მურტალო ჯერ არ მოკვდება. თუ მოკვდება და, საეჭვოა, არილინგტონის სასფლაოზე დაკრძალონ.

იქ მხოლოდ ამერიკისთვის თავდადებული შვილები წვანან.

და სად არის დიდ მოკრივეთა საფლავები? სად განისვენებეს ჯო ლუის ბოროუ, ანდა დიდი ჯეიმს ჯეფერსი? ამისას ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან მოკრივეებს არ ერგებათ საფლავები გამოსაჩენ ადგილებში.

ერთადერთი, რაც მოკრივეებს ერგებათ, კანასტოტას კრივის დიდების დარბაზია და იქაც ყველას არ შეესვლება.

ამ ჩვენს მურტალოს – მაიკ ტაისონს, ვერც იმ დარბაზში შეუშვებენ. კანასტოტელთა წესით კაცი რინგიდან ხუთი წლის ჩამოსული უნდა იყოს, დიდების დარბაზის წევრად რომ აკურთხონ.

ბოლო დღეებია, რაც ეს კითხვა ტრიალებს – გახდება კი ტაისონი დიდების დარბაზის წევრი?

კითხვა ისეთია, რომ დღევანდელობას სრულიადაც არ ეხმიანება. ნევადის შტატის ათლეტთა კომისიამ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე კაცურად იუქმა და დასვენებულზე უმკაცრესი განაჩენი გამოიტანა – რივოუქ ლაისენს!”

ტაისონის საკრივო ლიცენზია აღარ არსებობს. მავანი კონგრესმენის მიერ ყურით (!) გათრეული კანონით, მოკრივე მაიკ ტაისონი აღარ არსებობს, რადგან, თუკი ხრიოკი ნევადის მედიდურმა შვილებმა მხოლოდ თავიანთი ბანქოს მაგიდებით და ბაგზი ზიგელის ბოლო სიყვარულით ცნობილი შტატის მიწაზე აუკრძალეს კრივი მურტალოს, ამან სხვა შტატებიც დაავალდებულა.

რადგან: კანონი თუმცაღა არ ავრცელებს ერთი შტატის კომისიის აზრს სხვა შტატზე, მაგრამ ნამუსზე კი აგდებს ამ უკანასკნელთ. კომისიათა სოლიდარობა ხომ ისედაც ცნობილია.

ამიტომ, შტატების ფარგალში ტაისონის კრივი სრულიად გამორიცხული ჩანს.

იყო მოკრივე და აღარ არის მოკრივე.

საქციელი კი მართლაც სამარცხვინო იყო: ყურის (!) მოჭმა. სამარცხვინო კი არა და, საშიშარიც. ვის არ გააგიჟებდა ამგვარი კაციჭამიობა? რინგზე დაფურთხებული ყურის ნაგლეჯის გამო პრეზიდენტმა კლინტონმაც კი გამონახა დრო.

მთელი ათი დღე ამერიკის საზოგადოება გამოდიოდა ტელევიზორში და მურტალოს კრულავდა. ასეთმა გადაცემებმა ჩვენამდეც მოაღწია „აიეტის“ მეშვეობით.

განა გაამართლებ ყურიკვნეტიას? ცხოველს გაამართლებ?

მაგრამ აქლემისა და ნემსის ქურდის ამბავიც ხომ ცნობილია.

იყო ასეთი კაცი – ბლინკი პალერმო, რომელიც ჩხუბის წინ ის განთქმულ მოკრივესთან მივიდოდა და ეტყოდა: „გამიგონე ჯეკ! მეოთხე რაუნდში დაწვები და ასი ათასს მიიღებ. თუ არ დაწვები – სამუდამოდ დაწვები”.

ისიც წვებოდა.

ბლინკი 60-იან წლებშიღა დაატუსაღეს.

განა ამ კაცის ყურმოჭრილ მონობისთვის ჩრდილი მიადგა ჯო ლუისის დიდ სახელს?

განა პრიმო კარნერა განგსტერთა ხელის ბიჭი, მათი აღზევებული არ იყო?

სიბინძურე – სიბინძურეა. ლუისი თავად გადადგა ჩემპიონის ტახტიდან, რადგან თავის შავ წილებში გახლართულს – მეტის აღება და დასვენება ურჩიეს.

ის დიადი მოკრივე იყო, მაგრამ სპორტული სული და ღირსება პრო-კრივში სანთლის საძებარი რომ იყო, არის და იქნება.

მოჭმული ყური!

იყო დრო, როცა მაიკი და ევანდერი ძმები იყვნენ – მათ მხარდამხარ ავარჯიშებდნენ ამერიკის ოლიმპიურ ნაკრებში. ევანდერი მაშინ საშუალო წონაში იღვწოდა და ვიღაც სულელმა მათი სპარინგი მოინდომა. სპარინგი შედგა და მეგობრები მტრებად იქცნენ,. მაშინაც თავი ხომ არ აძგერა „რიალ დილმა“?

ყურის ამბავი არასდროს არავის დაავიწყდება – კანასტოტელ ბებრებს, მითუმეტეს.

მაგრამ ტაისონის საკრივო სიკვდილი ჯერ ადრეა. და აი, რატომ:

პროფესიული კრივი არც მძლეოსნობაა და არც სხვა რამ იმგვარად სპორტული, მოულოდნელად მორალის გამო რომ გადაირიოს.

ნევადურ კანონში გარკვეთით წერია: მოკრივეს უფლება აქვს განაჩენიდან ერთი წლის თავზე პატიების თხოვნა შემოიტანოს, რათა კომისიამ ის საბოლოოდ არ დაღუპოსო. ესეც არ იყოს, და შიდსის ვირუსით დაავადებული ტომი მორისონს სულაც ცხრა შტატმა აართვა ლიცენზია, ის კი ადგა და ტოკიოში იკრივა.

მურტალოს სიკვდილი ჯერ ადრეა. ხმაური დაცხრება და…

„ნუ ამიკრძალავთ კრივს! წაიღეთ მთელი ფული, ოღონდ ნუ ამიკრძალავთ კრივს!“ – ლუღლუღებდა ტაისონი.

„სიენენის” ტელეარხმა ლაივით გადმოსცა კომისიის უმკაცრესი სხდომა. და იქ წამოდგა კაცი, ნევადის მთავარი არჩეული მსაჯული გორდონ ფინკი, რომელმაც თქვა: „მაიკს არ ჩაუდენია არაფერი ისეთი, რაც არ ხდება სხვა სახეობებში. მე განწყობაზე ვსაუბრობ. პრინციპში ამის გამო ხმაური უაზრობაა. კრივი უხეში სპორტია. ის ბეისბილი და კალათბურთი არ არის და მის წესებს დახვეწა სჭირდება“.

ამას დაეთანხმა სხვა წევრიც – ჯიმ ნეივი. განაჩენი კი მაინც უმკაცრესი გამოვიდა, ნეივიმ ისიც თქვა, ტაისონის „რივოუქი“ სხვა მოკრივეებსაც მძიმე დღეში აგდებს, რადგან ნევადური კრივის ადათით, „რივოუქიან“ კაცთან ურთიერთობის მქონე მოკრივეს ნევადაში ასევე „რივოუქი“ ექნებაო.

მურტალო დაისაჯა და ახლა, ამდენი „ხმაურისა და მძვინვარების  შემდეგ ცხადი გახდა, რომ ნევადის კომისია ვალდებული იყო მკაცრი ვერდიქტი მიეღო, თუმცაღა, ისედაც დაფახფახებულ და საძირკველშერყეულ მძიმეწონოსანთა კრივს ამით ხეირი არ დაადგება.

რაღაა მძიმე წონა უტაისონოდ, განცდისა და ინტერესის ნახევარი აღარ არის.

„ნუ ამიკრძალავთ კრივს“…

დონ კინგი კი დუმს. კომისიის სხდომაზეც დუმდა – უკვე ხომ არ ჩაიფიქრა რაიმე?

კინგის ძველი მოქიშპე საპრომოუშენო საქმეში დინო დუვა ხითხითებს: „ტაისონი ზღვის გაღმა იკრივებს. განა კინგი ასე ჩასვრილი დარჩება?“

რა თქმა უნდა, შეიძლება ლონდონში, ტოკიოსა და პარიზში კრივი – მაგრამ მაიკს აქაც კვანტი აქვს გამოდებული: ციხიდან წესიერად მოქცევის პირობით გამოშვებულს საზღვარგარეთ გასასვლელად საგანგებო ნებართვა სჭირდება.

ესეც არ იყოს და, თუ გარეთ ჩხუბს გაბედავს, დაბოღმილი ნევადის კომისია აღარასოდეს აღუდგენს ლიცენზიას.

ერთი ამბავიც ასეთია: ვენესუელის ქალაქ კარკასიდან შემოთვალა კრივის მსოფლიო ასოციაციის უფროსობამ – ჩვენს რეიტინგში ტაისონის გვარი წარხოცილიაო. მურტალო სწრედ ამათი ქამრისთვის ეცილებოდა ჰოლიფილდს.

ეს არაფერია – ასეთი დარდი თუნდ ათასი იყოს – რჩება ფედერაციისა და საბჭოს ვერსიები.

რჩება იმედი, რომ მსოფლიო მძიმე წონის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი კვლავ გამოჩნდება რინგზე.

ხატება ერთი კაცისა – აი, რა უნდა გავიხსენოთ. კას დამატო – დიდ ჩემპიონთა გაზრდილი, დიდ იმწვრთნელი – მურტალოს მამობილი. კაცი, რომელმაც ბრაუნსვილელი ყაჩაღი ჩემპიონად აქცია. დამატო ცუდ დროს გარდაიცვალა – მაიკს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მისი ხელი. კასმა ვერ მოასწრო ამ ბიჭის ბოლომდე ჩამოქნა – ცხრამეტი წლისა დატოვა მთელი ამხელა ქვეყნის პირისპირ, ვერაგი ქალებისა და თაღლითი კაცების გარემოცვაში.

არადა, ხომ დააყენა გზაზე მამილო კასმა მეორე ქუჩის მძარცველი, ასევე ჩემპიონი ფლოიდ პატერსონი?

ფლოიდი, კეთილი თვალებითა და სათნო ღიმილით. ის ახლა ნიუ იორკის შტატის ათლეტთა კომისიის თავკაცია.

ამის გამო კი კიდევ ერთი ამბავი: თუკი ლას ვეგასს დღევანდელი კრივის მექად მივიღებთ, მაშინ ატლანტიკ სიტი მედინად უნდა ვცნოთ. ეს სათამაშო ქალაქი ნიუ-ჯერსის შტატში ძევს, ამ შტატის ათლეტთა კომისიის თავმჯდომარე კი ბატონი ლერი ჰაზარდია.

ჰაზარდი ამბობს: „ტაისონი კრივის ნაწილია. ის კრივის პოპულარობის ერთგვარი გარანტიაა. ძნელი სათქმელია, მაიკს უფრო სჭირდება კრივი, თუ კრივს მაიკი“.

„ნუ ამიკრძალავთ კრივს!“ – შეიძლებოდა შეგვეცვალა: „ნუ ჩამოგვართმევთ მაიკს.“

იმიტომ, რომ მურტალო ფულის მბეჭდავი უმძვლავრესი მანქანაა დღევანდელ სპორტში.

იმიტომ, რომ ის მაინც რჩება (ერთ-ერთ) უძლიერეს სპორტსმენად მსოფლიოში.

იმიტომ, რომ კრივი გლადიატორთა ჭიდილია და არა დარდუბალა ბიჭებისა.

მუჰამედ ალის ლეგენდარულმა მწვრთნელმა ანჯელო დანდიმ თქვა: „რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვეღარ ვიხილავთ ასეთ ტაისონს“.

 

P.S. ერთ თბილისელ ძველ ბიჭს ცოლმა უთხრა, გაჩუმდი, ნუ ყვირიხარ, უსიამოვნება მოხდებაო. ძველ ბიჭს გაეცინა, მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი უსიამოვნებაა და მეტი რა უნდა იყოსო.

ასევეა ტაისონიც, იმ დროიდან, როცა ბრუკლინში, 12 წლისამ რევოლვერი დაადო ბანანის გამყიდველს.

„ასეთ ტაისონსო“, თქვა მხცოვანმა. ჩვენ ერთხელ უკვე ვერ ვნახეთ „ასეთი ტაისონი“ – ინდიანურმა ტუსაღაობამ ის გვარიანად შეცვალა კრივშიც და ცხოვრებაშიც.

ერთ წელიწადში კი, ალბათ, მურტალოს „მესამედ მოსვლა“ იქნება. ისიც არ იქნება „ასეთი ტაისონი“.

მურტალო ასე არ წავა – ერთი ქამარი მაინც თან უნდა წაიყოლოს. ამას კრივის მაგია ამბობს.

მერე კი, ხუთი წლის თავზე, კანასტოტაშიც დაფიქრდებიან – ეგეთები შეუმოსავთ მანტიით?

12.07.1997

წილი
წინა სტატია2. ხუან მანუელ ფანხიო
შემდეგი სტატიატომი და ჯონი ბლექუოთერის ღელეზე
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.