დაიბადა 1906 წლის 30 ოქტომბერს ტურინში
ფორმულა 1-ში ასპარეზობდა 1950-55 წლებში
მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი
1952 წლის ვიცე-ჩემპიონი
1953 წლის მესამე პრიზიორი
მოგებული აქვს 5 დიდი პრიზი: დიდი ბრიტანეთის, იტალიის, შვეიცარიის, ბელგიის და გერმანიის
33 რბოლა, 20 (5+9+6) პოდიუმი, 5 პოული, 5 უსწრაფესი წრე, 127, 33 ქულა
გუნდები: „ალფა რომეო“ (1950-51), „ფერარი“ (1952-55)
გარდაიცვალა 1966 წელს
იტალიელი მრბოლი ჯუზეპე „ნინო“ ფარინა ფორმულა 1-ის ისტორიაში სამუდამოდ პირველი დარჩა: ზეისტორიული, უპირველესი კვალიფიკაციის და დიდი პრიზის მომგები და, რაც უმთავრესია, მსოფლიოს პირველი ჩემპიონი
მან ტიტული თითქმის 44 წლისამ მოიპოვა და ამ მხრივაც გამოირჩა – სამეფო რბოლების 27 გვირგვინოსნისგან ყველაზე ასაკოვანმა მიაღწია პირველ წარმატებას,
„დოქტორი“ ფარინა მეორე მსოფლიო ომამდელი თაობის მრბოლი იყო. ტრასებზე პირველად 1925 წელს, სტუდენტობისას გამოჩნდა. ტურინის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიენიჭა პოლიტიკურ-მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. აქედანაა მისი მეტსახელიც.
ფორმულა 1-ის დაბადებამდე არაერთი მნიშვნელოვანი რბოლა მოიგო – ანტვერპენში, ბერნში, ტრიპოლიში, მონტე კარლოში, მონცაში, ჟენევაში.
1936 წელს იტალიაში მეტად პრესტიჟულ ათასმილიან ზემარათონში ბრეშადან რომამდე და უკან , „ალფა რომეოთი“ მთელი ღამე უშუქებოდ იქროლა და ფინიშთან მეორე მივიდა.
1947 წელს შეიქმნა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA). ავტოები ძრავის მოცულობა-სიმძლავრის მიხედვით კატეგორიებად დაიყო და 1950 წელს მსოფლიოს პირველი ჩემპიონატიც ჩატარდა ყველაზე მძლავრ, პირველი კლასის ფორმულაში.
50-იანი წლები ჯენტლმენი მრბოლების ხანა იყო. პილოტები შეჯიბრებებში მხოლოდ მანქანების და სისწრაფის სიყვარულით მონაწილეობდნენ. არც ფულისტომრიანი სპონსორები ჰყავდათ და არც ზღაპრულ გასამრჯელოს იღებდნენ უკიდურესად რისკიან ხელობაში. მძღოლებს ერთმანეთთან თბილი, მეგობრული ურ\თიერთობა ჰქონდათ, რაც დღეს იშვიათი ამბავია.
ეს ახლაა, მრბოლ-ბოლიდს ტექპერსონალის არმია რომ ახვევია და ელექტრონიკით გაჭყეპილი ცხრაას ცხენისძალიანი ურჩხული ბევრად ადვილი სამართავია. მაშინ, ფორმულა 1-ის გარიჟრაჟზე, მანქანა სწორედ რომ დენთის კასრი იყო, მოუხეშავი, ძნელად მოსარჯულებელი. პილოტებს იოტისოდენა დამცავი საშუალება არ გააჩნდათ, არც გზების საფარი ვარგოდა და ხანძარ-ავარიისას მხოლოდ განგების იმედად რჩებოდნენ და რა გასაკვირია, თუ ყოველწლიურად ორი-სამი მათგანი იღუპებოდა, ზოგჯერ მეტიც. გზაარეულმა მანქანებმა არაერთხელ იმსხვერპლეს მაყურებლებიც, რომელთაც ტრასიდან მხოლოდ თვისი ზვინები ჰყოფდა.
და მაინც, უზარმაზარი საშიშროების მიუხედავად, უამრავი „თავზეხელაღებული“ უჯდა საჭეს. პირველ ჩემპიონატში 30-მდე პილოტი მონაწილეობდა.
ოქროს ფინიში
ზეისტოირიული პირველი ჩემპიონატის პირველი, ბრიტანული ეტაპი 1950 წლის 13 მაისს, შაბათ დღეს გაიმართა ლონდონიდან 150-იოდე კილომეტრით დაშორებულ სილვერსტოუნის ტრასაზე. სარბიელად გაუქმებული სამხედრო აეროდრომის ტერიტორია გამოიყენეს.
ინგლისი მეფე გეორგ მეექვსეს, დედოფალ ელისაბედისა და პრინცესა მარგარეტის თაბდასწრებით სტრატზე 21 მანქანა განლაგდა, ცხადია, წინა დღის საკვალიფიკაციო შედეგების მიხედვით. პირველი პოულის მომგებ ფარინას („ალფა რომეო“) გვერდით მისი თანაგუნდელები – ლუიჯი ფაჯიოლი და რეჯინალდ პარნელი იდგნენ. აღსანიშნავია, რომ სამეულმა ამავე თანმიმდევრობით გადაჭრა ფინიშის ხაზი. თავიდან 53 წლის ფაჯიოლი გაიჭრა წინ, მაგრამ მალე ფარინამ და კიდევ ერთმა ალფელმა ხუან მანუელ ფანხიომ გადაასწრეს, თუმცა „მაესტრო“ ხუანმა დიდ ხანს ვერ გაძლო, ძრავამ უღალატა და ბრძოლას რვა წრით ადრე გამოეთიშა.
დიდი ბრიტანეთის პირველი დიდი პრიზი დაისაკუთრა ჯუზეპე ფარინამ, რომლის „ალფეტამ“ 329-კილომეტრიანი დისტანცია 2 საათსა და 13 წუთში დაძლია. აღსანიშნავია, რომ რბოლის უსწრაფესი წრეც ფარინასი იყო, ასე რომ, „ჰეთ თრიქით“ გაიმარჯვა, რაც „დოქტორის“ 6-წლიან კარიერაში ერთადერთი აღმოჩნდა.
ეს „ალფა რომეო ტიპო 158“ ერთ-ერთი გახლდათ იმ შვიდი მანქანიდან, რომლებიც ჯერ კიდევ 30-იან წლებში დაჯირითობდნენ, ომის დროს კი იტალიელელებმა ყველის ქარხანაში გადამალეს, ფაშისტებს ხელში რომ არ ჩავარდნოდათ.
ექვსრბოლიან სეზონში (ჩათვლაში ოთხი საუკეთესო შედეგი შედიოდა) მეორე, მონაკოური ეტაპიდან გამოჩნდნენ ენცო ფერარის სისხლისფერი ბედაურები. მართალია, „ფერარის“ პრემიერი ალბერტო ასკარი და მისი კოლეგები ძალიანაც ეცადნენ, მაგრამ ალფეტებთან ბრძოლაში ვერაფერს გახდნენ. მონტე კარლოში ფანხიომ იმარჯვა, შემდეგ ფარინამ, მერე ზედიზედ ორჯერ ისევ ფანხიომ, რომელიც დასკვნითი, იტალიური ეტაპის წინ ოთხი ქულით უსწრებდა კონკურენტს და ტიტულიც თითქოს გაინაღდა. იგი კვალიფიკაციისას ყველაზე სწრაფი იყო, ამდენად სტარტზე ქარავანის თავში იდგა და საგვირგვინოდ მესამე ადგილიც ჰყოფნიდა.
მილანის მახლობლად, მონცას „აუტოდრომო ნაციონალეზე“ ვითარება დაძაბული იყო არა მხოლოდ ტიფოზების ნაციონალისტური განწყობის გამო, ამიტომ ფარინა უდიდეს მხარდაჭერას გრძნობდა, ვიდრე არგენტინელი ფანხიო, თუმცა, ორივენი ალფელები იყვნენ.
ოკეანისგაღმელ „მაესტროს“ დასაწყისშივე გაასწრეს ფარინამ და ასკარიმ, ფანხიომ მეშვიდე წრე (სულ 80 უნდა გაევლოთ) უსწრაფესად გაიქროლა, მყარად იდგა მესამე პოზიციაზე და მის ჩემპიონობას თითქმის არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ დისტანციის მესამედის გავლის შემდეგ „ტიპოს“ სიჩქარეთა კოლოფი მოეშალა. ხუანმა თანაგუნდელ პიერო ტარუფის ბოლიდით გააგრძელა ჯირითი (მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო), თუმც მაინც ვერ იხეირა – შუა გზაზე ძრავა დაწვა. ყველას ფარინამ აჯობა და ჩემპიონობაც მოიპოვა.
საერთოდაც, 1950 წლის ჩემპიონატი „ალფა რომეოს“ არნახული ტრიუმფით დაგვირგვინდა – პირველი სამი ადგილი ამ სუპერ საჯინიბოს სამმა „ფა“-მ (ფარინა, ფანხიო, ფაჯიოლი) დაიკავა. ფერარელი ასკარი მხოლოდ მეხუთე იყო.
ჯენტლმენი ნინო
ჯუზეპე – მრბოლის ვაჟიშვილი და ავტოძარების ცნობილი ფირმა „პინინფარინას“ მფლობელის ძმისშვილი, მრბოლ-ჯენტლმენის ნიმუშად ითვლებოდა. იყო თავაზიანი, კორექტული, თუმც ოდნავ გულცივიც. მანქანაში გამორჩეულად ელეგანტურად გამოიყურებოდა , იჯდა თავისუფლად, უკან გადაწეული და არა სხვების მსგავსად საჭეს ჩაფრენილი.
„ნინოს“ მეუღლე ელსის მოდური ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა და რბოლებს იშვიათად ესწრებოდა. ნაცნობ-მეგობართა დახასიათებით, ფარინა რთული და გამოუცნობი პიროვნება იყო. ზოგჯერ რბოლისას ახირებული ჩანდა, ხან თავქუდმოგლეჯით მიქროდა მეტოქის გასასწრებად, ხანაც გახურებული ჯირითისას გააჩერებდა მანქანას, წინ წასულებს მაინც ვერ დავეწევიო.
ლეგენდარულმა კომენდატორე ენცო ფერარიმ იგი წმინდასისხლიან ბედაურს შეადარა, რომელსაც ჯირითისას ნებისმიერ ფოკუსის მოგონება შეუძლია. ამის გამო ჯუზეპე ხშირად სტუმრობდა კლინიკებს.
სამწუხაროდ, ფარინამ ვეღარ შეძლო საფორმულო მწვერვალზე შედგომა . მართალია, კიდევ ხუთი სეზონი დააქროლებდა ბედაურს, მაგრამ მაქსიმუმი, რასაც მიაღწია, 1952 წლის ვიცე-ჩემპიონობაა.
უხეირო 1951 წლის ჩემპიონატის შემდეგ (მეოთხე ადგილი), ფარინა „ფერარიში“ გადავიდა, მაგრამ ეს მცდარი ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან გუნდში მეორეობას ვერ ეგუებოდა, გამუდმებულად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ასკარისთან. ერთხელ ბერნში, შვეიცარიის დიდი პრიზის გათამაშების შემდეგ თანაგუნდელ-თანამემამულეთა კონფლიქტი კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ამას არგენტინული ტრაგედიაც დაერთო – იქაურ ავტოდრომზე რბოლისას ფარინას მართვადაკარგული „ფერარი“ ტრასიდან გავარდა და 15 მაყურებელი გაჭყლიტა.
1954 წელს სპორტული მანქანებით მონცას 1000-კილომეტრიანი მარათონის წინ, ვარჯიშისას ჯუზეპეს საშინელი ავარია შეემთხვა, დიდი დამწვრობა მიიღო და პრაქტიკულად, მთელი სეზონი გაუცდა. მომდევნო წელს კი დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ ნახევარი ჩემპიონატი გაძლო. ავარიის შემდეგ აუტანელი ტკივილები დასჩემდა, რასაც მორფინის ნემსებიც ვერ უყუჩებდა.
სიცოცხლეც მანქანაში, მორიგი ავარიის შემდეგ დაასრულა, როცა სავოის ალპებში „ლოტუს-კორტინას“ საჭე ვერ დაიმორჩილა და ტელეგრაფის ბოძს შეასკდა – ჯუზეპე ფარინა 60 წლის იყო.
გია ახალაძე 11.12.2004