი ღამე დაფეთებულმა იქროლა და მონცაში სტარტამდე ორი საათით ადრე ჩააღწია.
ალბათ გადაღლაც გახდა საშინელი ავარიის მიზეზი – ხუანი ერთ-ერთ მოსახვევში ზედმეტად ფართო ტრაექტორიით შევარდა, დამცავ თივის ზვინებს ეტაკა და ამოყირავებული მანქანიდან გადმოვარდა. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მაგრამ კისერი მოიტეხა და თვენახევარი საავადმყოფოში იწვა, სულ კი თითქმის ხუთი თვე გაატარა თაბაშირში.
ასეთი უმძიმესი ტრავმის შემდეგ მაინც დაბრუნდა და 1953 წელს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა. მერე კი არგენტინელის ფენომენალური სატიტულო სერია დაიწყო.
1954-57 წლებში, 28 რბოლიდან 17-ში ყველას აჯობა და სამი სხვადასხვა გუნდის მანქანით ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა ჩემპიონობა, უკანასკნელად 46 წლისამ!
1958 წელს „მაესტრო“ მხოლოდ ორჯერ გავიდა სტარტზე და საბოლოოდ დაემშვიდობა „სამეფო რბოლებს“, თუმცა მანამდე პოლიტიკურ შარში გაეხვია. 23 თებერვალს, კუბის დიდი პრიზის გათამაშების წინა დღეს, ფიდელ კასტროს დაჯფგუფების პარტიზანებმა ფანხიოს ჰავანის სასტუმრო „ლინკოლნის“ ლიფტიდან გამოსვლისას გაიტაცეს, ოციოდე კილომეტრით მოშორებულ სახლში ჩაკეტეს და რბოლის დამთავრებამდე იქ ამყოფეს, მერე კი საღ-სალამათი გაუშვეს.
გამტაცებლებმა მიზანს მიაღწიეს – მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის გაუჩინარებით კუბის რევოლუციაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.
გია ახალაძე