მორცხვობა ამშვენებსო ადამიანს –  ცნობილი გამონათქვამია. ვინ იცის, რამდენი შეგვხვედრია ცხოვრებაში ისეთი კაცი, საკეთებელს სხვაზე მეტს რომ აკეთებს, ბევრზე უკეთ, თავის გამოჩენას და საკუთარ საქმეზე ლაპარაკს კი ჩრდილში ყოფნა უჯობს.

ნოდარ ხიზანიშვილიც ასეთი კაცია – მორცხვობამდე თავმდაბალი. აბა, მე რა სანაკრებო კაცი ვარო, გვითხრა, ერთადერთი მატჩი ვითამაშე სსრკ ნაკრებში და ეგ რა გასახსენებელი იყოო. არადა, იტო, როგორ არ იყო. მოდი გავიხსენოთ და მოფერებაც არ დავიშუროთ არც ხიზანასთვის და არც მისი პლეადისთვის – ამ ხალხმა ხომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჯერჯერობით ყველაზე დიდ გამარჯვებას შეასხა ხორცი. მოვიდნენ ისინი, ითამაშეს, წარუშლელი კვალიც დატოვეს და წავიდნენ ჩუმად, ისე რა, ზედმეტი ხმაურისა და აურზაურის გარეშე. ხინჯი კი ყველას დაგვრჩა გულში – არ ეგებოდა ამ ხალხის ასე გაშვება.

ნოდარ ხიზანიშვილს დასტურ გრანდების მარაქაში მოუხდა თამაში. მაშინდელი „დინამო“ მთლიანად ვარსკვლავების საკრებულოს წარმოადგენდა და ასეთი დონის გუნდში თამაშიც კი უკვე თავისთავად მეტყველებდა ფეხბურთელის კლასზეც და ოსტატობაზეც. თავდამსხმელები ხომ მუდამ საკვეხარი გაგვაჩნდა ქართველებს, არც ჩვენი ნახევარმცველები უდებდნენ ვისმე ტოლს და მცველები ხომ გვყავდნენ და გვყავდნენ… სამოციანი წლებიდან მოყოლებული არ ყოფილა შემთხვევა, სსრკ-ს ნაკრებში ერთ ქართველს მაინც არ ეთამაშოს. მკითხველმა განსაჯოს – ჩოხელი, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ჩივაძე, სულაქველიძე – ეს ის მცველები არიან, რომელთა გარეშე არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, სსრკ-ს ფეხბურთის ისტორიასაც ვერავინ წარმოიდგენს. და კიდევ იყვნენ მცველები რომელთაც გარჯა, პირველ ყოვლისა, საკუთარი, თბილისელი (ან ქუთაისელი) მაყურებლის თვალწინ უხდებოდათ. მათზე ვერ იტყოდი კაშკაშა ვარსკვლავიაო… თუმცა…

ნოდარ ხიზანიშვილის დროის „დინამოს“ დაცვას ჩივაძე, სულაქველიძე, კოსტავა, ხინჩაგაშვილი ამაგრებდნენ. ეს ის პერიოდი იყო, როცა ყველა გუნდი ოთხი მცველით თამაშობდა. მოდაში არ იყო „კულუარის მოთამაშეები“ და თუმც კი შეტევაში ჩართვაც ეხერხებოდათ მაშინდელ მცველებს, ძირითადად მაინც საკუთარი ზონის კონტროლს აქცევდნენ ყურადღებას. ერთიცაა, ქართული ფეხბურთის ისტორიამ ზოგი ფეხბურთელი არა მხოლოდ ფინტით, დრიბლინგით, თამაშით – ნომრითაც დაიმახსოვრა. მაგალითად, იტყვი მესხს და თერთმეტი ნომერი მაისურიც თვალწინ დაგიდგება, „ოთხიანი“ ხურცილავას ხვედრია, „სამიანი“ – ჩივაძისა, ათი ნომერი უდავოთ ყიფიანის წილხვედრი იყო და ასე შემდეგ. მაგრამ ისეთი მობურთალებიც გვინახავს, ეგრეთ წოდებული, მუდმივი საკუთარი ნომერი რომ არ ჰქონდათ. ხიზანიშვილიც ამათ ჯგუფშია. იგი გვინახავს ორი ნომრით მოთამაშე, ოთხითაც და ნომინალურ ფუნქციასაც ნომრის მიხედვით იცვლიდა ხოლმე –  უთამაშია მარჯვენა მცველადაც, უთამაშია ცენტრშიც…

ნოდარ ხიზანიშვილის სათამაშო მანერას უფრო ინტელიგენტურს უწოდებდა კაცი. მაღალი, ხმელ-ხმელი, სიმპათიური ფეხბურთელი იყო ხიზანა, ბრძოლაც რომ ეხერხებოდა და ბურთის ელეგანტური ფლობაც. არც კაცზე პერსონალური თამაში იყო უცხო მისთვის და ერთიც დაგვრჩა ცნობიერებაში: არ (ან თითქმის არ) გვახსოვს წაქცეული ან ტრავმირებული ნოდარ ხიზანიშვილი.

ხიზანას კარიერას არ ახასიათებს სიმკვეთრე ანაც კონტრასტი. იგი თითქმის ერთ დონეზე თამაშობდა თავიდან ბოლომდე. არა გვგონია, ვინმეს გაახსენდეს ხიზანიშვილის ჩაგდებული თუნდაც ერთი თამაში, გოლი, რომელიც უშუალოდ მისი მიზეზით გავიდა, თავდამსხმელი, რომელსაც ის მეურვეობდა და რომელმაც დაჩაგრა… შესაშური სტაბილურობაა, არა? ფეხბურთელის სტაბილურობა კი უდავოდ მისი კლასის პირველსაზომია.

ერთადერთი, რაც, ჩვენი სუბიექტური აზრით, ხიზანიშვილის, როგორც მობურთალის პორტრეტს აკლდა, კოლორიტულობაა, ანუ საფეხბურთო მარილი, რაც მოთამაშეს სხვათაგან გამოარჩევს. ალბათ, ამასაც გააჩნია თავისი ობიექტური მიზეზი და ეს სწორედ ის თავმდაბლობა, სიმორცხვე უნდა იყოს, რომელზეც წერილის დასაწყისში გვქონდა საუბარი. ამ ყაიდის ფეხბურთელებს ჩვევიათ თავიანთი საქმის უხმაუროდ კეთება. ისინი კეთილსინდისიერად, მუშა ფუტკარივით ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, არ „თამაშობენ“ მაყურებელზე და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ლამაზ ილეთებსა და ტრიუკებს. მათთვის მთავარია უშეცდომოდ, უზადოდ გაისარჯონ, მოიხადონ თავიანთი ვალი მოედანზე და მაყურებლის წინაშეც. ასეთ მობურთალთა იღბალია მუდმივად სხვის ვარსკვლავურ ჩრდილში ყოფნა, ტაშსაც უმეტესად სხვებს უკრავენ ხოლმე, მაგრამ დგება დრო და მაყურებელი ხვდება, რომ სხვებზე არანაკლებ ეკუთვნის ტაში ამ ფეხბურთელს… რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს დრო ჩვეულებრივ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგღა დგება. ხიზანაც ფეხბურთიდან წასვლის მერე უფრო დაფასდა. ზემოთ კოლორიტულობა ვახსენეთ. არაერთ ფეხბურთელს გაიხსენებ ქართველი გულშემატკივარი სხვათაგან რაიმეთი გამორჩეულს. ისიც ვთქვით, რომ ხიზანიშვილის მანერას აკლდა კოლორიტული შტრიხები, მაგრამ ხიზანიშვილმა-ფეხბურთელმა ერთხელ მაინც ჩაიდინა ისეთი რამ, რასაც დავიწყება არ უწერია და ლამის მთელ მის კარიერად ღირს (მხოლოდ კარგი გაგებით)…

დიუსელდორფის „რაინშტადიონიდან“ მთელი საქართველოსთვის გამოგზავნილ კოცნას ვგულისხმობთ… აი, მაშინ კი მართლა კოლორიტული იყო ხიზანა. ბევრმა რამემ დაამშვენა 13 მაისის ღამე, ფეხბურთმა, „დინამომ“ ვიტალის გოლმა, კოტე მახარაძემ, გამარჯვებამ, თასთა თასმა და… ხიზანას კოცნამაც. ამადაცაა, შეიძლება მის მოედნებზე ნამოქმედართაგან ბევრ რამეს დავიწყების ჩრდილი გადაეფაროს, მაგრამ იმ კოცნას – არასოდეს.

ხიზანიშვილის დებიუტი „დინამოში“ და დიდ ფეხბურთში, როგორც იტყვიან, შედგა. მან 1975 წელს ითამაშა კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ, სსრკ-ს თასზე. მოგეხსენებათ, ეს ის დროა, როცა უკრაინელები მთელს ევროპაში ქუხდნენ.

„ისე მოხდა, რომ ბლოხინის მეურვეობამ მომიწია. ის თამაში მოვიგეთ კიდეც 2:1 და არც ბლოხინს (იმხანად „ოქროს ბურთის“ მფლობელს – კ.გ.) გამოუჩენია დიდად თავი. ერთი სიტყვით, გამიმართლა“ – იხსენებს ფეხბურთელი. მერე კი, მერე იყო დიდი „დინამო“, დიდი გუნდი, ჯერ დაცვის მარჯვენა ფრთა, მერე კი ცენტრი და რა პარტნიორები, რა შეხვედრები, ან რა ჯილდოები.

–  ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ასეთ ხალხთან გიხდება თამაში. შეთამაშებაზე არაფერს ვიტყვი, მსგავსი ფეხბურთელები რომ გვერდით გიდგანან, ეს, სხვა თუ არაფერი, იმედია. მათთან ერთად არც შეტევაში ჩართვისა გეშინია კაცს, არც შეცდომისა (იცი, რომ დაგაზღვევენ). მარჯვნივ რომ ვთამაშობდი, მთელი დაცვა მეიმედებოდა – არც დაზღვევა ეშლებოდათ, არც დროული პასი. მერე კი, როცა წინა ცენტრალურ მცველად დავიწყე თამაში, ალექსანდრე ჩივაძე გახდა ჩემი უპირველესი პარტნიორი.

უპირველესი პარტნიორიო, იხსენებს ნოდარ ხიზანიშვილი და უმალ ვიტალი დარასელიას ნაცნობი ფიგურა წამოტივტივდება მეხსიერებაში – ხიზანა და ვიტალი, ვიტალი და ხიზანა, მეგობრები მოედანზე, მეგობრები ცხოვრებაში და საერთოდ ყველგან.

– ვიტალი დარასელია თითქმის უნაკლო ფეხბურთელი და თანაგუნდელი იყო. ყოფილა შემთხვევა, შეტევაში ჩავრთულვარ და ჩემი ზონა მიმიტოვებია. ასეთ დროს თქმაც კი არ უნდოდა ვიტალის, თვითონვე იკავებდა ჩემს ადგილს და უკან მოხედვაც არ მჭირდებოდა – ვიცოდი, თავი ქუდში უნდა მქონოდა.

„დინამომ“ 1981 წელს თასი მოიგო და ევროპასაც გაასინჯა ქართული ფეხბურთის გემო. რაოდენ საოცარიც (სამწუხაროც) უნდა იყოს, ქართული ფეხბურთის დაცემაც თითქმის მაშინვე დაიწყო. ორიოდე წელიწადიც და იმ დიდი გუნდიდან თითქმის აღარავინ დარჩა დიდ ფეხბურთში. მიზეზი? – ერთი და იგივე ფეხბურთმა თავი მოაბეზრა ქართველ ვარსკვლავებს. ხიზანიშვილსაც ასე მოუვიდა. დიუსელდორფული ტრიუმფიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგივე, თასთა თასის ნახევარფინალში ბელგიურ „სტანდარდთან“ მარცხის მერე ხიზანამ გადაწყვიტა, აღარ ეთამაშა. „არადა 30 წლის ვიყავი, ფიზიკურადაც საუცხოოდ ვგრძნობდი თავს, მაგრამ ისიც ვიგრძენი, რომ უბრალოდ აღარ მსურდა ფეხბურთის თამაში“ – ეს აღარ მსურდა ხომ მარადი ჭირია ქართველი ფეხბურთელებისა, რაიმეს მიაღწევენ თუ არა, ბურთის თამაშის ხალისი ეკარგებათ და ახალს, უფრო მაღალს აღარ ეძებენ. ჩვენში ასე ყოფილა მუდამ… ჰოდა, ხიზანაც წავიდა – მისი თაობის თითქმის ყველა ფეხბურთელის დარად ჩუმად, ისე, რა, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე.

კვალი კი დარჩა – წარუშლელი, დაუვიწყარი, ისევე, როგორც 13 მაისის ღამე და ხიზანას მიერ დიუსელდორფიდან მთელი საქართველოსთვის გამოგზავნილი კოცნა.

1998 წლის 8 ოქტომბერი