ცოტა ხნის წინ დამთავრებულმა ევროპის ჩემპიონატმა საქართველოში ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ ყველამ ტელევიზორი ააციმციმა და ათასნაირი ახალი სახელი და გვარი დაიმახსოვრა. შავიერიო, მპენზაო, დელვეკიოო… ამ ადამიანებს შორის ბევრს  ფეხბურთთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია, ბევრი მივიწყებულს იხსენებდა და ბევრმაც კოლუმბივით ახალი კონტინენტი აღმოაჩინა. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მივიჩნევთ განვმარტოთ რამდენიმე ტერმინი, რომელიც ზოგმა შეიძლება ვერ გაიხსენა და ზოგსაც მისი მნიშვნელობა აინტერესებს.

ოქროს გოლი – გოლი, რომლის შემდეგ მტკიცდება, რომ დინო ძოფს ფეხბურთში არაფერი გაეგება, ხოლო იტალიის ნაკრებს სჭირდება ახალი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც მოწინააღმდეგის თავდამსხმელს ბურთი ფეხზე მოხერხებულად არასდოს მოაჯდება.

კატენაჩო – სათამაშო სისტემა, რომლის მიმდევარმა გუნდმა ექვს თამაშში ექვსჯერ უნდა შეუტიოს, ექვსივე შეხვედრა 1:0 მოიგოს და ჩემპიონი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დინო ძოფს ფეხბურთში არაფერი გაეგება.

თამაშგარე მდგომარეობა – მდგომარეობა, რომელსაც განიცდის ინგლისელი ფანი თამაშის დროს, დილის 8-9 საათიდან სიცხეში ლუდის სმის შემდეგ.

თერთმეტმეტრიანი – საგანი, რომლის სიგრძე, სიგანე ან სიმაღლე 11 მეტრია (იხ. პენალტი)

პენალტი – ჰოლანდიური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ილეთი, რომელიც ხალხში ემოციას იწვევს. (ევრო 2000-ის ნახევარფინალში, სათამაშო დროსა და მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში ჰოლანდიის ნაკრებმა ხუთი პენალტი ვერ გაიტანა)

პატრიოტიზმი – სპორტული მნიშვნელობით: ის, რასაც განიცდიან ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები რუმინეთთან თამაშის შემდეგ, როდესაც ტელევიზორს რთავენ და იგებენ, რომ წააგეს და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

შეტევა – თამაშის ხერხი, რომელსაც ნორვეგიის ნაკრები არ იყენებს.

ცოცხალი კედელი – ჰოლანდიელი ფეხბურთელი იაპ სტამი.

წითელი ბარათი – ფეხბურთში კორიდიდანაა გადმოტანილი. პატარა, წითელი ნაჭერი, რომელსაც მსაჯი რუმინელ გეორგე ჰაჯის უფროალებს, ის კი პასუხად რქენას ცდილობს.

ფინალი – (იხ. ნახევარფინალი, მეოთხედფინალი, ჯგუფური ეტაპი) ადგილი, სადაც ლუქსემბურგი, მალტა, ლიხტენშტაინი, ანდორა, ფარერის კუნძულები და საქართველო კიდევ კარგა ხანს ვერ მოხვდებიან.

მეოთხე მსაჯი – არბიტრი, რომელიც ესპანელების მწვრთნელს ამშვიდებს, როდესაც ის ლამაზად შლის ხელებს.

პაპუნა კედია

P.S. შენ დაუკარ, ლურჯი ჩიტი გამოფრინდება

2000 წლის 12 ივლისი

 

წილი
წინა სტატიაოფიცერი
შემდეგი სტატიასველი მიმოხილვა
პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.