– ძმობილო, ტრანსფერი რა არის?
– აღარ გაიმეორო ეგ საშინელი სიტყვა.
-რატომ?
– იმიტომ, რომ ქვეყნად არ არსებობს მაგაზე საშინელი სიტყვა.
– მართლა? აბა, ტელევიზორში რომ ამბობენ და არ რცხვენიათ?
– რას ამბობენ ტელევიზორში?
– ტრანსფერი შედგაო.
– ჰოდა, სწორედ ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება.
– დაახლოებით რას ჰგავს ეგ ტრანსფერი?
– დაახლოებით… აი, ერთი ცალი კარტოფილი რომ ასი დოლარი დაგიფასონ და რომ იყიდო.
– რატომ უნდა ვიყიდო?
– იმიტომ, რომ ყველანი გეუბნებიან, აუ, ნახე, რა მაგარი კარტოფილიაო.
– კარტოფილში ას დოლარს როგორ მივცემ?
– არ არის, უფრო იაფად და…
– ეგ სხვა საქმეა.
– სხვა საქმე კია, მაგრამ შენც გამუდმებით უნდა იძახო, ასეთი კარტოფილი ქვეყანაზე არ არისო.
– რატომ?
– აბა, ბითურად ხომ არ გამოჩნდები? ხომ იტყვიან, ნახე ერთ ცალ ჩვეულებრივ კარტოფილში ასი დოლარი გადაიხადაო.
– და სხვები რატომღა აქებენ იმ კარტოფილს?
– ხელფასს იღებენ ამ საქმეში და აქებენ.
– კი მაგრამ, როგორ უნდა შემოგასაღონ უვარგისი კარტოფილი ას დოლარად?
– გაგითლიან, დაგიჭრიან, ტაფაზე დაგიყრიან, შეგიწვავენ. საიდან მოიტანე, რომ უვარგისი კარტოფილია? საქმეც ეგ არის, რომ ჩვეულებრივია და ცალი ასი დოლარი ღირს.
– უფრო იაფად არ იქნება?
– უფრო იაფად კი გამოვა, მაგრამ ის იაფი, არც მთლად იაფი, სამაგიერო კი მთლად უვარგისი იქნება.
– მაშ, ეს ქვეყანა კარტოფილის პიურე ყოფილა.
– პიურემდე მიღწევა უნდა, ბევრი მუშაობა.
– მუშაობა?
– ხომ უნდა იძახო, ეს კარტოფილი მართლაც ასი დოლარი ღირსო. მუშაობაა, მაშ რა? თანაც, პიურესაც გაკეთება უნდა.
– და რა იქნება, რომ გააკეთებ?
– რა უნდა იყოს, მილანის “ინეტნაციონალე”
– ასე ჰქვია პიურეს?
– პიურეს კი არა… ტრანსფერი რა არისო, არ მეკითხებოდი?
– მერე?
– მერე აგიხსენი.
– და ის კარტოფილი ვინ არის?
– ეგ თავად გამოიცანი.
– კარტოფილი როგორ გამოვიცნო? კარტოფილი კარტოფილია.
– კარტოფილი კი არა, კარტოფილები. ეგენი ყველანი ასდოლარიანი კარტოფილები არიან.
– კარგად ვერ ვხვდები.
– რას ვერ ხვდები? დი სტეფანო დათლიდა მაგ კარტოფილს, ტაფაზე დაყრიდა და შეახრამუნებდა. თუმცა, ისიც უნდა გითხრა, რომ ერთ ჭამაზე არ ეყოფოდა.
– ცოტა ყოფილა…
– ცოტა არა, უბრალოდ, პატარა კარტოფილებია. არც ბესტს ეყოფოდა, არც კრუიფს, დაჟე არც ჯანი რივერას.
– ის რო იყო, ხუჭუჭთმიანი?
– ვინ?
– ამ ზაფხულს რომ სულ ვერტალიოტში იჯდა.
– პლატინი…
– დიახ.
– არა, არც მაგას ეყოფოდა. ჯერ ბიჭი მოიზარდოს, არც ბიჭს ეყოფა.
– ბიჭი ვინ არის?
– მაიკლი, ოქრობიჭი.
– და გაზა?
– რა გაზა?
– გაზას ეყოფოდა?
– ადრე ეგებ არც ყოფნოდა. მერე ხომ თვითონაც გაკარტოფილდა
– მაინც ვერ გავიგე, რა არის ტრანსფერი.
– ცუდი სიტყვაა, არ გაიმეორო
– და რატომ ღირს ერთი ცალი კარტოფილი ასი დოლარი?
– ბაზარი ეგეთია.
– დეზერტირების?
– არა, ფეხბურთის.
14.11.1998