კევინ კიგანი
ოქროს ბურთის მფლობელი – 1978,1979
დაიბადა 1951 წლის 14 თებერვალს ინგლისის ქალაქ დონკასტერში
თავდამსხმელი
კლუბები: „სკანტროპი“ (ინგლისი, 1968-71), „ჰამბურგი“ (გფრ, 1977-80), „საუთჰემპტონი“ (ინგლისი, 1980-82), „ნიუკასლი“ (ინგლისი, 1982-84).
ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი – 1973, 76, 77, ინგლისის თასი – 1974. გფრ-ის ჩემპიონი – 1979, ჩემპიონთა თასი – 1977, უეფას თასი – 1973, 76.
ნაკრებში 63 თამაშში გაიტანა 21 გოლი (1973-82)
ეს იყო 7 ნოემბერს – დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 72-ე წლისთავზე, დილით, რა თქმა უნდა, იყო აღლუმი, მშრომელთა დემონსტრაცია, ფილმები ლენინზე, სიმღერები პარტიაზე. მაგრამ ის, რაც საღამოს იყო, ბევრად მნიშვნელოვანი გახლდათ, ვიდრე მთელი მსოფლიოს პროლეტარიატის ამბავი.
საღამოს „დინამო“ „ჰამბურგს“ მასპინძლობდა ჩემპიონთა თასის მეორე მერვედფინალურ მატჩში და იყო იმედი და, რა თქმა უნდა, განუმეორებელი სურვილი, რომ “დინამო” ამოიღებდა ორბურთიან დეფიციტს. იმხანად სსრკ-ის ჩემპიონს უკვე დაეჯაბნა ინგლისის ჩემპიონი „ლივერპული“ და ახლა გერმანიის ჩემპიონს ებრძოდა.
გამარჯვება არ გამოვიდა, თუმცაღა, თბილისის „დინამომ“ შეძლო ჩაეტარებინა თავის ისტორიაში უდიადესი პირველი ხუთი წუთი, რაც გუცაევის გოლით დაგვირგვინდა. მაგრამ ძალები არათანაბარი იყო. თამაშის წინ სტუმრები ერთგვარი ზრდილობით ამბობდნენ, ფრე იქნებაო. მაგრამ მოიგეს.
ახლა, ცხრამეტი წლის შემდეგ, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სტადიონზე არ უთამაშია ამ სიძლიერის სტუმარს. და რა თქმა უნდა, აქ იმასაც აღვნიშნავთ, რომ „დინამოს“ მინდორზე არასოდეს გამოჩენილა „ჰამბურგის“ ლიდერის, კევინ კიგანის მსგავსი მოწინააღმდეგე.
უბრალოდ, ჩვენს სტადიონზე ითამაშა ევროპის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელმა. ითამაშა სწორედ მაშინ, როცა შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენდა და ღრმადაც აღიბეჭდა ჩვენებურ გულშემატკივართა მეხსიერებაში.
უცხოურ ფეხბურთზე დამშეული საბჭოთა გულშემატკივრისთვის, რომელიც გადაცემა „სპორტულ კალეიდოსკოპს“ იყო მიდარაჯებული, ეს მართლაც მნიშვნელოვანი რამ გახლდათ.
კევინ კიგანის ხილვა, „დინამოს“ მარცხის მიუხედავად, დიდი საჩუქარი იყო. კიგანმა კი ითამაშა, თავისი საქმე გააკეთა და წავიდა.
რა იყო მისი საქმე? რა იყო მისი ფეხბურთი?
ერთმა ცხელფიქრიანმა ჟურნალისტმა დაწერა, კევინ კიგანი მარადონას მომასწავებელი იყო, ისევე, როგორც იოანე ნათლისმცემელი იესოსიო. ფეხბურთისა და თეოლოგიას შორის პარალელების გავლება გაუშვი, ისევ იმ კაცმა განაგრძოს, ჩვენ კი ვთქვათ, რომ იმ დროის ფეხბურთს მართლაც არ ჰყავდა კიგანის დარი მოთამაშე.
კევინ კიგანს, ტანმორჩილ, თუმცაღა ჩადგმულ თმახუჭუჭა მეშვიდე ნომერს, გამოარჩევდა არა მხოლოდ სათამაშო ოსტატობა, არამედ საოცარი უნარი მოედანზე მიმდინარე ამბების კითხვისა. და რაც მთავარია, მას შეეძლო ამ ამბებზე გადამწყვეტი ზემოქმედების მოხდენა.
როგორი ხერხებით ახერხებდა ამას?
რაღაცით ბობი ჩარლტონსაც კი ახსენებდა ძველ გულშემატკივრებს, ალბათ, უფრო მასშტაბებისა და სწორად მოქმედების უნარით.
მაგრამ მისი პალიტრა სხვა იყო. ტექნიკურს, სწრაფსა და მოქნილს არა მხოლოდ ბურთის კარში ჩაჭედება (სწორედ რომ ჩაჭედება!) ეხერხებოდა, არამედ შეტევის გაშლაც და ამავდროულად მასში იმგვარად მონაწილეობის უნარი ჰქონდა, რომ მოწინააღმდეგის ნახევრის ბატონ-პატრონი შეიქნებოდა ხოლმე.
თავად იწყებდა მახვილგონიერ კომბინაციას მინდვრის შუაგულიდან, მოწინააღმდეგის საჯარიმოსთანაც თავადვე მიიღებდა ბურთს და ხშირად ცეცხლის ხაზზეც, თავადვე ხვდებოდა მის მიერვე წამოწყებულ შეტევით კარის წინ მოტანილ ბურთს.
მას „მიკი მაუსს“ ეძახდნენ, ალბათ, არა მხოლოდ იერის, არამედ მოუსვენრობის, ანიმაციური გმირივით დაუჯერებელი მოძრაობების გამო.
მისი პირადი ზეობის წლები 70-იანების მეორე ნახევარი იყო. დრო, როცა სადღაც გადაიკარგა იოჰან კრუიფი. მეორე მხრივ, ეს იყო ევროპაში ინგლისური კლუბების ბატონობის ხანა. ამ ბატონობას „ლივერპულმა“ და მენეჯერმა ბილ შენკლიმ დაუდეს სათავე. დიდი ბილ შენკლი ის კაცი იყო, ვინც ცხრამეტი წლის კევინ კიგანს დაბალ ლიგაში დაავლო ხელი და „ენფილდზე“ მიიყვანა.
„ლივერპულში“ გატარებულ ექვს სეზონში კიგანმა მოიპოვა ყველა თავისი დიდი გუნდური ტიტული ერთის გარდა. ამ ექვს წელიწადში ის სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ერთხელ მოიგო იქაური ასოციაციის თასი, ორჯერ უეფას თასი და ერთხელაც ჩემპიონთა თასი. პირადი ტიტულები კი – ორი „ოქროს ბურთი“, „ჰამბურგში“ თამაშისას მიიღო. ეს ერთგვარი უცნაურობა იმით თუ აიხსნება, რომ სანამ კიგანი „ლივერპულში“ თამაშობდა, „აიაქსი“ და „ბაიერნი“, კრუიფი და ბეკენბაუერი ყოვლისმომცველ ფიგურებს წარმოადგენდნენ.
ისე კი, უცნაურობა ყოველთვის თან სდევდა კევინ კიგანს. რამდენი სეზონი გალია ნაკრებში და საუბედუროდ, ეს სწორედ ის დრო იყო, როცა კლუბები ზეობდნენ და ნაკრებს კი ძლიერ უჭირდა – ცალკე სკანდალების და ცალკე მძიმე და ურისკო თამაშის გამო. კიგანის ერთადერთი დიდი სანაკრებო ტურნირი 1980 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო. იქ ინგლისის ნაკრებმა ბევრით ვერაფრით გამოიჩინა თავი. მსოფლიო ჩემპიონატებზე კი კიგანმა სულ ოცი წუთი ითამაშა, ერთი მოხდენილი თავური ააცილა ესპანელთა კარს და ეგ იყო – ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში ვერ გავიდა.
მას ტრავმა ჰქონდა. ჩემპიონატის ჯგუფური თამაშები გამოტოვა, მაგრამ მეოთხედფინალური შეხვედრებიდან ძირითადში ელოდნენ. ჰამბურგშიაც კი გადაფრინდა პირად ექიმთან. მწვრთნელმა რონ გრინვუდმა არ გარისკა – მხოლოდ მაშინ გამოუშვა მოედანზე, როცა საშველი აღარ იყო. კიგანი უკვე ოცდათერთმეტი წლისა გახლდათ.
ოთხმოციანი წლებიდან მისი დაღმასვლა დაწყებულიყო. მხოლოდ ხშირ ტრავმებში არ იყო საქმე. ის უკვე „საუთჰემპტონში“ თამაშობდა, შემდეგ – „ნიუკასლში“. დიდი კარიერა თითქმის უმტკვინეულოდ შეცვალა პატარა კარიერით. უცებ მოშორდა დიდ შეჯიბრებებს. რატომ?
კევინ კიგანი მეტად თავისებური ხასიათის კაცია. ფაქიზი გრძნობებისა და არაჩვეულებრივი ფიქრის. ამას ფეხბურთელობისას ამჟღავნებდა და მენეჯერობისასაც. ხუთიოდ წლის წინათ, როცა მან „ნიუკასლის“ მესაჭეობა ჩაიბარა, ფეხბურთისკენ მობრუნება ასე ახსნა: „ესპანეთში ვცხოვრობდი და ყოველდღე გოლფს ვთამაშობდი. მივხვდი, რომ ვბერდები და ასეთი ცხოვრება გაუსაძლისია“.
ალბათ, რაღაც ამის მსგავსს ფიქრობდა, როცა „ჰამბურგიდან“ „საუთჰემპტონში“ გადადიოდა.
და მაინც, კევინ კიგანი ვარსკვლავი იყო, უფრო სწორად, ის ბოლომდე ვარსკვლავი დარჩა. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ კევინ კიგანის, ისევე როგორც მისი დროების ბევრი ბრწყინვალე მოთამაშის ოსტატობას, სრულიადაც ვერ აღწერს ტერმინი „ვარსკვლავი“ (დღევანდელი გაგებით).
უბრალოდ, დღეს აღარ არიან ამ ყაიდისა და მასშტაბის მოთამაშენი.
საუკეთესო წლების კიგანი მსოფლიოს უპირველეს მობურთალთა შორს დგას.
ჩვენ კი გვახსოვს და ბედნიერნიც ვართ, რახან ცოცხლად გვიხილავს იგი.
თანაც მაშინ, როცა უძლიერესი იყო.
7.11.98