ფეხბურთი იმისაა, რომ უნდა იკამათო, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც ფეხბურთში არ კამათობენ. მაგალითად, არ კამათობენ იმაზე, რომ 1982 წლის ბრაზილიის ნაკრები ყველაზე ლამაზი ბრაზილიის ნაკრები იყო და ალბათ ყველაზე ესთეტიკური გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.
და ასეთ ბრაზილიას საბჭოთა კავშირის ნაკრები 1982 წლის მუნდიალზე გადაეყარა – ეს მათი პირველი მატჩი იყო ესპანეთი 82-ზე.
მთელი საქართველო და მთელი საბჭოთა კავშირი ტელეეკრანებთან იყო მიმჯდარი, ძალიან დიდი მატჩი გამოდგა მაშინდელი განზომილებით, დიდი თუ პატარა ამ თამაშის მოლოდინში იყო. საბჭოთა ნაკრებში მაშინ ოთხი ქართველი თამაშობდა – ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია.
ამ მატჩის პერიპეტიებს კი თენგიზ სულაქველიძე იხსენებს…
ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, ცოტა არ იყოს, უცნაურად ვემზადებოდით. 1982 წელს ესპანეთში ორჯერ წავედით შეკრებაზე – ჯერ ზამთარში, მერე კი გაზაფხულზე. ორივეჯერ სევილიაში ვიყავით, უმაღლეს დონეზე მოწყობილ სპორტულ ბაზაზე, მაგრამ ეს შეკრებები მეტწილად პატარ-პატარა კომერციულ მატჩებს მოიცავდა და ნორმალურად რომ ვერ მოვემზადეთ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის, ამაზე ქვემოთაც ვიტყვი.
საბჭოთა ნაკრებს მაშინ ტრიუმვირატი წვრთნიდა – კონსტანტინ ბესკოვი, ვალერი ლობანოვსკი და ნოდარ ახალკაცი, მაგრამ მთავარი მათგან ბესკოვი იყო. ლობანოვსკი და ახალკაცი ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, ყველაფერს აკვირდებოდნენ, მაგრამ ეს უფრო მწვრთნელთა საბჭო იყო, ვიდრე ტრიუმვირატი – საბოლოო გადაწყვეტილებას ბესკოვი იღებდა და ყველაფერზეც პირველ რიგში სწორედ ის იყო პასუხისმგებელი, თუმც ლობანოვსკის და ახალკაცის აზრსაც იზიარებდა.
ბესკოვი ძალიან მაგარი მწვრთნელი იყო, ყველა კომპონონენტში ძლიერი – ტაქტიკა-სტრატეგია გინდა თუ ნებისმიერი რამ, ფეხბურთელს თავში ჩაუდებდა, თუ რა უნდა ეკეთებინა მინდორზე. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი დონის მწვრთნელები იყვნენ ლობანოვსკიც და ახალკაციც – მათ და ბესკოვს ერთმანეთში რა დამოკიდებულება ჰქონდათ, ამას ფეხბურთელები ვერ ვამჩნევდით, ჩვენ ყველაფერ ამას გარედან ვუყურებდით. რაც შეეხება საწვრთნელ პროცესს, ვარჯიშს ხან ერთი მწვრთნელი ატარებდა, ხან მეორე და ხან მესამე – მაგალითად, როცა ახალკაცი ატარებდა ვარჯიშს, ლობანოვსკი და ბესკოვი განზე იდგნენ და მხოლოდ უყურებდნენ.
ბრაზილია ჩემპიონატის ფავორიტი იყო და მასთან თამაშით ჩვენი შესაძლებლობების შეფასებაც გვაინტერესებდა. კიდევ ის, რომ საბჭოთა ნაკრები 12-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად თამაშობდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ესპანეთის მუნდიალზე ჩვენ ჯგუფიდან კი გავედით, მაგრამ მეტიც შეგვეძლო – საბჭოთა ნაკრებში მაშინ ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ ტურნირისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ და…
ბრაზილიის ნაკრებში მაშინ ბევრი ვარსკვლავი თამაშობდა – ზიკო, ფალკაო, სოკრატესი, ედერი, ჟუნიორი… კაცის მოტყუება ყველა ბრაზილიელს შეეძლო, მაგრამ ჩვენც კაი მგლები ვიყავით დაცვაში – ცენტრში სერგეი ბალტაჩა და ჩივაძე, მარცხნივ ანატოლი დემიანენკო, ხოლო მე დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობდი.
ბრაზილიასთან პერსონალურად არავის წინააღმდეგ მითამაშია, ჩვენ ზონურ დაცვას ვთამაშობდით, ხოლო ბრაზილიელი შემტევები სულ აქეთ-იქით მოძრაობდნენ და პოზიციას იცვლიდნენ.
საბჭოთა ნაკრების გამთამაშებელი იური გავრილოვი იყო, თუმცა თამაში მასზე იყო აწყობილიო, ასე არ ყოფილა. თავდასხმაში კი ოლეგ ბლოხინი და შენგელია თამაშობდნენ. მოკლედ, კლასიკური 4-4-2 სქემა ჰქონდა ბესკოვს არჩეული.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში წავიდა, ბრაზილიას არაფერში ჩამოვუვარდებოდით და დავწინაურდით კიდეც – ანდრეი ბალმა დაახლოებით 30 მეტრიდან გაიტანა, ცოტა არ იყოს, კურიოზული გოლი – ვალდირ პერესის დარი სუსტი მეკარე ბრაზილიის ნაკრებს სხვა დროს ალბათ არც ჰყოლია.
გატანილ გოლს ჩვენში არანაირი ილუზია არ გამოუწვევია, რადგან ვიცოდით, რომ ბრაზილია ბოლომდე იბრძოლებდა, მთელი თამაში წინ იყო. პირველ ტაიმში სხვა საგოლე მომენტი არც ყოფილა, თუმც შენგელიას წაქცევისთვის მსაჯმა აშკარა 11-მეტრიანი არ დანიშნა.
დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, ბრაზილიამ მაგრად შემოგვიტია. შესვენებაზე ბესკოვს არ დაუვალებია, დაცვაში ჩაჯექითო, მაგრამ ასე კი მოხდა – ეს სიტუაციამ მოიტანა. ბრაზილიამ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა კონტრშეტევებზე ჩვენც გვქონდა შანსი – შენგელიას და ვლადიმირ ბესონოვს.
ასე იყო თუ ისე, მეორე ტაიმის ნახევარზე მეტი იყო გასული, ბურთი არ გაგვიშვია, მაგრამ ბოლო ოცი წუთისთვის მზად არ აღმოვჩნდით – დავიღალეთ, თავი იჩინა არასათანადო მომზადებამ – ტურნირის დაწყებამდე მოსკოვში, ნოვოგორსკის ბაზაზე ვიყავით შეკრებაზე და ესპანეთში ბრაზილიასთან თამაშის წინა დღეს ჩავფრინდით. მოკლედ, მატჩის ბოლოს ჯანი აღარ შეგვრჩა და ორი ბურთიც გავუშვით – სოკრატესი მარჯვნიდან შემოვიდა ჩვენს საჯარიმოში და რინატ დასაევს ახლო კუთეში გაუტანა, ხოლო ედერმა ისეთი შორეული დარტყმა შეასრულა, რომ ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და დასაევიც უძლური აღმოჩნდა, რეაგირება ვერ მოახერხა.
ფრეს შანსი მაინც გვქონდა – მეორე ტაიმში შენგელიამ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა, თამაშგარე დააფიქსირა. ვიდეოჩანაწერზე კი გამოჩნდა, რომ შენგელია და მეტოქე მცველი ერთ ხაზზე იდგნენ და მაშინდელი წესებით ასეთ დროს თამაშგარე არ ინიშნებოდა.
მატჩის მეორე დღეს ესპანურმა პრესამ მსაჯი გააკრიტიკა, მისმა შეცდომებმა მატჩის შედეგზე მნიშვნელოვნად იმოქმედაო. სხვათა შორის თამაშზე მყოფი ესპანელი გულშემატკივრები ჩვენ გვქომაგობდნენ. ჩვენი ქვეყნიდან კი ნაკრების საქომაგოდ, ფაქტობრივად, არავინ ჩამოსულა. მაშინ ხომ სულ სხვა დრო იყო, თუმცა ნაკრების მწვრთნელთა მოთხოვნით, ესპანეთში ჩვენი მეუღლეებიც წამოგვყვნენ, ისინი ცალკე სასტუმროში ცხოვრობდნენ, მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ მათი იქ ყოფნა ჩვენზე დადებითად იმოქმედებდა და უკეთეს შედეგს მივაღწევდით.
ამ მატჩში ბრაზილიელთაგან ყველაზე უფრო ედერი მომეწონა, ის ძალიან ჯანიანი იყო, სასწაული დარტყმა ჰქონდა და მისთვის ბურთის წართმევაც ძალიან ძნელი იყო.
რაც შეეხება პრემიალურ სისტემას, მოგებაზე 800 დოლარი გვქონდა, ფრეზე არაფერი. საუკეთესო ოთხეულში რომ მოვხვედრილიყავით, ალბათ რაღაც თანხას მოგვცემდნენ, მაგრამ მაშინ ჩვენ წინასწარ არავინ გვეუბნებოდა, ამა თუ იმ შედეგისთვის რამდენს გადაგვიხდიდნენ.
დავით თავართქილაძე
სევილია. 14 ივნისი. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 70 000 მაყურებელი
ტემპერატურა 35 გრადუსი
ბრაზილია 2:1 სსრკ
0:1 ბალი (34), 1:1 სოკრატესი (75), 2:1 ედერი (87)
ბრაზილია: პერესი, ლეანდრო, ოსკარი, ლუიზინიო, ჟუნიორი, სოკრატესი, სერჟინიო, ზიკო, ედერი, ფალკაო, დირსეუ (პაულუ ისიდორი 46)
სსრკ: დასაევი, სულაქველიძე, ჩივაძე, ბალტაჩა, დემიანენკო, ბესონოვი, ბალი, გავრილოვი (სუსლოპაროვი 74), დარასელია, ბლოხინი, შენგელია (ანდრეევი 88)
მსაჯი: ლ. კასტილიო (ესპანეთი)