ასე გამოვიდა, რომ ამ ჩვენი „სარბიელის“ მესვეტედ ვიქეც და ამიერიდან ამ გვერდზე ამ ადგილს დავიჭერ ხოლმე.

მინდა, ორი რამ სიტყვა მოგაშველოთ, წინა კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბის გამო – ყმაწვილი ყალმუხი მსოფლიო ჭადრაკის თავკაცად რომ აირჩიეს, ქალაქ პარიზში.

კირსან ილუმჟინოვი გაგეგონებათ, იგი პრეზიდენტია (მგონი სამარდჟამოდაც არჩეული) რუსეთში შემავალი ქვეყნისა, რომელსაც ყალმუხეთი ჰქვია. ეს ყალმუხეთი ჩვენთვის ცნობილია, როგორც ყალმუხის ქუდის (ქართველ თავადობას უყვარდა) შემოქმედი მხარე და პუშკინის ლექსში დამოწმებულ თვალწვრილ ქალთა სამშობლო. დედაქალაქად უძევს ელისტა – არაფრით ცნობილია ქალაქი, თუ ამ არაფრად არ ჩავაგდებთ ფაქტს, რომ ბრეჟნევის დროს აქაური გუნდი საბჭოეთის უცვლელი ჩემპიონი ყოფილა მოტო-ბურთში.

ბიჭი კირსანი აქამდე გაგვეგონა როგორც რუსეთის ტერიტორიის ქვეყანათა პრეზიდენტებს შორის ყველაზე ახალგაზრდა, რომელსაც თავის ქვეყანაში აქვს თავისივე პირველკაცობის თვალშეუდგამი კულტი, ასევე ფლობს მრავალ მილიონ ფულს და საკუთარი სახლი კი არ გააჩნია, სამაგიეროდ, ისეთი ლიმუზინი ჰყავს, რომ მთელი ყალმუხეთის ოქრო-ვერცხლადა ღირს. მას სცოდნია იაპონური ენა და ინგლისურიც, ჭადრაკში კი ბავშვობიდან ვიდრე პრეზიდენტად გახდომამდე ოსტატობისთვის მიუღწევია.

ასეთ ხალხს ხომ ჰკლავს სამშობლოს გამოჩენის სურვილი. თან ისე, რომ თავადაც გამოჩნდეს: ესა და ეს ამ კაცის დროს გაკეთდაო. ჰოდა, ილუმჟინოვმაც აიჩემა, ელისტა მსოფლიო ჭადრაკის მექად უნდა ვაქციოო. ამას რუსის ჟურნალისტებმა ნიუ-ვასიუკი შეარქვეს და ასე ხითხითით იხსენებდნენ ხოლმე ყალმუხთა ბელადს.

ილუმჟინოვმა კი საჭადრაკო წრეში იწყო ტრიალი (ფულთან კაცს, აბა, სად დაუხშობენ კარს) და დაუძმობილდა ჩამრგვალებულ ადვოკატ მაკაროვს, ვინც რუსთა ფედერაციას თავკაცობს და გარი კასპაროვსაც. კასპაროვი პურს არ გასტეხდა და ზედ არაჟანს არ წაუსვამდა. კირსან პრეზიდენტისათვის რომ არ ეხმო. თანაც, მოგეხსენებათ, კასპაროვი ფიდეს მტერია და პროფესიონალ მოჭადრაკეთა ლიდერია. ილუმჟინოვიც ალბათ კოჭს უგორებდა და ასე გასინჯეთ, პარიზსაც კასპაროვთა სახლიდან გაემგზავრა პელმენებით კარგად ნასადილევი.

პარიზში კი ილუმჟინოვიფიდე-ს უფროსად აირჩიეს, თან ისე, რომ ეს ფიდე ხეირიანად არც კი სცოდნოდა, რა იყო. ბებერმა ფლორენსიო კამპომანესმა ლოზანაში მდებარე, თავმჯდომარის კუთვნილი სრა-სასახლის გასაღებიც უძღვნა, „ა-ჰა, იბატონეო!“

ეს რომ კასპაროვის დედამ – ქალბატონმა კლარამ შეიტყო, ქოში უკუღმა ყარა: არამი ყოფილიყოს ჩვენი პელმენი და „ასეტრინა“ მაგაზე, ჩვენი მტრების თავკაცად რომ შეიქნაო. კლარა ბიცოლა მოჭადრაკეთა დედებში იგივეა, რაც კასპაროვი მოჭადრაკეებში. მოკლედ, კირსანს სადილს აღარ ვაჭმევთ და ხმელ პურსაც დავამადლებთო.

მაგრამ ახლა გათავმჯდომარებული ილუმჟინოვი ატყდა, პურ-მარილი ჩემზეაო: ელისტაში კარპოვს და კასპაროვს დავუძახებ, ლიტრა ყაბმუხურ არაყს ჩამოვდგამ, სალას დავჭრი და ორ დიდ ადამიანს ნახევარ საათში შევარიგებ, რათა დაფასთან დავსხაო. აქ მთავარი ის არის, როგორ მოერევიან ლიტრა არაყს დაფის ცქერისგან დაელმებული ეს გენიოსები.

ელისტაში ჩამოვიყვან ბობი ფიშერსო, – აცხადებს კარსანი. – ჩვენ, რუსებს, მისი ვალი გვაწევს, რადგან უჰონორაროდ გამოვეცით მისი წიგნი „60 რჩეული პარტია“ და ამ 100 ათასი დოლარის გადახას მევე ვკისრულობ, ოღონდ კი ბობი ლანდთა საუფლოდან გამოვიხმოო.

ჭადრაკში საყოველთაო სიყვარულის ხანა მოდის. ამას გვაჯერებს 33 წლის, მსოფლიოში უცნობილესი ყალმუხი.

ავი ენები კი ჩურჩულებენ, რომ თუკი კამპომანესი ფიდედან წავიდოდა, რუსული ჭადრაკის რეაქციული ძალები იქ გავლენას კარგავდნენ, ჰოდა, თავისი კაცი თავმჯდომარედ „გაქაჩეს“ ყოველი წესისა და მორალის დარღვევითო.

ილუმჟინოვი კი ამბობს, ორ კვირას ყალმუხეთს მივხედავ, ორ კვირას – ჭადრაკს, და ნახავთ, სოფელი როგორ აშენდესო. ესეც ვნახოთ, ვთქვათ და ელისტაც აყვავდა.

8.12.1995

წილი
წინა სტატიასაბონისმა რა ჰქმნა
შემდეგი სტატიაკაცი ბრონქსიდან
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.