…ჩემი მეზობლის დიდი ბებია, ანუ ბებიის დედა ოდესღაც სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა. ეს ქალბატონი, ძველ მიქელაძეთა შთამომავალი, მგონი ოთხმოცი წლისა იყო, ან სულაც ასისა. ჩემს მახსოვრობაში სახლიდან არ გამოდიოდა, დიდ ლოჯიაში იჯდა სავარძელში, ხუთი-ექვსი სათვალე ელაგა მუხლებზე და ქსოვდა. ამ ქალბატონს მრავალი რამ გადაეტანა, კომუნიზმის შენების მიზეზით დაეკარგა მამა, ძმები, ქმარი… თავად ყაზახეთში ეცხოვრა და რასაკვირველია, რუსულად ლაპარაკობდა.

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მისი მთავარი გასართობი ფეხბურთი იყო. დიდ ბებიას უყვარდა ფეხბურთის ტელერეპორტაჟების ცქერა პატარა ბიჭებთან ერთად, ანუ იმათთან ერთად, ვისაც ჯერჯერობით მარტოს არ უშვებდნენ სტადიონზე. პატარა ბიჭების შემადგენლობა პერიოდულად იცვლებოდა, დიდი ბებია კი სათვალეებს იცვლიდა და ფეხბურთზე ლაპარაკობდა.

მან არ იცოდა არც ერთი თბილისელი ფეხბურთელის გვარი. უფრო სწორად, იცოდა მხოლოდ ყიფიანი, სხვებს კი იმახსოვრებდა იერით, სათამაშო ხერხებით, გოლებით, გვარების გამო კი ამბობდა, ჩემს დროს ასეთი გვარები არ იყოო. დიდი ბებია თავადიშვილი გახლდათ, თანაც იმერელი, ფეხბურთის არსში დიდად ვერ ერკვეოდა, მაგრამ საოცრად უყვარდა ტელერეპორტაჟების ყურება. უხაროდა, როცა ისინი, რომელთა გვარები არ ახსოვდა, რუსებს ამარცხებდნენ. დიდი ბებია, თავისი ოდნავ ბრაზიანი რუსულით გვიხასიათებდა ჩვენს ფეხბურთელებს…

ეს წერილი დინამოელი მცველის შოთა ხინჩაგაშვილის შესახებაა.

იყო დრო და იყო მშვენიერი კლუბი თბილისის დინამო თავისი რთული ცხოვრებითა და დაუვიწყარი გამარჯვებებით. ეს იყო კომუნისტური ეპოქის ბოლო ათწლეული, რომლის მიწურულსაც აღესრულა კიდეც დიდი ბებია, კომუნისტების მიერ აგრერიგად ტანჯული, ბედს შეგუებული დიდი ბებია, ალბათ, ოთხმოცი, ან სულაც ასი წლისა. ეგებ ბევრს ვლაპარაკობ ბებიაზე, ვისთან ერთადაც არაერთხელ მიყურებია ტელერეპორტაჟი, მაგრამ სარედაქციო დავალების მიღებისთანავე მიქელაძეთა შთამომავალი ბებია გამახსენდა.

ერთხელ დიდმა ბებიამ ეკრანისკენ თითი გაიშვირა და რუსულად იკითხა:

– ამას რა ჰქვია?

ვუთხარით.

– კარგი ბიჭია. როგორ იცის იმათი ამბავი, სულ მოგებულია, წაგებულიც მოგებულია, მოტყუებულიც გეომება. ნახე, როგორ წააქცია. შენ იცი, ადრე ოფიცრობა იყო ასეთი…

არ ვიცი რატომ, დიდი ბებიის არცთუ ჩამოქნილი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ წამოსროლილი აზრი დინამოელი (იმხანად განაპირა) მცველის შესახებ, სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში და მაშინ, როცა ფეხბურთი ნამდვილ, დიდი სიყვარულად მექცა და არა ტელეგართობად, შოთა ხინჩაგაშვილს ყოველთვის ისე ვუყურებდი, დიდმა ბებიამ რომ აღწერა. მის თამაშსა და ბრძოლაში ყოველთვის ამ უცნაური ქალის აზრები ჩანდა.

შოთა ხინჩაგაშვილის კარიერის საუკეთესო წლები ნოდარ ახალკაცის დინამოში მოიაზრება. იმ შემადგენლობის დინამო ისევე იყო ხინჩაგაშვილისა, როგორც ყიფიანის, გუცაევის, ჩივაძის, კოსტავასი და სხვათა. ხინჩაგაშვილი ისევე იყო დინამოს სახე, როგორც სულაქველიძე და შენგელია. უფრო სწორად, ის არ იყო ერთი რომელიმე ფეხბურთელი მშვენიერი გუნდისა – ის სახელი იყო. სახელი და საიმედო კედელი, მკვიდრად, თითქმის სამუდამოდ ნაშენი.

ერთხანს საბჭოთა ნაკრებშიც თამაშობდა, ნიკიტა სიმონიანის არცთუ ძლიერ და შთამბეჭდავ გუნდში, თუმცა, მის კარიერაში სანაკრებო კვალი არამც და არამც არ იყო მთავარი. ხინჩაგაშვილი უფრო საკლუბო ფეხბურთელი იყო, მოთამაშე, რომელიც ისე გრძნობს თავს საკუთარ კლუბში, როგორც თევზი წყალში. ის დინამოსთან შეზრდილ მოთამაშედ აღიქმებოდა. თუმცა, ის ეპოქა, დღევანდელისგან განსხვავებით, სავალდებულო და ალალი ერთგულების დრო იყო, თუმცა შეზრდილი არცთუ სწორი და მორგებული ტერმინია.

შოთა ხინჩაგაშვილი გუნდის მშვიდად ყოფნის გარანტი გახლდათ. უმისოდ (და ტრავმები დიახაც რომ აწუხებდა) მონასტერი ხშირად არეულა. როგორი გახსოვთ იგი? ალბათ, ასე: ჩვენი სტადიონი, რა თქმა უნდა, დინამო უტევს, რა თქმა უნდა, ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოს შორიახლოს ტრიალებს. შენც ამ ბურთს, კომბინაციის მსვლელობას ადევნებ თვალს, მაგრამ არ იქნება, წამიერი მოდუნების ჟამს შენი ნახევრისკენ არ გამოაპარო თვალი – ცენტრალურ წრეში მარტო დგას ფეხბურთელი. თითქოს შემთხვევით დარჩენილა. აქ დგას, არცკი მოძრაობს, ფეხს თუ მოინაცვლებს და ეგაა. ერთი შეხედვით არაფერში მონაწილეობს და მოშორებით მიმდინარე თამაშს ადევნებს თვალს. სწორედ ეს კაცია შოთა ხინჩაგაშვილი – გუნდის ზურგი.

გაგახსენდება ცნობილი სათამაშო შეძახილი: ფრთხილად, ბოლო კაცი ხარ!

პირდაპირ არა და სიმბოლურად უნდა გავიგოთ ეს შეძახილი. ეს არის შეძახილი სიფრთხილისა და უკანასკნელი იმედისა. როცა გუნდი უტევდა, ხინჩაგაშვილი ცენტრალურ წრეში იდგა და გაცვეთილი სიტყვათშეთანხმება რომ ვიხმაროთ, თამაშს კითხულობდა. თამაშის მკითხველ ფეხბურთელს გულშემატკივარი ყოველთვის ამჩნევს. რადგან, თამაშის კითხვა ამოცანის ზუსტად ამოხსნას გულისხმობს. ხინჩაგაშვილმა ეს იცოდა. ის ფიქრიანი მკითხველი იყო და რახან მომზადებული ფეხბურთელი გახლდათ, პასუხიც უმრავლეს შემთხვევაში ზუსტი ჰქონდა. მცველის შრომა თვალნათლივი და ლამაზია, თუ, რა თქმა უნდა, ოსტატობა არ გიმტყუნებს, ამ მხრივ კი ხინჩაგაშვილს წუნი არ დაედებოდა. მრავალწლიან კარიერაში მას იმდენი რამ ესწავლა და ისე კოხტად მოერგო დინამოს თამაშისთვის, რომ ამის აღმწერ სიტყვად ერთი მოკლე და მეტყველი რამ – კლასი გამოდგება.

სადად თამაშობდა, ფაფხურისა და არცთუ ლამაზი მიხრა-მოხრის გარეშე. ბუნებას დაეჯილდოებინა  ჩამოქნილი, გამოკვეთილი მოძრაობებით. იერით ტიპიური სამოცდაათიანელი იყო, მაღალი, ხმელი, წელგამართული, ღია ფერის წამოზრდილი თმითა და თხელი ულვაშით. ხისტი და ზუსტი იყო ორთაბრძოლებში, ისე ჩაუწვებოდა ხოლმე მოწინააღმდეგეს, რომ… პოზიციურად თითქმის უცდომელი, ჭკვიანი ჩამჭრელი და ჩამშლელი. აქ ჩამოთვლა არ არის მთავარი. მთავარი ძლიერი ზურგია. საიმედო მეტად პატარა სიტყვაა.

ბევრს ეხსომება: თასების თასის საპასუხო ნახევარფინალში, ფეიენოორდის წინააღმდეგ, ხინჩაგაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო. იმ დღეს მსაჯობა (ავსტრიელი ვებერი) უსამართლო იყო, მაგრამ დინამომ გაძლო და ორი მატჩის ჯამში ფინალში გავიდა. სიხარულის და იმ უნამუსო ავსტრიელის დამარცხებით შობილ სიამაყეს ერთგვარ ხიფათს უქმნიდა ხინჩაგაშვილის ყვითელი – ეს ბარათი, ტურნირში რიგით მეორე, დიუსელდორფში ჩასვლას უკრძალავდა დინამოელთა ზურგს. გულშემატკივრები ძალიან შიშობდნენ ჩვენი დაცვის ორგანიზებულობის გამო. არა იმიტომ, რომ ნოდარ ხიზანიშვილი ვერ გასწევდა მძიმე ჭაპანს, არამედ იმიტომ, რომ ოსტატობასთან ერთად ხინჩაგაშვილი მაინც რჩებოდა დაცვის მთავარ ორგანიზატორად, დინამოს საჯარიმოს კლიტედ.

იმ წლების წყვილი – ხინჩაგაშვილი-ჩივაძე ძალიან ძლიერი, თავისებური და შეხამებული რამ გახლდათ. სამწუხაროა მხოლოდ, რომ სანაკრებო დონეზე ამ წყვილმა ფრთები ვერ გაშალა. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ: ჩივაძე, თავისი მასშტაბურობით, შეტევის დაუცხრომელი სურვილით, გოლებით, ამავდროულად, ჩამშლელის საუცხოო თვისებებით და ხინჩაგაშვილი თავისი დაცვის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხითა და პროფესორის წოდებით. ეს საუცხოო წყვილი იყო – ლამაზი და ძლიერი. ჩივაძემ იცოდა, რომ მის გვერდით გაუტეხელი და მძლავრი კაცი იდგა. ეს, რა თქმა უნდა, ხელ-ფეხს უხსნიდა მსოფლიოში განთქმულ ვარსკვლავს, სხვანაირად „რუსეთის პასარელას“. ხინჩაგაშვილმა კი იცოდა, რომ ჩივაძე სწორედ ასეთი იყო საჭირო. ამიტომ, ის იდგა ცენტრალურ წრეში. იდგა და კითხულობდა თამაშს. მას ყოველთვის ჰქონდა პასუხი.

შოთა ხინჩაგაშვილი ვერ გამოვიდა რაინშტადიონის მინდორზე, მან ვერ ითამაშა მატჩი, რომლისკენაც მთელი ცხოვრება მიდიოდა. იმ შეხვედრის ტელერეპორტაჟის ხილვისას იყო წამები, როცა გულშემატკივრებს ახსენდებოდათ სრულიად კონკრეტული მიზეზების გამო. დაცვის რამდენიმე ეპიზოდის ხილვისას ვიღაცას აღმოხდებოდა: „შოთა უნდა, შოთა“. შოთა კი არ იყო.

გარეგნულად თითქმის ყოველთვის მშვიდი იყო, მაგრამ ისიც ფაქტია – მისი სამუშაო უაღრესად ნერვიული გახლდათ. ეხუმრები? ამდენ წელიწადს, უცვლელად იყო სამხრეთული გუნდის დაცვის საქმეთა გამრიგე. ამდენ ხანს, ამდენი პრობლემებით, საუკეთესო წლებშიაც კი დინამოელთა დაცვა ლიბერალიზმით სცოდავდა. ამიტომ იყო, რომ ხინჩაგაშვილს ჰქონდა აფეთქებები, ბარათებით არცთუ უხვ წლებში მას მოედნიდანაც კი გააძევებდნენ ხოლმე. ამ დროს ის უხეშიც იყო და უკანაც არაფერზე დაიხევდა.

თვალნათლივი ეპიზოდი ამგვარი აფეთქებისა, ციურიხიდანაც გვახსოვს. დინამოს ევროგათამაშება გრასჰოპერსმა დაატოვებინა. შინ 1:0 და გასვლაზე 0:4. ციურიხული შეხვედრის მსაჯი, ფრანგი კიტაბჟანი გრასჰოპერსს მეოთხედფინალისკენ ეწეოდა. თუმცა, არც ისე იყო საქმე, რომ დინამოელებმა კარგად ითამაშეს. ხინჩაგაშვილის ყვითელი ბარათი უმალ წითლად გარდაისახა, რახან შოთამ მსაჯს ხელი აუკრა და ბარათი ხელიდან გააგდებინა. ამ ეპიზოდის დასასრულს აღარ გავიხსენებთ. და მით უმეტეს, ვარშავის ბლოკისა და ნატოს დაძაბული ურთიერთობის გამოც ვიტყვით ორიოდ რამეს. საფეხბურთო ჟარგონი რომ მოვიშველიოთ, ასე გამოვა: ხინჩაგაშვილმა თავად „გაიჩალიჩა“ ეს ბარათები. იერით მშვიდი, ჩანს, მართლაც ძალიან განიცდიდა უსამართლობას. საკვირველია მხოლოდ, რომ ფეიენოორდის წინააღმდეგ უკვე ყვითელი ბარათით დასჯილმა წითელიც არ გამოსტყუა მსაჯს, თორემ მსაჯთან საკამათო იმ თამაშში იმდენი იყო, რომ ათ შეხვედრას ეყოფოდა. მაგრამ ეს სხვა დრო იყო – უკვე გამოცდილს მშვენივრად ესმოდა, მოედნის დატოვება გუნდს დაღუპავდა.

ისე კი, ნებისმიერი სადავო ეპიზოდისას, შეტევა იქნებოდა თუ დაცვა, ერთ-ერთი პირველი მიეჭრებოდა მსაჯს. ასეთი მშვიდი და ფეთქებადი. თუმცა კი, ამგვარი რამ იშვიათობა იყო იმიტომ, რომ ხინჩაგაშვილის აფეთქება მეორეხარისხოვანი რამ რჩებოდა მის თამაშთან შედარებით.

ის ოფიცერი იყო. დიდი ბებია მართალს ამბობდა, რადგან ყველაფერი ენახა და ყველაფერი იცოდა. ასეთების წასვლა ძალიან ეტყობა ხოლმე გუნდს. დღეს იოლია, წავა კაცი და მის ადგილს ახალნაყიდი ფეხბურთელი იჭერს. შეცვლა მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი გამოდის. მაგრამ ისეთ დროს და ისეთ საფეხბურთო სისტემაში, ხინჩაგაშვილს რომ მოუწია თამაშმა, ასეთი თითქმის შეუძლებელი იყო.

ეგებ სტატისტიკოსები გამომედავონ კიდეც, მაგრამ ხინჩაგაშვილის ფეხბურთიდან წასვლა მე დრამატულად მახსოვს:

თბილისში ნაპოლი ჩამოვიდა. გუნდს დიადი ჰოლანდიელი რუუდ კროლი კაპიტნობდა, თავდასხმას კი მარადონას მეგობარი და საუცხოო პარტნიორი, არგენტინელი რამონ დიასი ლიდერობდა. ხინჩაგაშვილი თამაშობდა, ოღონდ ტრავმით. დინამო ის აღარ იყო, რაც წლინახევრის წინათ, მაგრამ ეს არ იყო ხელწამოსაკრავი დინამო. ხინჩაგაშვილს აუცილებლად უნდა ეთამაშა და ითამაშა კიდეც, ოღონდ პირველ ტაიმშივე შეცვალეს. ის დიასს შეებრძოლა, თავისი ცნობილი „პადკატი გაჭიმა“. მძიმე სამუშაო იყო ტრავმირებული, ოცდაათს გადაცილებული, წლობით უცვლელად მოთამაშე მცველისთვის. ეს „პადკატი“ უკანასკნელი იყო – ხინჩაგაშვილი კოჭლობით გავიდა მოედნიდან. მის ნაცვლად ამირან ანდღულაძე გამოიყვანეს. ასე დამთავრდა კარიერა.

ეგებ იყო სხვა თამაშებიც. ეგებ კვლავ დაბრუნდა და გაიბრძოლა (სტატისტიკოსები ალბათ გვეტყვიან), მაგრამ ეს მისი უკანასკნელი თამაში იყო. გავიდა ისე, როგორც დაჭრილი ოფიცრები ტოვებდნენ კამპანიას. ის სამოცდაათიანი წლებიდან მოდიოდა. ეგებ, ჩასაფიქრებელიც იყოს, ოთხმოციანების ვარსკვლავთან ჭიდილში გამოეთხოვა ფეხბურთს.

თუკი ოდესმე შეიქმნებოდა თბილისის დინამოს საფეხბურთო ენციკლოპედია, რომელშიც მოკლედ დაახასიათებდნენ ყოველ დინამოელს, მე ასე დავახასიათებდი შოთა ხინჩაგაშვილს: „მცველი. კარიერაში ერთადერთხელ გაიტანა გოლი და ისიც იაშინის კარში. თუკი ოდესმე თბილისის დინამო იპოვის მცველს, რომელსაც ბოლომდე და დაუნანებლად მიანდობს საკუთარი საჯარიმოს კლიტეებს, ეს კაცი ხინჩაგაშვილს უნდა ჰგავდეს. ის ყოველთვის თამაშობდა – ნატკენი ფეხით, გახეთქილი შუბლით, მას შეეძლო საჯარიმოდან თავურით გამოეტანა საშინელი კუთხური, აწეულიყო ორმეტრიან თავდამსხმელებზე მაღლა. მას შეეძლო, არ წამოგებოდა სწრაფ და გრძელფეხება მოწინააღმდეგეთა მოძრაობებს და შეეძლო, დაევიწყებინა მოედანი, თამაში და უბრალო შეჯიბრი, როცა აფეთქდებოდა ხოლმე. ის იყო ზურგი, სიმტკიცე და კედელი – ფეხბურთისთვის შობილი კაცი, რომელიც საკუთარ ნახევარს განაგებდა“.

…დიდი ბებია ბრძენი ქალი იყო, მისი სიტყვები კი – უშეცდომო. ალბათ, ამიტომაც დამამახსოვრდა. ძველ დროში ნაწვალებმა ბებიამ არაფერი იცოდა ფეხბურთისა, თუმცა უყვარდა იგი გულუბრყვილოდ და ალბათ იმიტომ, რომ ქართველები რუსებს ამარცხებდნენ. საოცარი ბებია იყო, რუსულად ლაპარაკობდა და ხინჩაგაშვილს ოფიცერი უწოდა.

ამ წერილს რომ ვწერდი, ვიფიქრე: „მაგარი ვინმე იყო დიდი ბებია! ხინჩაგაშვილი ხომ მართლა ოფიცერი გახდა“.

აი, მისტიკური ნათქვამი. მაგრამ ბებიამ არაფერი იცოდა ფეხბურთის არსისა, უბრალოდ, ის საოცრად ხედავდა ადამიანებს.

1999 წლის 4 თებერვალი

 

წილი
წინა სტატიადინამო პათეტიკის გარეშე. Vol.1: პლეხანოველი პროლეტარები
შემდეგი სტატიავინ არის ცოცხალი კედელი?
Avatar
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.