ოთხმოცდაათიანი წლები იყო. სადარბაზოებში შპრიცები ეყარა, უშუქობაში ვიღაცები ერთმანეთს ესროდნენ. „სარბიელის“ რედაქციაში, ისევე როგორც მთელ თბილისში, დამწვარი ნავთის სუნი იდგა – „ფუჯიქსით“ ვთბებოდით. მოულოდნელად, ვიღაც ბიჭი შემოვიდა, გაგვეცნო და თქვენგან არაფერი მინდა, რაღაც უნდა მოგიყვეთო, გვითხრა. გაგვიკვირდა. როგორც წესი, მომსვლელებს რამე უნდოდათ ხოლმე. ბიჭმა კი თავისი ამბავი გვიამბო:
საოპერაციო ვიყავიო. თურმე, რაღაც სერიოზული სჭირდა. თან, ექიმებს უთქვამთ, რომ მისი ორგანიზმისთვის საერთო ნარკოზი არ შეიძლებოდა. ან ტკივილისთვის უნდა გაეძლო ან… და ბიჭმა „სარბიელები“ მოითხოვა. თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ, მე კი „სარბიელს“ წავიკითხავო, უთქვამს ქირურგისთვის.
– მერე? – დავიძაბეთ ჩვენ.
გაგვიღიმა. როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ და… დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთო.
მოყვა და წავიდა. აღარ გამოჩენილა. არც ვიცით, ვინ იყო ან ახლა სად არის…
ჩვენ კი სარბიელი ვართ! ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საამაყო!
ვამაყობთ იმით, რომ შრომა არასდროს დაგვზარებია. რედაქციაში „ვცხოვრობდით“, ვათენ-ვაღამებდით. ქუჩებში ავტომატის კაკანი რომ ისმოდა, ჩვენ, რამდენიმე ათასი კაცი ერთგული მკითხველი გვყავდა. ვხუმრობდით, კიოსკებთან მოკლე გადარბენებით მიდიან, „სარბიელს“ ყიდულობენ და შინ მოკლე გადარბენებითვე ბრუნდებიანო. თავადაც ასე დავდიოდით სამსახურში. ტრანსპორტი არ იყო, ამიტომ რედაქციაში ფეხით მივიჩქაროდით – ნაძალადევიდან, დიდუბიდან, დიღმიდან, ვაკიდან, ზემო ვერიდან, საბურთალოდან… ჩვენ „სარბიელში“ მისვლა და საქმის კეთება გვიხაროდა!
„სარბიელი“ მკითხველთან ყოველთვის გულწრფელი იყო!
„სარბიელი“ ყოველთვის კრძალვით ეკიდებოდა მის უდიდებულესობას, ქართულ ენას!
„სარბიელი“ ყოველთვის პატივს სცემდა პროფესიონალიზმს, თავისას თუ სხვისას!
ახლა ვინღა გაიხსენებს იმდენ წვრილმანსა თუ მსხვილმანზე გვითქვამს ერთმანეთისთვის სიამაყით: საქართველოში ეს პირველებმა ჩვენ გავაკეთეთ!
„სარბიელი“ ყოველთვის ცდილობდა თემა, რომლის გაშუქებასაც იწყებდა, ბოლომდე მიეყვანა.
„სარბიელზე“ კოლეგებს უთქვამთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ სპორტული გაზეთი და მისთვის სპორტი ამოსავალი წერტილი გახლდათ.
და ბოლოს, „სარბიელი“ დიდი სამეგობრო იყო. ის დღესაც ასეთად რჩება!
☑ ქაღალდზე არსებობის 18 წლის განმავლობაში „სარბიელის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა რეპორტაჟები ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის ასზე მეტი ქალაქიდან.
☑ 1993 წლიდან მოყოლებული „სარბიელი“ ატარებდა ქართველი სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად.
☑ 1994, 1995 და 1996 წლებში „სარბიელმა“ სამჯერ მოაწყო წლის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენი გამოკითხვაც.
☑ 1995 წლიდან რაგბიში თამაშდებოდა „სარბიელის“ სინი – ნებისმიერი გუნდი საქართველოს ჩემპიონატის მატჩში სთავაზობდა „სინის“ მფლობელს მის გათამაშებას, ასე ვთქვათ, გამოწვევას უგზავნიდა და გამარჯვების შემთხვევაში ეპატრონებოდა მას.
☑ 1994 წლიდან „სარბიელი“ რეგულარულად მონაწილეობდა „ფრანს ფუტბოლის“ ყოველწლიურ გამოკითხვაში – ევროპის (და შემდგომ მსოფლიოს) საუკეთესო ფეხბურთელის, „ოქროს ბურთის“ ლაურეატის გამოსავლენად.
☑ 1996 წლიდან „სარბიელი“ თანამშრომლობდა ევროპის ძიუდოს კავშირთან, მონაწილეობდა კონტინენტის საუკეთესო ქალი და კაცი ძიუდოისტის გამოვლენაში.
☑ 1998 წლიდან „სარბიელი“ მონაწილეობდა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოველწლიურ გამოკითხვაში წლის საუკეთესო ქალი და კაცი მძლეოსნის გამოსავლენად.
☑ 2000 წელს გაზეთი წერდა: „კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიბა) კი „სარბიელი“ საქართველოს მოსახლეობასთან შუამავლად არჩია. ფიბა ყოველწლიურად აწყობს ევროპის ვარსკვლავთა მატჩს, „ევროსტარზს“, რომლის მონაწილეებსაც საყოველთაო-სახალხო გამოკითხვის შედეგების მიხედვით ასახელებს. ასე რომ, „ევროსტარზის“ გუნდის დაკომპლექტებაში „სარბიელის“ მკითხველსაც მიუძღვის წვლილი“.
☑ 2001 წელს სარბიელმა წლის საუკეთესო სპორტული გამოცემის პრიზი – ოქროს კალამი მიიღო. საუკეთესი სპორტულ ჟურნალისტად სარბიელელი მერაბ რატიშვილი დაასახელეს, საუკეთესო ფოტორეპორტაჟის ავტორად კი ავთანდილ გურასაშვილი აღიარეს.
☑ 2000-2002 წლებში გამოდიოდა ჟურნალი „სარბიელი“.
☑ 2016 წლიდან სარბიელი FIFA-ს პარტნიორია ყოველწლიურ გამოკითხვაში საუკეთესოთა გამოსავლენად.
„სარბიელს“ ბევრჯერ გამოუქვეყნებია კრიტიკული წერილი, მაგრამ ადამიანის ღირსება ფეხქვეშ არასდროს გაუთელავს, რადგან „სარბიელისთვის“ ღირსება უმთავრესია!
2017 წლიდან „სარბიელმა“ ინტერნეტში გადაინაცვლა.