ჰოლივუდური კლასიკაა: მთავარი გმირი უეცრად აღმოაჩენს, რომ აღარ არის ის, ვინც არის და მისი პიროვნება – ყველაფერი რაც მისია – სხვას ეკუთვნის.
ჟანრის კანონების შესაბამისად, მთავარი გმირი ძიებას იწყებს და საიდუმლოსთვის ფარდის ახდას ცდილობს, ის კი – ვისაც სახელი და იერი აქვს მითვისებული, ფართოდ დახუჭული თვალებით ლამობს თავის მოჩვენებას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
ფინალი კი, როგორც წესი, ჰეფიენდურია და გმირი თავისას იბრუნებს. მაყურებელიც კმაყოფილია, თუმცა ფიქრობს, რომ ნამდვილ ცხოვრებაში მსგავსი ვერაფრით მოხდება და ეს მხოლოდ კინოა.
თუმცა ზოგჯერ ცხოვრებაც კინოს ჰგავს.
ჰგავს კი არა – კინოა!
ასე დაგვემართა ჩვენც, სარბიელელებს, როდესაც ინტერნეტში ხეტიალისას „სარბიელის“ გვერდსა და საიტს წავაწყდით. სახელი ჩვენია! ლოგო – ათასში რომ გამოარჩევ – იგივეა!
ჰო, ლოგოს ხსენებაზე – ასოთმოყვანილობა, რითაც სარბიელი იწერება, ქართველ ანბანთ-მხატვარ ანტონ დუმბაძეს ეკუთვნის, ექსკლუზიურია, „სარბიელის“ გამომცემლის დაკვეთით არის დახატული, სხვაგან არასდროს გამოყენებულა და საკუთრობის დასტურიც დოკუმენტურად არის გაფორმებული.
მოკლედ, შევდივართ ინტერნეტში და საკუთარ სახელს და ლოგოს ვუყურებთ – ოღონდ იქვე მავანნი ამტკიცებენ, რომ ეს სახელი და ლოგო მათია. და ეს ყველაფერი თითქოს ასეა: ცხოვრებამ მოიტანა და დროებით სახლიდან წახვედი. მერე ჩამოდიხარ, მიადგები სახლს და რას ხედავ – შენს საკუთარ სახლში ვიღაც უცხოები შესახლებულან და ისე არხეინობენ, თითქოს ეს ყველაფერი მამა-პაპამ დაუტოვა ანდერძით. შენ კი დგახარ და გაოგნებული ფიქრობ, ამ ხალხს არაფერი გაუგია, არაფერი იცის რა არის ნამუსი, სინდისი, ზნეობა, მორალი, კაცობა, ქართველობა… და მერე ხვდები, რომ ეს ყველაფერი ჰგავს კი არა და, წმინდა წყლის მოროდიორობაა. მოროდიორობას კი, ომიანობისას თუ არა, მშვიდობიანობისას პასუხიც მოსდევს…
კიდევ ბევრი რამ შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა მთავარი უკვე ნათქვამია: „სარბიელი“ ერთია და თქვენ მას ახლა კითხულობთ.
მაშ, გამარჯობა მკითხველო! „სარბიელი“ დაბრუნდა!