დროში მოგზაურობა ალბათ ყველა ბავშვის ოცნებაა, ფეხბურთი კი ისე ითვისებს სივრცეებს, ეს ოცნება კიდევ უფრო მძაფრდება. ბავშვობაც ისეთია, ზოგჯერ ძალიან დიდ ხანს გრძელდება, ღრმა მოხუცებულობამდეც კი და ის წარმოსახვა, რასაც დროში მოგზაურობის სურვილი იწვევს, არასდროს არ ნელდება.

რადგან დინამო 20-იან წლებში შეიქმნა, მეც ძალიან მომინდა იმ დროში მოგზაურობა. არსებობს ძველი წიგნები, ცნობარები, რომლებიც  წარმოსახვის გასამდიდრებლად ერთობ სასარგებლოა, მაგრამ დროში სამოგზაუროდ ალბათ, არასაკმარისი. წიგნების გარდა არსებობენ ისტორიკოსები, კიდევ ძველი ხალხი, რომლებიც ჰყვებიან ამბებს, ანუ იმას, რაც გადმოცემით არის ცნობილი. მეც ამ ყველაფერს მოვუყარე თავი 20-იანი და მომდევნო წლების ავან-ჩავანისთვის.

1921 წელს მენშევიკური მთავრობა ბოლშევიკებმა დაამხეს და საქართველომაც დაჰკარგა სამი წლით მოპოვებული დამოუკიდებლობა. თბილისში მაშინ დაახლოებით 100 ათასი კაცი ცხოვრებდა, გაჭირვება იყო, ბევრს პალტო არ ჰქონდა ზამთრის თბილად გასატარებლად და ქუჩაში შარფშემოხვეული პიჯაკით  გამოდიოდა. 1925 წლამდე ხალხს პანტა-პუნტით აპატიმრებდნენ. რეჟიმი მძვინვარებდა.

სპორტი სამოყვარულო იყო. ჩამოდიოდნენ ფეხბურთელები თურქეთიდან, მუშათა კოლექტივები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ეთამაშებოდნენ ჩვენი დედაქალაქის  გამორჩეულ გუნდებს. თბილისში ბურთს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აგორებდნენ, ანუ გაღმა, ახლანდელ დიდუბეში და პლეხანოვზე. ტანვარჯიშის სექციები თბილისში მენშევიკური პერიოდიდან გაჩნდნენ, მერე კი სხვა ენთუზიაზმმა გადასძალა – ფეხბურთი. სპორტის ამ სახეობისთვის თბილისში დასავლეთ საქართველოდანაც მოდიოდნენ, ეწყობოდნენ ინსტიტუტებში და ფაბრიკა-ქარხნებში, ხდებოდნენ უწყებრივი გუნდების  ფეხბურთელები და სარგებლობდნენ პრივილეგიებით, მაგალითად, უწყებრივი გუნდის ფეხბურთელს დღეში ერთი პურით ასაჩუქრებდნენ, რაც იმ დროისთვის ცოტა ნამდვილად არ იყო.

ფეხბურთის  განვითარებაზე კომუნისტური პარტია ზრუნავდა და ხელს უწყობდა უწყებრივი გუნდების შექმნას, თუმცა  საბჭოთა კავშირში გუნდები მხოლოდ კომპარტიის ნებით როდი იქმნებოდნენ, ამის საუკეთესო მაგალითი ალბათ მოსკოვის „სპარტაკია“. იმპერიის დედაქალაქში ახლაც არის ასეთი რაიონი – პრესნენსკაია. სწორედ იქ იყო განლაგებული ბევრი ქარხანა 20-იან წლებში და მუშებმაც თვითონ დაარსეს საფეხბურთო კლუბი მოსკოვის ამ გარეუბანში. ამ საქმის მოთავე ნიკოლაი სტაროსტინი ყოფილა. მოგვიანებით „სპარტაკი“ პროფკავშირის გუნდი გახდა, თუმცა მისი შექმნის ისტორიიდან გამომდინარე ის არ ითვლებოდა მაინცდამაინც უწყებრივ კოლექტივად, ალბათ, ამიტომაც შეარქვეს „სპარტაკს“ სახალხო გუნდი.

მთავრობის პოლიტიკა იყო ფეხბურთის განსაკუთრებულად მომძალვრება ორ უწყებაში – თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში. სახელმწიფო მეტწილად ამ უწყებებზე იდგა და ეს ხაზი სპორტშიც უნდა გაევლოთ. ცედეკა და დინამო – მოსკოვში ეს გუნდები დაწინაურდნენ და ასე უნდა ყოფილი მოძმე რესპუბლიკებშიც.

ერთი საინტერესო ამბავიც – მოგვიანებით, 30-იან წლებში თბილისში „ლოკომოტივი“ მოღონიერდა. რკინიგზას სერგო ორჯონიკიძის ძმა, პაპულია თავკაცობდა და ნიადაგ ცდილობდა, „ლოკომოტივი“ რესპუბლიკის საუკეთესო გუნდი გამხდარიყო,  საკავშირო პირველობაზე გასასვლელად „დინამოსთვის“ ეჯობნა, თუმცა მთავრობამ ამის ნება არ მისცა, მერე კი პაპულია დააპატიმრეს და დახვრიტეს, ცხადია, არასაფეხბურთო დანაშაულისთვის.

20-იან წლებში თბილისის საუკეთესო გუნდებში არმიელები თამაშობდნენ, მაგარი გუნდი ჰქოლია „ოფიცერთა სახლს“, იყო სხვა ძლიერი სამხედრო კოლექტივებიც, „დინამო“ კი თითქოს თავის დროს ელოდებოდა და ხელისფლების შემწეობით მოღონიერდა კიდეც 1925 წელს – კლუბში ანდრო ჟორდანია მიიწვიეს და რესპუბლიკის საუკეთესო საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება დაავალეს. მაშინ ისე იყო, რომ გუნდის მწვრთნელად  კაპიტანი ითვლებოდა. ჟორდანიაც „დინამოს“ კაპიტნად აირჩიეს. გადმოცემით ცნობილია, რომ ‘დინამოს“ პირველი კაპიტანი ბორია ფროლოვი გახლდათ 1924 წელს. უწყებრივობიდან გამომდინარე, „დინამოში“ თამაში შეეძლო ნებისმიერ ჩეკისტს, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირსაც, ეს იშვიათად ხდება, არცთუ დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მატჩებში. გადმოცემით ისიც ცნობილია, რომ „დინამოში“ რამდენჯერმე ლავრენტი ბერიასაც უთამაშია ინსაიდის პოზიციაზე.

სიღარიბის დასაძლევად იმ პერიოდში შეიქმნა ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (ნეპ – აბრევიატურა რუსულად), ანუ ხალხს ნება დართეს მცირე საწარმოების დასაქოქად. გაჩნდა შესაძლებლობა, ქვეყანაში ახალი სოციალური ფენის შესაქმნელად. ზოგმა ამას ალღო კარგად აუღო და გაჩნდნენ მოფულიანებული მოქალაქეებიც, რამაც უკვე ტენდენციის სახე მიიღო და კომპარტიამაც ნეპ – ი შეაჩერა: რევოლუცია იმისთვის არ მომხდარა, რომ ისევ მდიდართა კლასი გაბატონებულიყო.  ერთი სიტყვით, იმ პერიოდში კერძო საფეხბურთო კლუბების შექმნის პერსპექტივა გადაიწურა.

20-იან წლებში დაიწყო ინდუსტრიალიზაცია და ხუთწლედები, თბილისში მუშა ხელიც ბლომად ჩამოდიოდა, მოწინავე საფეხბურთო გუნდებშიც ბევრი რუსი ფეხბურთელი თამაშობდა. გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ ცნობით, 1923 წელს თბილისში 65 საფეხბურთო გუნდი არსებობდა, აქედან 13 კომკავშირის ყოფილა.  საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბუდუ მდივანი ამასთან დაკავშირებით მოხდენილად ხუმრობდა – მარქსმა  თქვა, პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდითო, მაგრამ ის კი არ უთქვამს, პროლეტარებო ყველა ქვეყნისა თბილისში შეერთდითო. ის პატრიოტი კომუნისტი იყო, უკლონისტების მეთაური, ამხანაგი ბუდუ და მისი მეგობრები დახვრეტებს ხელს არ აწერდნენ, თვითონ  კი 1937 წელს დახვრიტეს. მოკლედ, უკლონისტებმა თავისი ვერ გაიტანეს და თბილისშიც ბევრი რუსი ჩამოვიდა, რუსები „დინამოშიც“ ბევრნი იყვნენ: მცველი ფროლოვი, მეკარე ა.პოპკოვი, ნახევარმცველი ა.ანიკინი… ანდრო ჟორდანია თავის წიგნში წერს კიდეც, რომ „დინამოში“ თავიდან რუსები ჩვენებურებზე უკეთ თამაშობდნენ, მონდომება კი საერთო ყოფილა, დინამოელები დღეში 6-8 საათს ვარჯიშობდნენო.

1926 წლიდან, მეტწილად არაქართველი ფეხბურთელებით დაკოპლექტებული „დინამო“ უკვე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქების გუნდებს ეთამაშებოდა, ჩვენს „დინამოს“ უკვე სხვა საბჭოთა რესპუბლიკებშიც იცნობდნენ. პლეხანოვზე მობურთალი „დინამო“ 1926 წელს ტურნეში გამეგზავრა რუსეთ-უკრაინაში, 18 მატჩიდან 11 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 2 წააგო. მომდევნო წელს შეიქმნა „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდიც.

რა თქმა უნდა, წამოვიდნენ ისეთი ფეხბურთელებიც, განსაკუთრებული ილეთებით რომ აწონებდნენ თავს გულშემატკივარს. „დინამოში“ თამაშობდა თავდამსხმელი ცომაია, ის თურმე „დანიური დარტმით“ ყოფილა განთქმული – მაღალი ბურთს თავს არ შეუშვერდა, ზურგსუკნიდან ამოჰკარვა ქუსლს და ასეთნაირად შეასრულებდა გადაცემას. ძალიან ფასობდა მცველის მოტყუება და კარში ჭვინტით დარტყმაც – ეს საფეხბურთო ოსტატობის საუკეთესო ნიმუშად ითვლებოდა.

„დინამო“ მალევე შეუსისხლხორცდა თბილისს და მთლიანად საქართველოს. როცა 1926 წელს საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ტურნირზე ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის, „დინამოდან“ ყველაზე მეტი, ექვსი ფეხბურთელი მიიწვიეს: ცომაია, ქოიავა, ბლანკმანი, ანიკინი, ფიოდოროვი და გალპერინი.

შსს-ს (მაშინდელი შინსახკომი) და ჟორდანიას ხელში „დინამო“ საქართველოს მთავარ გუნდად ჩამოყალიბდა და უკვე რიგიანად ემზადებოდა  საერთაშორისო სარბიელისთვის. წინ კი 30-იანი წლები იყო, უფრო რთული და სასტიკი.

ხალხის მტრები, მათი დაპატიმრება და დახვრეტა – ამ ყველაფერმა უკვე საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა მაღალი პარტიული ელიტიდან  გლეხობამდე. თბილისის „დინამოში“ არაერთი ჩეკისტი ირიცხებოდა და ზოგი მონაწილეობდა კიდეც ეგრეთ წოდებულ აბლავებში. მაგალითად, გუნდის კაპიტანი შოთა შავგულიძე. საქმე მოითხოვდა, რომ ესა თუ ის დინამოელი  ბურთის დევნის გარდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამსახურშიც რეალურად ჩამდგარიყო. იყო კარგი ამბებიც – აშენდა „დინამოს“ სტადიონი, დაიწყო სხვა დიდი მშენებლობებიც, ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა და ეს ყველაფერი ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდებოდა. მისი დინამოც ისე მიიწევდა წინ, რომ ფეხბურთი ყველაზე მოდურ სპორტად იქცა საქართველოში. ჩეკისტი კაპიტანი შავგულიძე კი ნაადრევად დაიღუპა ტვინში სისხლის გაჟონვით.

„დინამოში“ გამოჩნდნენ ახალი კუმირები. გვაჩი ჯორბენაძე თურმე მოხდენილად ასრულებდა „მაკრატელას“ მაშინაც კი, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობდა, ვალოდია ბერძენიშვილი ოსტატურად არტყამდა პენალტს, ყველა აალაპარაკა ბორის პაიჭაძემ…ფეხბურთი უკვე მოდა იყო თავისი აქსესუარებით. თბილისის ეზოებში მომრავლდნენ სამტრედეები, განსაკუთრებით მოზარდებს ჰყვარებიათ ამ ფრინველების მოშენება. „დინამოს“ თამაშის დღეს მაშინდელი თინეიჯერები მტრედებს უბეში ისვამდნენ და  მიემართებოდნენ სტადიონზე, „დინამო“ გოლს რომ გაიტანდა, მტრედს უბიდან ამოაძვრენდნენ, ააფრენდნენ და სტადიონის ცარგვალიც ასეთნაირად ლამაზდებოდა. ეს მაშინდელი ფეხბურთის ერთგვარი ესთეტიკა იყო და უცნობია, საიდან შემოვიდა ჩვენში. მტრედები კი სტადიონიდან თავიანთ სამტრედეში ბრუნდებოდნენ.

ერთგვარი და იდუმალი ესთეტიკა იყო ისიც, რომ დინამოელთა მეკარე დოროხოვი მწვანე მაისურსა და შორტს იცმევდა. მაშინ ყველა მეკარე შავოსანი გახლდათ, დოროხოვი კი –  გამონაკლისი. ვინ იყო ასეთი სურამში დაბადებული და დიდუბეში გაზრდილი  დოროხოვი, ვისაც სმა ჯორჯ ბესტივით ჰყვარებია? ქართული და საბჭოთა პრესა დოროხოვს ძალიან აქებდა, კარგი მეკარეც არის და რიგიანი მცველიც, მთელი გუნდის დაცვას ეგ დირიჟორობსო – ასეთი შინაარისის იყო დოროხოვის ქება. ის ალბათ მეკარეც იყო და ლიბეროც, ასე სჩანს საბჭოური გაზეთებიდან.

30-იანი წლების დასაწყისში თბილისში ჩამოვიდნენ მუშათა პროფკავშირების გუნდები გერმანიიდან და ინგლისიდან, აქედანაც მიდიოდნენ უცხოურ ტურნეებში, მაგალითად, ამიერკავკასიის ნაკრები გაემგზავრა სკანდინავიაში და თან იახლა თბილისელი დინამოელებიც: დოროხოვი, შავგულიძე, ბერძენიშვილი და ანიკინი. კავკასიელებმა სკანდინავიიდან დაუმარცხებლელბი დაბრუნდნენო, წერდა საბჭოთა პრესა.

„დინამოს“ სტადიონის მშენებლობა 1936 წელს დასრულდა, იქამდე გუნდს არ ჰქონია ბალახსაფრიანი მოედანი. სტადიონი 30 000 კაცს იტევდა. ის წელიწადი იმითაც არის საინტერესო, რომ თბილისში და მთლიანად ამიერკავკასიაში პირველად მოეწყო მწვრთნელთა სემინარი კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემით. სემინარს ჟიულ ლიმბეკი ხელმძღვანელობდა. დანამდვილებით არავინ იცის მისი ეროვნება, უნგრული წარმოშობის ფრანგი, რომელიც ფეხბურთს უნგრეთში და ავსტრიაში თამაშობდა, მწვრთნელობა თურქეთში დაუწყია, საფრანგეთში გაუგრძელებია და „დინამომდე“ უკრაინაში ჩასულა. ეს მოხეტიალე კაცი ბერიას ჩვენებურ „დინამოში“ მოუყვანია 1936 წელს, თუმცა ლიმბეკი თბილისში დიდი ხნით არ გაჩერდა, ერთი წლის შემდეგ მოსკოვურ „ლოკომოტივს“ მიაშურა. ერთ-ერთი რუსული წყაროს ცნობით, ლიმბეკს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები აუჯანყდნენ, დიდ ფიზიკურ დატვირთვებს გვაიძულებსო და ამ მიზეზით დაუტოვებია მას საქართველო. ბასკი ფეხბურთელები რომ ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირში და მოსკოვის „ლოკომოტივს“ ბდღვირი ადინეს, ლიმბეკი იქიდანაც დაითხოვეს, ევროპელი სპეციალისტი ხარ და ბასკების ტაქტიკასა და სტილს ალღო როგორ ვერ აუღეო. იმის აქეთ ლიმბეკზე ცნობები არ მოიპოვება. ასე იყო თუ ისე, ძველ წიგნებში სწერია, რომ ინგლისელების მოგონილი W სისტემა საქართველოში პირველად სწორედ ლიმბეკმა იქადაგა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში პირველად 1936 წელს გაიმართა, 27 გუნდი 4 ჯგუფად დაჰყვეს, ტურნირში ძირითადად ქალაქის ნაკრებები მონაწილეობდნენ, „დინამო“ რანგით მეორე ლიგაში, შვიდგუნდიან  ბ ჯგუფში მოხვდა, 6 მატჩი მოიგი, ერთი ფრე ითამაშა და უმაღლეს, ა ჯგუფში აღზევდა. უმაღლეს ლიგაში (მაშინ ა ჯგუფი ერქვა) ჩვენმა „დინამომ“ პირველი მატჩი კიევის „დინამოსთან“ ითამაშა. შეხვედრა 2:2 დასრულდა. ჩვენებურთაგან გოლები სომოვმა და პაიჭაძემ გაიტანეს. იმავე წელს სექტემბერში „დინამომ“ საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების მეოთხედფინალიდან მოსკოვის „სპარტაკი“ გამოთიშა, ფინალში კი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ წააგო. ჩემპიონატში „დინამომ“ მე-3 ადგილი დაიკავა და მთელ საბჭოეთში გაითქვა სახელი, ჩვენებს „დიდი ურუგვაელები“ შეარქვეს ათლეტური აღნაგობის და გამორჩეული ტემპერამენტის გამო.

ამ პერიპეტიების მერე იყო ბასკონიის ნაკრების ტურნე საბჭოთა კავშირში. ბასკების საქართველოში სტუმრობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ჩვენბურები ბასკებს ორჯერ ეთამაშნენ და ორჯერვე დამარცხდნენ – 0:2 და 1:3.  ძველებურად თამაში აღარ შეიძლება, ჩვენმა გუნდებმა W სისტემა კარგად უნდა დახვეწონ – ამას ჩიოდა თურმე ქართველი და მთლიანად საბჭოთა ხალხების საფეხბურთო გულშემატკივარი.

1939 და 1940 წელს დინამო ზედიზედ ორჯერ გავიდა მეორე ადგილზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში.  ომამდე ჩემპიონობას მხოლოდ მოსკოვური გუნდები –  „დინამო“ და „სპარტაკი“ –  ზეიმობდნენ, ასე სურდა ამხანაგ სტალინს. ასე ხდებოდა ომის შემდეგაც – ყოველთვის მოსკოვური გუნდები იგებდნენ ტიტულს და ასე იყო სტალინის გარდაცვალების მერეც, ტრადიცია მხოლოდ 60-იანი  წლებიდან  დაირღვა…

წილი
შემდეგი სტატიაოფიცერი
დავით თავართქილაძე
საყვარელი გამოთქმა - შემთხვევითი ხალხი პროფესიულ ფეხბურთში საყვარელი ფეხბურთელი - რუმენიგე, რომელთანაც ფეხბურთი ითამაშა საყვარელი პერსონაჟი - ფიზკულტურის ხორცმეტი დოლაბერიძე